სტატისტიკა
გალერეა VIDEO
სუპერლიგის ერთ
მატჩს უმასპინძლა დღეს თბილისის სპორტის სასახლემ. ამის მიზეზი კალენდრით გათვალისწინებული
ტურის ის იშვიათი შემთხვევა გახლდათ, როცა სუპერლიგის თამაშებმა ყველა რეგიონი მოიცვა.
გუშინ თამაშები ბათუმსა და ქუთაისში გაიმართა, დღეს კი თბილისსა და რუსთავში თითო შეხვედრა
ჩატარდება.
თბილისის სპორტის
სასახლეში ერთმანეთს „შსს-აკადემია“ და „მგზავრები-არმია“ შეხვდნენ. ეს გუნდები ცხრილში
საკმაოდ მოშორებით არიან – აკადემიელები ლიდერთა შორის არიან, ხოლო „მგზავრები-არმია“
აუტსაიდერია. ორივე გუნდმა ლეგიონერები დაიმატა, თუმცა დღევანდელ მატჩში არც ერთი მათგანი
არ ყოფილა. უცხოელები თბილისურ გუნდებს მოგვიანებით შეუერთდებიან.
რაც შეეხება მატჩს,
ის დიდად გამორჩეული არ ყოფილა. ფავორიტად მიჩნეულმა „შსს-აკადემიამ“ თავიდანვე რომ
მოიპოვა ლიდერობა, თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა. თან სხვაობა თანაბრად იზრდებოდა და
აკადემიელთა 5-8 ქულიზნი ჰანდიკაპი თამაშის მსვლელობის დიდ ნაწილში შენარჩუნებული იყო.
მგზავრებში მერაბ
ბოქოლიშვილი აქტიურობდა და აკადემიელებს წინ
გაჭრის საშუალებას არ აძლევდა. საბოლოოდ, ბოქოლიშვილი 20 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა,
თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ბოლო მეოთხედში „შსს-აკადემიამ“ კიდევ
უფრო გაზარდა ზეწოლა და საბოლოოდ ყველაზე დიდი სხვაობა ბოლოს დაფიქსირდა: კოტე ტუღუშის
გუნდმა „მგავრები-არმია“ 75:62 დაამარცხა.
გამარჯვებულთაგან
18-18 ქულით რევაზ როგავა და გიორგი შარაბიძე გამოირჩნენ, ხოლო დღევანდელმა იუბილარმა,
გიორგი ცინცაძემ გამარჯვებულებს 10 ქულა და 5 პასი შესძინა. დღეს ეროვნული ნაკრებისა
და „შსს-აკადემიის“ წევრი 29 წლის გახდა.
სუპერლიგის მეორე
წრის პირველი ტური რუსთავში დასრულდება, სადაც ადგილობრივი გუნდი „სოხუმს“ დაუპირისპირდება.
მატჩისშემდგომი
პრესკონფერენცია
კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): განახლდა მეორე
წრე, რომელიც ძალინ მნიშვნელოვანია თითეული გუნდისთვის. დიდი და სერიოზული ცვლილებები
განხორციელდა თითქმის ყველა გუნდში. მოხარულები ვართ, რომ დღეს გამარჯვება მოვიპოვეთ.
მოვემზადებით რუსთავთან მომავალი შეხვედრისთვის.
ბუბა ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში,
მივულოცავ გამარჯვებას მეტოქეს. ერთი კვირა, ფაქტობრივად, ვერ ვვარჯიშობდით, ბევრი
ტრავმირებული გვყავდა. ბაბუნაშვილი ,,დინამოში’’ გადავიდა, ჩაჩიბაიას ოჯახური პრობლემები
აქვს, რეზო ათანელიშვილს წელის ტრავმა აწუხებს და ა.შ. ამის მიუხედავად, დღეს მაინც
საინტერესო თამაში ვაჩვენეთ, მოგების შანსიც გვქონდა, თუმცა ბევრი შეცდომა დავუშვით
როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. შევეცდებით, შემდეგში უკეთესი თამაში ვაჩვენოთ.
ბექა ჩიკვილაძე(,,შსს აკადემია’’): ეს არ იყო ის თამაში,
რომელიც დაგეგმილი გვქონდა. იყო გარკვეული შეცდომები და პრობლემები, რომლებსაც შემდეგისთვის
გამოვასწორებთ.
მერაბ ბოქოლიშვილი(,,მგავრები-არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში,
მეც ვულოცავ ,,შსს აკადემიის’’ გუნდს გამარჯვებას. ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო
გუნდია. ვფიქრობ, დღეს ორივე გუნდს შეეძლო გამარჯვება. თუმცა, გამოცდილების ხარჯზე
დაგვამარცხა მეტოქემ.