საქართველოს
კალათბურთის ფედერაციის გამგეობამ, ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტთან შეთანხმების
შემდეგ, 2012 წლის 10 ოქტომბრის დადგენილებით,
საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეს,
ბესიკ ლეჟავას, 2011 წლის 8 მაისს მიღებული
დისკვალიფიკაციის ვადა (2013 წლის 1 იანვრამდე) შეუმცირა 2012 წლის 10 ოქტომბრამდე.
ლეჟავას დისკვალიფიკაცია
(საქართველოს ჩემპიონატის მატჩში მსაჯის ფიზიკური შეურაცხყოფა) ვრცელდებოდა საქართველოს
კალათბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებზე და არ ვრცელდებოდა სხვა ქვეყნების
ეროვნული ფედერაციების და ფიბა ევროპის ეგიდით (საქართველოს ნაკრების მატჩები) გამართულ
შეჯიბრებებზე.
ბესიკ ლეჟავამ
საქართველოს კალათბურთის ფედერაციას მიმართა წერილით, სადაც კიდევ ერთხელ მოინანია
ჩადენილი საქციელი და ითხოვა დისკვალიფიკაციის ვადის შემცირება.
იმის გათვალისწინებით, რომ ლეჟავა ინციდენტის დღიდან
იყო საკუთარი საქციელის მიმართ ნეგატიური და თვითკრიტიკული, აგრეთვე იმის გამო, რომ
მან დაიცვა ქვეყნის ინტერესები და თავისი წვლილი
შეიტანა საქართველოს ნაკრების ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრაში,
ფედერაციის გამგეობამ 2 თვითა და 20 დღით შეუმცირა ლეჟავას დისკვალიფიკაციის ვადა და
მონაწილეობის ნება დართო ფედრაციის ეგიდით გამართულ შეხვედრებში.