სტატისტიკა გალერეა VIDEO
„შსს-აკადემიასა“
და „სოხუმს“ შორის მეოთხედფინალური სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა. ვაჟა კვარაცხელიას
გაწვრთნილმა სოხუმელებმა დღეს სამაგალითოდ იბრძოლეს, ბევრი სამქულიანიც ჩააგდეს და
საამაყო გამარჯვება იზეიმეს.
არადა, „შსს-აკადემიამ“
თამაში შედეგიანად დაიწყო და გიორგი ცინცაძის ლიდერობით პირველი მეოთხედი 26:20 მოიგო.
მეორე პერიოდიდან ვითარება შეიცვალა – სოხუმელებმა სამიზნე გაისწორეს და სამქულიანებით
ლიდერობა მოიპოვეს. ზუსტი სროლებით თავი ირაკლი ჩლაიძემ და გრიგოლ შვანგირაძემ გამოიჩინეს.
დიდ შესვენებაზე
სოხუმელები 7 ქულით იგებდნენ და მესამე მეოთხედში ლიდერობა არათუ დათმეს, არამედ 2
ქულით გაზარდეს. ბოლო პერიოდში აკადემიელებმა მეტოქეს ვერაფერი ვეღარ დაუპირისპირეს
– აკადემიელთა ყოველ მცდელობას სოხუმელები ზუსტი შორი სროლებით ახშობდნენ და თამაში
ისე ჩამთავრდა, ვითარება არც დაძაბულა. მაქსიმუმი, რაც კოტე ტუღუშის გუნდმა მოახერხა,
ჩამორჩენის 4 ქულამდე შემცირება იყო.
„სოხუმში“ 22
ქულით ბომბარდირი გახდა კამერუნელი ლეგიონერი პელე პეილეი. 20 ქულით და 10 მოხსნით
ორმაგი დუბლი მიითვალა გრიგოლ შვანგირაძემ, რომელმაც 9 ცდიდან 6 სამქულიანი ჩააგდო.
18 ქულა დააგროვა ირაკლი ჩლაიძემ, ხოლო ვატო ბააკაშვილმა – 11. „შსს-აკადემიაში“
17 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გიორგი შარაბიძემ მიითვალა, ბომბარდირი კი 22
ქულით გიორგი ცინცაძე გახდა.
სერიის მე-5,
გადამწყვეტი შეხვედრა 11 მაისს, სპორტის სასახლეში, 16:00 საათზე გაიმართება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი
მწვრთნელი): პირველ რიგში, მივულოცავ ,,სოხუმის’’ გუნდს გამარჯვებას. ჩემს გუნდს თამაშის დაწყებამდეც, გახურების დროსაც
და შესვენებაზეც ვაფრთხილებდი, რომ იმ მომზადების და მიდგომისთვის, რომლითაც დღეს გავიდნენ
მოედანზე, დავისჯებოდით და, სამწუხაროდ, მართალი აღმოვჩნდი. მითუმეტეს, ,,სოხუმის’’
წინააღმდეგ არ შეიძლებოდა ასეთი თამაში, 2-ჯერ მოვუგეთ დიდი სხვაობით, მაგრამ ორივეჯერ
აღვნიშნე, რომ არაფერი იყო დამთავრებული. ველოდებოდით, რომ ,,სოხუმი’’ იბრძოლებდა და
ასეც მოხდა. გამართლებაც არის ალბათ, მაგრამ საკმაოდ კარგი პროცენტით ესროლეს 3-ქულიანები,
ჩვენ კი ვერაფერი დავუპირისპირეთ ვერც გარედან და ვერც შიგნიდან.ბატონი ვაჟა ხშირად
აღნიშნავს, რომ ჩვენი გუნდი, ფაქტობრივად, ნაკრებია, თუმცა დღეს არც ერთი მოთამაშე
არ იყო ნაკრების წევრობის ღირსი. იმედი მაქვს, ხვალ დავისვენებთ, მოვახერხებთ გადამწყვეტ
თამაშში შეცდომების გამოსწორებას და ღირსეული გაიმარჯვებს.
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი
მწვრთნელი): დიდი მადლობა კოტეს, პროფესიონალია და პროფესიონალური
გუნდი ჰყავს. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კალათბურთი ხელოვნებაა. ჩვენ მებრძოლი
გუნდი ვართ, ეს ჩვენი ბოლო შანსი იყო და ბოლომდე
ვიბრძოლეთ, ყველაფერი გავაკეთეთ წარმატებისთვის. პლეი აუტისთვისთვის უფრო ვემზადებოდით,
მაგრამ დღეს იღბალიც დაგვეხმარა, 3-ქულიანების პროცენტიც ძალიან მაღალი გვქონდა. მადლობა
ჩემს ბიჭებს, დღეს ნამდვილი კალათბურთი აჩვენეს. მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, განსაკუთრებით,
მელიტონ ქანთარიას ქალიშვილს, ციალა ქანთარიას. დღეს 9 მაისია და ამ გამარჯვებას სიმბოლურად
მას მივუძღვნი.
გიორგი ჯგერენაია(,,სოხუმის’’ კალათბურთელი):
მადლობა ,,შსს აკადემიის’’ გუნდს, ჩემი აზრით, შემადგენლობით ყველაზე ძლიერი გუნდია.
მეორე მხრივ, ვერ დავეთანხმდები ჩვენს მწვრთნელს, რომ პლეი აუტისთვის ვემზადებოდით.
მიუხედავად ტრავმების, გადაღლის და კიდევ ბევრი პრობლემისა, რომელიც ჩვენს გუნდშია,
ყოველთვის მოსაგებად გავდივართ მოედანზე და ბოლომდე ვიბრძვით. წინა 2 თამაშში ეს არ
გამოგვივიდა, დღეს შეცდომები გავაანაზილეთ და ვფიქრობ, სეზონის საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ.
მე-5 თამაში ძალიან რთული იქნება და კიდევ უფრო უკეთ უნდა ვითამაშოთ, რომ შანსები გვქონდეს.