საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

გალერეა 

საქართველო ევროპის ჩემპიონატზეა!

იგორ კოკოშკოვის გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და
შესაბამისად, არანაირ მეორეადგილოსანთა რბოლაში არ ჩაერთო – ქართველებმა
ევრობასკეტის საგზური პირდაპირი წესით მოიპოვეს.

სათქმელია, რომ საქართველოს ნაკრების პირველობას ხელი შეუწყო უნგრეთის
ჩეხებთან გამარჯვებამ. რომ არა ეს შედეგი, ქართველები მეორე ადგილზე გავიდოდნენ და
ბურთების დადებითი შეფარდების გათვალისწინებით მაინც მოიპოვებდნენ ევრობასკეტის
საგზურს, თუმცა მადიარებმა მებრძოლი სული გამოავლინეს და ჩეხები დაამარცხეს.

უნგრეთს მოგების ფრიადი მიზეზი ჰქონდა. 17 ქულით გამარჯვების
შემთხვევაში ჯგუფში მეორე ადგილზე გადიოდა და უნდა ითქვას, რომ სტოიან
ივკოვიჩის გუნდს ამ მიზნამდე მცირედი დააკლდა. მადიარებმა კეჩკემიტში 83:68
დაამარცხეს ჩეხები, თუმცა ჯგუფში სასურველ მეორე ადგილს მაინც ვერ შესწვდნენ.

სანამ უნგრეთის გამარჯვების ამბავი თბილისში ჩამოაღწევდა,
საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი დასრულდა, რომელშიც იგორ კოკოშკოვის გუნდმა
71:59 დაამარცხა მეტოქე. ქართველებს პორტუგალიელთა უბრალოდ დამარცხება
სჭირდებოდათ, მეორე ადგილი რომ გაენაღდებინათ, თუმცა დამაჯერებელი თამაშის
წყალობით ჩვენმა ბიჭებმა 12 ქულით იმარჯვეს და პორტუგალიას, რომელმაც 17 აგვისტოს
საკუთარ მოედანზე გვარიანად გვანერვიულა, შანსი არ დაუტოვეს.

საქართველოს ნაკრებში ყველა კალათბურთელმა კარგად ითამაშა, მაგრამ განსაკუთრებულად
ზაზა ფაჩულია და ვიქტორ სანიკიძე გაისარჯნენ. ზაზამ ისტორიული მატჩი ჩაატარა – მას
ერთადერთი პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 31 წუთში
15 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. სანიკიძის ანგარიშზე 20 ქულა და 8 მოხსნა
დაგროვდა. ვიქტორმა მიმდინარე საკვალიფიკაციო ტურნირში საუკეთესო მატჩი ჩაატარა –
ის დღევანდელ შეხვედრაში ქართველების ერთ-ერთი ლიდერი იყო.

3 სამქულიანი ჩააგდო სნაიპერობის გზაზე მდგარმა დუდა სანაძემ,
რომელმაც შეხვედრა 14 ქულით დაასრულა. შესანიშნავად გაისარჯა ბექა ბურჯანაძე,
რომელმაც შენგელიას არყოფნაში თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და საბოლოოდ თავი 8
ქულას მოუყარა.

 

1.

საქართველო

6

4/2

454/430

10

2.

ჩეხეთი

6

4/2

446/400

10

3.

უნგრეთი

6

4/2

402/376

10

4.

პორტუგალია

6

0/6

353/449

6

 

ზაზა ფაჩულია: (საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი): ემოციებით ვართ
სავსე, გილოცავთ ყველას. მნიშვნელოვანი თამაში იყო და თან რთული. მოგეხსენებათ,
ტრავმირებულთა რიცხვს თორნიკე შენგელიაც დაემატა და სხვა გზა არ გქვონდა,
ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა გამარჯვებისთვის და ასეც მოხდა. რა თქმა უნდა, იქ
იყო პატარა შეცდომები, კარგად დავიწყეთ თამაში, მეორე პერიოდში ენერგია მოგვაკლდა,
თუმცა მეორე ტაიმიდან მოვიკრიბეთ ძალები და შეხვედრა ჩვენთვის სასარგებლოდ
დავასრულეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დაასრულებ თამაშს, ვფიქრობ, შეხვედრის
სასურველ ნოტზე დასრულება მოვახერხეთ და ზედიზედ მესამედ გავედით ევროპის
ჩემპიონაზე. ყოველთვის ვიტყვი – ამაყი ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. არავის არ
ეგონოს ადვილი, ძალიან რთული ბოლო 2 თვე გვქონდა. გარედან ყველაფერი არ ჩანს,
თუმცა ბედნიერები ვართ, რომ როგორც ჩვენ გვსურდა, ისე დამთავრდა ყველაფერი. ყველას
მოვუწოდებ მომავალი ევორობასკეტისთვის უკვე ბილეთების შეძენა დაიწყონ.

კოტე ტუღუში: (საქარველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): პირველ რიგში,
წარმატებით დავასრულეთ შესარჩევი ციკლი და უკვე ხვალიდან ევროპის ჩემპინატზე
ვიწყებთ ფიქრს. როგორც მწვრთნელი და როგორც გულშემატივარი, ერთ რამეს ვისურვებდი,
რომ ჩვენი გუნდის ყველა წევრი მომავალ წელს, ევროპის ჩემპიონატისთვის ჯანმრთელი
იყოს . ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ ღმერთის წყალობით ჯანმრთელად ვიქნებით, წინა
ევროპის ჩემპიონატებთან შედარებით ბევრად უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ. ამის გვჯერა და
ამისთვის ვიბრძოლებთ.