საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თასის გათამაშების კენჭისყრას კალათბურთის ფედერაციამ უმასპინძლა

თასის გათამაშების კენჭისყრას კალათბურთის ფედერაციამ უმასპინძლა

დღეს, კალათბურთის ფედერაციის ოფისში საქართველოს თასის გათამაშების კენჭისყრა გაიმართა. სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურნირის პლეი ოფში გუნდები კენჭისყრის შედეგად დაწყვილდნენ, რომელსაც სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ზაბახიძე, ფედერაციის გამგეობის წევრი ნოდარ ქორქია და სუპერლიგის გუნდების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კენჭისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

ნახევარფინალში ქუთაისი – ბათუმისა და დინამო – ოლიმპს შორის გამარჯვებულები შეხვდებიან. მეორე ნახევარფინალში კი რუსთავი – მარნეულსა და კაკტუსი – მგზავრების წყვილებს შორის მოგებულები ითამაშებენ.

ტურნირი ოლიმპიური სისტემით ჩატარდება და მასში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. გუნდები თასის გათამაშებაში სუპერლიგის 2 წრის შედეგების გათვალისწინებით მოხვდნენ. საქართველოს თასზე ბოლოადგილოსანი „სოხუმის“ გარდა, სუპერლიგის ყველა გუნდი იასპარეზებს.

კენჭისყრისას გუნდები 2 კალათაში განითესნენ. ერთში სუპერლიგის მოწინავე 4 გუნდი: ქუთაისი, დინამო, რუსთავი და კაკტუსი, ხოლო მეორეში – მომდევნო ოთხი – ბათუმი, ოლიმპი, მგზავრები და მარნეული. პლეი ოფის ყველა ეტაპზე მოგებული ერთი მატჩით გამოვლინდება. მეოთხედფინალში მოედნის უპირატესობა ექნებათ პირველ კალათაში განთესილ გუნდებს, ხოლო ნახევარფინალში და ფინალში სუპერლიგის 2 წრის შემდეგ ცხრილში შედარებით მაღლა მყოფ გუნდებს. 

მეოთხედფინალური შეხვედრები 14-15 თებერვალს გაიმართება, ხოლო ნახევარფინალები – 20 და 21 მარტს. თასის გათამაშების ფინალური მატჩის ჩატარების თარიღი მოგვიანებით დადგინდება.

გიორგი ზაბახიძე – სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი:

წლევანდელ თასის გათამაშებაში სუპერლიგის 8 გუნდი იღებს მონაწილეობას. გუნდებს ვუსურვებ წარმატებას და იმედია, მიუხედავად იმისა, რომ ერთთამაშიანი პლეი ოფის სისტემით ტარდება, საინტერესო თამაშები იქნება. ვინ გახდება თასის მფლობელი, ამ ეტაპზე რთული სათქმელია, რადგან, საკმაოდ თანაბრად და საინტერესოდ მიმდინარეობს ეროვნული ჩემპიონატი. მეოთხედფინალები, რა თქმა უნდა, დაძაბული იქნება. გუნდები უკვე მესამე წრეში გადავიდნენ და, შესაბამისად, მათი მომზადების ხარისხი სულ უფრო მაღლა იწევს.