შსს-აკადემია ჩემპიონია! (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

შსს-აკადემია ჩემპიონია! (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

 სუპერლიგას ახალი ჩემპიონი ჰყავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს
აკადემიის გუნდმა ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში 86:80 დაამარცხა „ოლიმპი“ 

და პირველად, არსებობის 5-წლიან ისტორიაში ქვეყნის უმთავრესი ტიტული პირველად მოიგო.

 გადამწყვეტ მატჩამდე გუნდებმა 2-2 მატჩი მოიგეს და ყველაფერი
სერიის ბოლო, გადამწყვეტ მატჩზე იყო დამოკიდებული, რომელსაც უკეთესად მომზადებულები
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიელები შეხვდნენ. ბერძენი სპეციალისტის, გეორგის
კეცელიდისის გაწვრთნილმა „შსს-აკადემიამ“ საჩემპიონო მატჩი საბოლოოდ 6 ქულით მოიგო,
თუმცა შეიძლება ითქვას, რომ „ოლიმპს“ ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა – იქნება ეს
სწრაფი თამაში, ფარქვეშა ორთაბრძოლა, სროლათა პროცენტულობა თუ საბრძოლო შემართება.

 ეს ბოლო კომპონენტი გამოდგა გადამწყვეტი, რადგან შსს-ელთა
სხვა სათამაშო კომპონენტებში წარმატება სწორედ საბრძოლო შემართების, მობილიზების და
გამარჯვებისკენ სწრაფვის შედეგია. კეცელიდისის გუნდმა ლიდერობა თავიდანვე რომ მოიპოვა,
მეტოქე ერთხელაც არ გაუშვია წინ. „ოლიმპმა“ მატჩის პირველი ბურთი ჩააგდო და 2:0 დაწინაურდა,
რის შემდეგაც კირკ არჩიბეკის დიდებული თამაშის წყალობით აკადემიელებმა 10:0 გაქცევა
მოაწყვეს და როგორც ვთქვით, უპირატესობას თამაშის ბოლომდე ფლობდნენ.

 პირველი მეოთხედი შსს-მ 25:15 მოიგო. სტთა ცენტრი პერიმეტრზე
აიწია და სამქულიანი ნიშნულის სიახლოვედან ორქულიანებს წარმატებით ისროდა. უკანა ხაზიდან
აქტიურობდა დეონტა ვონი, რომელიც ზუსტ გარღვევებსაც ახორციელებდა და შორი, თუ საშუალო
დისტანციებიდან წარმატებით ლაშქრავდა ოლიმპელთა ფარს.

 მეორე ტაიმი აკადემიელთა 8-ქულიანი უპირატესობით განახლდა.
მესამე პერიოდი გარდამტეხი გამოდგა. თავიდან „შსს-აკადემია“ 12 ქულით დაწინაურდა (56:44),
თუმცა დარენ მურის სამქულიანის და სტეფან მილოშევიჩის სედეგიანი ფარქვეშა თამაშის წყალობით
ოლიმპელებმა 9:0 გაქცევა მოაწყვეს და ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს – 53:56. შსს-ს
მწვრთნელმა წუთშესვენება აიღო და მოედანზე დაბრუნებულმა აკადემიელებმა თამაში გამოასწორეს.
ბენჟამინ რეიმონდმა, რომელიც მანამდეც შედეგიანად თამაშობდა, ოლიმპელებს ფარქვეშ პრობლემები
შეიქმნდა. რეიმონდის ათამაშებამ საქმე გაუიოლა კირკ არჩიბეკს და შსს-მ გადამწყვეტი
მეოთხედის წინ 8-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს – 62:54.

 ბოლო პერიოდში ოლიმპელებმა მეტოქეზე კიდევ ერთხედ მიიტანეს
იერიში და დარენ მორისა და მიხეილ ბერიშვილის შედეგიანი თამაშის წყალობით, თამაშის
დასრულებამდე 6 წუთით ადრე ჩამორჩენა კვლავ 3 ქულამდე შეამცირეს – 62:65. აკადემიელებმა
უპირსატესობა მაინც არ დათმეს. ილია ლონდარიძის, არჩიბეკის და ვასილის კუნასის ქულებით
„შსს-აკადემიას“ ლიდერობამ კვლავ 10 ქულას მიაღწია და დარჩენილ დროში ოლიმპელებს წარმატების
შანსი გადაეწურათ.

 ჩემპიონებს 22 ქულით და 12 მოხსნით კირკ არჩიბეკმა ულიდერა.
21 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა ბენჯამინ რეიმონდმა, დეონტა ვონის ანგარიშზე კი 17 ქულა
დაგროვდა. 8-8 ქულით აკადემიელებს მერაბ ბოქოლიშვილი და ილია ლონდარიძე შეეშველენ.
„ოლიმპის“ შემადგენლობაში 25 ქულით და 7 მოხსნით სტევან მილოშევიჩი გამოირჩა,
17-17 ქულა დააგროვეს დარენ მორმა და მიხეილ ბერიშვილმა.

 სუპერლიგის სეზონი 29 მაისს ფინალისტების სასუპერთასო
მატჩით დასრულდება: „შსს-აკადემია“ და „ოლიმპი“ ერთმანეთს  სეზონის ბოლო ტიტულს შეეცილებიან.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
გეორგის კეცელიდისი(შსს აკადემია):  პირველ რიგში, ვულოცავ ჩემს გუნდს და ასევე მადლობას
ვეტყვი მეტოქე გუნდის მწვრთნელს, ბატონ გია კაზანჯიანს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მასთან
თამაში ყოველთვის მსიამოვნებს და მას დიდ პატივს ვცემ. ძალიან რთული სერია გამოვიდა,
მივულოცავ ბიჭებს, ისინი ჩემთვის მოთამაშეებზე მეტნი არიან, შვილებად იქცნენ, მათი
შრომის დამსახურებაა, რომ თასის და სუპერლიგის ჩემპიონები გავხდით. როგორც იცით, საბერძნეთიდან
ვარ და იქ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელთაც ჩემი წარმატება უხარიათ, დიდ მადლობას
ვეტყვი ბარძოკას ,,ოლიმპიაკოსიდან’’, პედულაკისს ,,პანათინაიკოსიდან’’  და რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ კაციკარისს.
მინდა ეს გამარჯვება ყველა ბერძენ მწვრთნელს მივუძღვნა.  განსაკუთებით მივულოცავ ჩემპიონობას ილია ლონდარიძეს,
რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანი და ნამდვილი კაპიტანია, არა მხოლოდ მოედანზე, არამედ
მოედნის გარეთაც და ეს ყველაფერში ჩანდა. ვთვლი, რომ ნამდვილად იმსახურებდა ნაკრებში
გამოძახებას. რაც შეეხება ჩემს საქართველოში დარჩენას, ახლა საბერძნეთში უნდა დავბრუნდე,
სადაც ოჯახი მელოდება. დაბრუნებაზე არ მაქვს ჯერ გადაწყვეტილება მიღებული,  სავარაუდოდ ძნელი იქნება აქ დარჩენა. თუმცა ჩემთვის
ძალიან დიდი პატივი იქნებოდა ეროვნულ ნაკრებში, მათ შორის ასაკობრივ ნაკრებებში, თუნდაც
ასისტენტად ყოფნა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით 
შემოთავაზებები არ მიმიღია.
გია კაზანჯიანი(ოლიმპი): მივულოცავ
,,შსს აკადემიას’’ გამარჯვებას, ღირსეულმა გაიმარჯვა, დღეს ჩვენზე ბევრად ძლიერები
იყვნენ, თავიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვეს, ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ, 3-ქულამდე დავიყვანეთ
სხვაობა, თუმცა ძალები აღარ გვეყო, რომ წინ გავსულაიყავით. ძალიან სამხუაროა, რომ ასეთი
წარმატებული სეზონის ბოლოს ფინალურ სერიაში დავმარცხდით.  იცით, რომ ჩვენი თამაში აწყობილია მილოშევიჩზე,
დღეს კი არჩიბეკმა მას ტოლი არ დაუდო, წამყვანი მოთამაშეებიდან ვერ მივიღეთ დასაწყისში
კარგი თამაში. ძირითადში კი ჩვენი მარცხი იმან განაპირობა, რომ 3-წამიანი ზონიდან 50
ქულა მივიღეთ, ჩვენ კი მხოლოდ 34 ჩავაგდეთ. 
ასეთი თამაშით ვერც მოვიგებდით. მადლობას ვეტყვი ჩემს კლუბს და წარმატებას ვუსურვებ
მომავალში.
ილია ლონდარიძე(შსს აკადემია): პირველ რიგში,
მივულოცავ ჩემს გუნდს ამ გამარჯვებას და მადლობას ვეტყვი ,,ოლიმპს’’ ასეთი საინტერესო
სერიისთვის. ძალიან ბევრი ვიშრომეთ და შედეგი სახეზეა. მადლობა გეორგის კეცელიდის,
რომელმაც მთელი წელი არაფერი დაზოგა და ყველაფერი ჩადო ჩვენში, დიდი მადლობა კლუბის
პრეზიდენტს, მენეჯერს და ყველას, ვინც გვერდით გვედგა.
 ოლიმპი – შსს აკადემია 80:86