სემინარის დაწყებამდე რიჩარდ სტოკსმა სასტუმრო რედისონში პრესკონფერენცია გამართა

დღეს სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის, კალათბურთის მსაჯთა კავშირისა და ფიბა-ევროპას ერთობლივი სემინარი დაიწყო. 

ქართველი მსაჯები, კომისრები, მსაჯ-მდივნები და მწვრთნელები ფიბა-ევროპის მსაჯთა და საშეჯიბრო დეპარტამენტების დირექტორისგან პროფესიული ზრდისთვის აუცილებელ სემინარებს მოისმენენ. ღონისძიებაზე დასასწრებად აზერბაიჯანიდან სპეციალურად რამდენიმე მსაჯი და კომისარი ჩამოვიდა.
 სემინარის დაწყების წინ მედიის წარმომადგენელთათვის პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა გახსნა და სიტყვა ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს გადასცა:
– წლეულს სლოვენიაში ევროპის ჩემპიონატი იმართება, სადაც ქართველი არბიტრიც იმსაჯებს. ამასთან, რიჩარდ სტოქსის ჩამოსვლა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ გვეხმარება მსაჯების პროფესიული ზრდის საქმეში. იმედი მაქვს, მისი სამდღიანი სტუმრობა ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს.
 
რიჩარდ სტოქსმა ხაზი გაუსვა, რომ სიამოვნებით აკვირდება ბოლო წლებში ქართული გუნდების წინსვლას საერთაშორისო სარბიელზე…
– ჩემი ჩამოსვლის მიზანია, ფედერაციას კიდევ უფრო დავეხმარო მსაჯობის დონის ამაღლებაში და ხელი შევუწყო ახალი კადრების მოძიებასა და ზრდაში. საჭიროა არამხოლოდ რამდენიმე საერთაშორისო დონის არბიტრის ყოლა, არამედ შიდა რესურსიც სათანადოდ უნდა იყოს გამოცდილი. მსაჯებზე ბევრი რამაა დამოკიდებული. თუ არბიტრები სათანადოდ ვერ მოემსახურებიან, ვერც თამაში გამოვა კარგი. მჯერა, რომ აღნიშნული სემინარები ნაყოფიერი იქნება როგორც საერთაშორისო კატეგორიის მქონე ქართველი არბიტრებისთვის, ასევე ადგილობრივი არბიტრებისთვის, კომისრებისთვის, მდივნებისა და მწვრთნელებისთვის.
 პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ რიჩარდ სტოკსის სემინარი დაიწყო, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატების მომსახურე ყველა მსაჯი და კომისარი, ასევე მსაჯ-მდივნები დაესწრნენ. სემინარი ხვალ სასტუმრო „რედისონში“ გაგრძელდება და მას ქართველი მწვრთნელებიც დაესწრებიან, ხოლო ოთხშაბათს, სუპერლიგის მორიგ ტურზე, რიჩარდ სტოკსი ქართველ მსაჯებს საქმეში ნახავს და მათი მუშაობის ანალიზსს გააკეთებს.
 ხვალ, 26 მარტს, 12 საათზე, რიჩარდ სტოქსი კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეს, თამაზ თევზაძეს შეხვდება.