სტატისტიკა
საინტერესოდ დაიწყო
სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტური. პირველი მატჩი სპორტკომპლექს ,,არენაში’’
გაიმართა, სადაც ,,ოლიმპმა’’ ,,ბათუმს’’ უმასპინძლა და 98:69 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით
ოლიმპელებმა ბათუმს ცხრილში გადაასწრეს და რეგულარული ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულეს.
შედეგად, გადაწყდა, რომ მეოთხედფინალში ,,ოლიმპი’’ ,,რუსთავს’’ შეხვდება, მოედნის უპირატესობა
კი ცხრილში მე-4 ადგილზე გასულ ქვემოქართლელებს ექნებათ.
,,ოლიმპის’’ შემადგენლობაში
22 ქულითა და 14 მოხსნით საუკეთესო შედეგი დენის ნოსკოვმა აჩვენა. 23 ქულით კი ბომბარდირი
საბა ლონჯანიძე გახდა. ბათუმელებს ვერ უშველა ბიჯეი იანგის 35 ქულამ, მეორე ამერიკელმა
ლეგიონერმა კრის ფელჩერმა კი 13 ქულა და 19 მოხსნა გააკეთა.
მეორე შეხვედრა
სპორტის სასახლეში ჩატარდა. ,,შსს-აკადემიამ’’ ბოლო წამზე სძლია ,,ქუთაისს’’, რომელთანაც
საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე 6ქულით – 61:67 აგებდა. დასკვნით წუთებზე თავი ისახელეს
აკადემიელებმა და საფინალო სირენის თანხლებით გამარჯვებას მიაღწიეს.
ბოლო სროლა ითვლებოდა
თუ არა, მსაჯებმა ვიდეოს ყურების შემდეგ გადაწყვიტეს. ბექა წივწივაძემ ბოლო წამებზე,
ანგარიში რომ 68:68 იყო, გარღვევა განახორციელა, თუმცა ააცილა. მის აცილებულს მიხეილ
ბერიშვილმა დაამატა და ბურთის კალათში ჩაშვება და სირენა ერთად გაისმა. ეს იმდენად
სწრაფად მოხდა, მსაჯებმა ვიდეოს ნახვა მოითხოვეს და აღმოჩნდა, რომ ბერიშვილმა ბურთის
ხელიდან გაშვება მოასწრო – 70:68 შსს-აკადემიას სასარგებლოდ, შედეგად, აკადემიამ რეგულარულ
ჩემპიონატში მეორე ადგილი გაინაღდა.
შსს-აკადემიას
20 ქულით გიორგი ცინცაძემ ულიდერა, 15 ქულა და 10 მოხსნა გიორგი შარაბიძის ანგარიშზე
დაგროვდა. ქუთაისელთაგან საუკეთესო შედეგი აზერბაიჯანელმა ზაურ ფაშაევმა დააფიქსირა
– 18 ქულა, 11 მოხსნა, 6პასი.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):
ძალიან რთული თამაში იყო და ამას ველოდით კიდეც. მთელი 40 წუთი საინტერესო ბრძოლა მიმდინარეობდა.
სასიხარულოა, რომ გავიმარჯვეთ და მოედნის უპირატესობა მოვიპოვეთ. ,,ქუთაისი’’ ჩემპიონატის
ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, შესაძლებელია მათ ნახევარფინალშიც შევხვდეთ და ამიტომ,
მოედნის უპირატესობა ძალიან გვჭირდებოდა. თანაც, ამ სეზონში ,,ქუთაისი’’ პირველად დავამარცხეთ,
შესაბამისად, ამ თამაშს პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. პლეი ოფის ყველა ეტაპზე რთული
მატჩები გველის, დღევანდელმა თამაშმა დაადასტურა, რომ თითოეულ ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა
აქვს. წარმატებებს ვუსურვებ ,,ქუთაისის’’ გუნდს. იოლი გასეირნება პლე იოფში არავის
ელის, ყველა თამაში დაძაბული და საინტერესო იქნება. მინდა, ჟურნალისტები დაინტერესდეთ
და ბატონ ვაჟა კვარაცხელიას ჰკითხოთ, რატომ გადაწყვიტა შესუსტებული შემადგენლობით ეთამაშა
,,დინამოს’’ წინააღმდეგ და, ფაქტობრივად, თავიდანვე წაეგო თამაში.
მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): ბოლო ტურის მატჩი იყო და ბევრი რამ წყდებოდა. ვფიქრობ,
საინტერესო თამაში გამოვიდა. დაძაბულობას თითქმის 1-საათიანი მოლოდინის რეჟიმიც დაემატა.
ფსიქოლოგიურად უფრო დაძაბულ შეხვედრას ველოდი,მაგრამ ასე არ გამოვიდა, ვისიამოვნე თამაშით,
ბევრი ლამაზი და სწორი მომენტი იყო და მოთამაშეებმა კარგი კალათბურთი აჩვენეს. რაც
შეეხება ფინალურ მომენტს, ეს იყო მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება დაუშვა შეცდომა და
თამაში წააგო 24 წამში. კალათბურთი ასეთი სპორტია, ბოლო სასტვენამდე არ სრულდება თამაში
რაც არ უნდა დიდი სხვაობით იგებდე. მივულოცავ ,,შსს აკადემიას’’ და წარმატებებს ვუსურვებ.
რაც შეეხება პლეი ოფებს, ვნახოთ, რა იქნება. ვფიქრობ, ამ სეზონში ყველა გუნდი მეტნაკლებად
თანაბარი იყო და ერთი გამოკვეთილი ლიდერი არ არის. ამიტომ, ყველაფერი მოსალოდნელია.
მიხეილ ბერიშვილი(,,შსს აკადემია’’): ძალიან დაძაბული
თამაში იყო, 1-თვიანი შესვენების შემდეგ რთულია თამაში, თუმცა კარგად მოვემზადეთ. საინტერესო
მატჩი გამოვიდა და ვფიქრობ, პლეი ოფში კიდევ უფრო კარგი, სანახაობრივი და დაძაბული
შეხვედრები იქნება, ამიტომ მაყურებელს აქტიურობისკენ და თამაშებზე სიარულისკენ მოვუწოდებ.