სტატისტიკა
Video
სუპერლიგის მეორე
წრის მე-7 ტური დასრულდა. ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს “შსს აკადემია” და
“რუსთავი” დაუპირისპირდნენ. ამ გუნდებს განსხვავებული ამბიციები აქვთ და
არც იყო გასავირი, რომ აკადემიელებმა იოლი გამარჯვება მოიპოვეს.
რუსთაველები ცხრილში
მხოლოდ “მაკაბს” და “ოლიმპს” უსწრებენ, “შსს-აკადემია”
კი ბოლო პერიოდში ისე მომძლავრდა, რომ საჩემპიონო ამბიცია გაუჩნდა. აკადემიელებმა წინა
ტურში “დინამო” დაამარცხეს და თუკი დარჩენილ მატჩებშიც წარმატებას მიაღწევენ,
რეგულარულ ჩემპიონატს მე-3 ადგილზე დაასრულებენ.
აქედან გამომდინარე,
“შსს-აკადემიის” გეგმებში “რუსთავთან” გარდაუვალი მოგება იყო ჩანიშნული
და ასეც მოხდა. რუსთაველებმა ძლიერ მეტოქეს მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწიეს წინააღმდეგობა,
შემდეგ კი ჩამორჩნენ და წასაგებად გაიწირნენ.
მესამე პერიოდი
აკადემიელებმა 30:17 მოიგეს და ბოლო მეოთხედის წინ 26 ქულით გალიდერდნენ. ბოლო მეოთხედში
მოედანზე სათადარიგოები გამოჩდნენ და თამაში ორმხრივ, ლაღ თამაშში ჩამთავრდა. საბოლოოდ,
აკადემიელებმა 104:78 მოიგეს და ცხრილში პოზიცია გაიმყარეს.
აკადემიელებს
20 ქულით და 9 მოხსნით მილე ილიჩმა ულიდერა, 16 ქულა დააგროვა პერიშ ბრაუნმა, ხოლო
ილია ლონდარიძემ 13 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. რუსთაველთაგან 16 ქულითა და 11 მოხსნით
გიორგი ყველაშვილი გამოირჩა, 16 ქულა მოაგროვა მალხაზ აბაიშვილმაც, 15 ქულა და 9 პასი
ჰქონდა დავით არწივიძეს.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
გიორგი ნიკოლაძე(,,შსს აკადემიის’’ მწვრთნელი):
ბევრს ვერაფერს ვიტყვი, რუსთავი შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდა, თან ფავორიტებად
ვიყავით მიჩნეულები და უპრობლემოდ გავიმარჯვეთ. ვემზადებით 2 გადამწყვეტი თამაშისთვის
,,სოხუმთან’’ და ,,ბათუმთან’’, ეს შეხვედრები გამოვლენს, რომელ ადგილს დავიკავებთ და
ვის შევხვდებით პლეი ოფში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბათუმთან მატჩი, ძალიან გვჭირდება
მათთან გამარჯვება და მეოთხედფინალებისთვის მოედნის უპირატესობის მოპოვება. ვემზადებით
ამ შეხვედისთვის.
რამაზ გოგობერიშვილი(,,რუსთავის’’ მწვრთნელი):
გუნდში ტრავმებმა იჩინა თავი და ისეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც ,,შსს აკადემიაა’’,
ვერაფერს გავხდით. შედეგიც ლოგიკური დაფიქსირდა. ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას და წარმატებებს
ვუსურვებ. ჩვენმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს.
ბექა ჩიკვილაძე(,,შსს აკადემია’’): მთელი კვირა
ვემზადებოდით ამ თამაშისთვის, სასურველ შედეგს მივაღწიეთ და გავიმარჯვეთ. მადლობა რუსთავის
გუნდს ლამაზი სანახაობისთვის, ახალგაზრდა ბიჭებმა ითამაშეს და ეს მათი გამოცდილებისთვის
ძალიან კარგია. ვეცდებით ის ხარვეზები, რაც გვაქვს, გამოვასწოროთ და პლეიოფებს მაქსიმალურად
მომზადებული შევხვდეთ.