სტატისტიკა გალერეაVIDEO შინაგან საქმეთა
სამინისტროს აკადემიის გუნდმა მეოთხედფინალის მესამე მატჩი 103:77 მოუგო „სოხუმს“ და
სერიაში 2:1 დაწინაურდა. პირველი მატჩის წაგების შემდეგ კოტე ტუღუშის გუნდმა მობილიზება
შეძლო და ზედიზედ 2 შეხვედრა მოიგო.
მატჩი 2 განსხვავებული
ტაიმისგან შედგებოდა. პირველში სოხუმელებმა ტოლი არ დაუდეს მეტოქეს და მატჩის საწყისი
ნახევარი 41:39 მოიგეს. მეორე ნახევარი, უფრო სწორად კი მესამე მეოთხედი, სოხუმელთათვის კატასტროფული იყო. ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა ათწუთეული 18:38 დათმო
და ბოლო მეოთხედის წინ 18 ქულით ჩამორჩა.
10 წუთში 18 ქულის
აღმოფხვრა ეროვნული ნაკრების 5 წევრისგან დაკომპლექტებულ გუნდთან ურთულესი საქმეა და
ეს სოხუმელებმა ვერც მოახერხეს. საბოლოოდ,
აკადემიელებმა დამაჯერებელი სხვაობით იმარჯვეს და ნახვეარფინალს 1 ნაბიჯით
მიუახლოვდნენ.
„შსს-აკადემიაში“
22 ქულით საუკეთესო იყო გიორგი შარაბიძე, 17 ქულა მიითვალა ბექა წივწივაძემ, ხოლო ნიკა
მეტრეველის ანგარიშზე 16 ქულა და 14 მოხსნა დაგროვდა. სოხუმელთაგან 17 ქულით და 15
მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა გიორგი ჯგერენაიამ, 16 ქულით დაასრულა მატჩი გრიგოლ
შვანგირაძემ.
სერიის მე-4 მატჩი
ხვალ, 9 მაისს, სპორტის სასახლეში 14:00 საათზე გაიმართება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, გვქონდა საშუალება დაგვესვენა და ძალები აღგვედგინა.
მიუხედავად ანგარიშში სხვაობისა, ვთვლი, რომ კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გამოვიდა,
პირველი ტაიმი საკმაოდ დაძაბული და რადიკალურად
განსხვავებული იყო. ,,სოხუმმა’’ დიდი ბრძოლა გაგვიმართა. სერიის დასასრულებლად ერთი
მოგება გვჭირდება და მაქსიმალურად მოვემზადებით ხვალისთვის. ,,სოხუმისთვის’’ შემდეგი
თამაში ბოლო შანსია და კიდევ უფრო მეტად იბრძოლებენ. დღეს პირველ ნახევარში ბევრი სამიანი
მივიღეთ, ფარზეც გვაჯობეს და ამიტომ გვიგებდნენ თამაშს, მეორე ტაიმში შევძელით ამის
გამოსწორება და გავიმარჯვეთ. მადლობა მოწინააღმდეგეს კარგი თამაშისთვის.
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი):
ლოგიკური იყო ,,შსს აკადემიის’’ გამარჯვება, როგორც არაერთხელ აღმინიშნავს, ნაკრების
ბევრი წევრი ჰყავთ და ფავორიტებადაც ითვლებიან. კარგად დავიწყეთ, მაგრამ მესამე პერიოდი
იყო საშინელება. ბექაური გვაკლდა, ბააკაშვილი თვალის პრობლემის გამო ვერ იყო სათანადო
ფორმაში. ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არიან ბიჭები და არ ვიცი, ეს რისი ბრალია. ფაქტობრივად,
5-მა კაცმა ითამაშა, მართალია გარკვეული შეცდომები მსაჯებსაც ჰქონდათ, თუმცა თამაში
ჩვენ წავაგეთ. ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. შევეცდებით, ხვალ უკეთესად ვიასპარეზოთ.