გუშინ, ქუთაისში დაწყებული სუპერლიგის მე-4 ტური დღეს თბილისში გრძელდება. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 4 მატჩიდან პირველი უკვე დასრულდა. “შსს აკადემია – ტიტებმა” “ბათუმს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 89:82 დაამარცხა.
ბათუმელებს 2 მოგების წილ 1 მარცხი ჰქონდათ, “ტიტებს” კი – პირიქით. მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო და ზღვისპირელებმა ერთხანს 13-ქულიან უპირატესობასაც მიაღწიეს, თუმცა მასპინძლებმა თამაში მალევე დაალაგეს და ძირითადად სწრაფი შეტევებით ჩაგდებული ბურთებით პირველი პერიოდის ბოლოს ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს.
მესამე მეოთხედი გარდამტეხი გამოდგა, რომელიც “ტიტებმა” 10 ქულით – 26:16 მოიგეს, 7 ქულით გალიდერდნენ და მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება დაიწყეს. ბათუმელები ცდილობდნენ წამოწევას და მეტოქესთან ყველაზე ახლოს (79:81) მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე მივიდნენ, თუმცა ეს იყო მათი მაქსიმუმი. “შსს აკადემია – ტიტებმა” ლიდერობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა და საბოლოოდ სეზონის მეორე გამარჯვება მოიპოვა.
“ტიტებში” შეუჩერებელი იყო ილია ლონდარიძე, რომელმაც სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და 30 ქულა და 5 პასი მიითვალა. 11-11 ქულა მოაგროვეს ბესო ლეჟავამ და როდერიკ მილსმა. “ბათუმში” 18 ქულით გამოირჩა შონ ჰილი, ხოლო 17-17 ქულა ნოდარ გოგოძემ და სპენსერ კოლინსმა მოაგროვეს.
შსს აკადემია-ტიტები – ბათუმი
სტატისტიკა: 89:82