სუპერლიგის მე-7 ტურის ბოლოსწინა მატჩი, რომელშიც ერთმანეთს “ოლიმპი” და “ვერა” შეხვდნენ, დასრულდა. დიმიტრი ჯაკობოვის, დავით როგავასა და დიმიტრი ვაჭარაძის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა 9-ქულიანი, თუმცა გაუსაჩივრებელი გამარჯვება მოიპოვეს და წარმატებული სერია 4 მატჩამდე გაიგრძელეს.
არადა, “ოლიმპმა” ჩემპიონატი 2 მარცხით დაიწყო და ცხრილის ფსკერზეც გახლდათ, დღეს კი, 4 მოგებითა და 2 მარცხით ლიდერთა შორისაა. ანალოგიური შედეგი აქვს “დინამოს” და “ბათუმს”, ხოლო პირველზე მყოფ თსუ-ს 5 მოგების წილ 2 წაგება გააჩნია.
პირველი ტაიმი მწირექულიანი გამოდგა: ოლიმპელებმა 36:30 მოიგეს, თუმცა მესამე პერიოდიდან სამიზნე გაისწორეს და ძირითადად 3-ქულიანების ხარჯზე მოიპოვეს ხელჩასაჭიდი უპირატესობა, რომელიც მატჩის ბოლომდე წარმატებით შეინარჩუნეს. მიმდინარე სუპერლიგაში ყველაზე მეტი – 13 სამიანი აქამდე “ქუთაისმა” (თსუ-ს წინააღმდეგ) ჩააგდო, ოლიმპელებმა კი დღეს ვერელებს 15 სამქულიანი ჩაუგდეს, რითაც ახლოსაც არ მიიკარეს. თავად “ვერასაც” არ უსვრია ცუდად – პერიმეტრიდან 10-ჯერ რიხეირა, თუმცა კორი ჰოლდენის, დევიონ ტერნერის, რეზო როგავას, კახა ჯინჭარაძის და აკაკი ფიფიას ჯამურად მითვლილი 15 სამქულიანს რას გადაფარავდნენ.
მთლიანობაში, ოლიმპმა ძალიან სწრაფი და გააზრებული კალათბურთი ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა. გუნდს 23 ქულით, 6 პასითა და 6 მოხსნით კახა ჯინჭარაძემ ულიდერა. 12 ქულა კორი ჰოლდენმა, ხოლო 11-11 – დევიონ ტერნერმა და რეზო როგავამ მიითვალეს. “ვერაში” 16 ქულითა და 10 პასით გივი ბაქრაძე გამოირჩა, 14 ქულა და 7 მოხსნა ვახტანგ ქადარიას ანგარიშზეა.
სუპერლიგის მე-7 ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს “რუსთავი” და “ბათუმი” შეხვდებიან.
ვერა – ოლიმპი
სტატისტიკა: 73:82