სტატისტიკა გალერეა
„შსს-აკადემიამ“ სეზონის მეორე გამარჯვება მოიპოვა.
კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა აკადემიელებმა „სოხუმი“ 85:74 დაამარცხეს. მატჩის ბედი ბოლო
მეოთხედში გაირკვა, მანამდე კი თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა.
პირველი მეოთხედი „სოხუმმა“ 1 ქულით – 43:42 მოიგო,
ხოლო მესამე პერიოდის ახალდაწყებულზე მოედნიდან 5 პერსონალურის გამო იმ მომენტისთვის
აკადემიელთა ბომბარდირი, ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი შარაბიძე გავარდა. ამით სოხუმელებმა
დიდი უპირატესობა მიიღეს, თუმცა ტუღუშის გუნდმა ტაქტიკა შეცვალა და გაუმართლა.
ერთ მომენტში აკადემიელთა მწვრთნელმა მოედანზე ცენტრი,
იოსებ ბიბილური შეუშვა, თუმცა 5 წუთში უკანვე გაიხმო და შეტევისთვის სრული კარტ-ბლანში
უკანახაზელებს მისცა. ბექა წივწივაძემ, აკაკი ლომოურმა და ბექა ჩიკვილაძემ ბოლო მეოთხედში
ჯამში 5 სამქულიანი ჩააგდეს, ამას ლევან ფაცაციას ზუსტი, სწრაფი გარღვევები მოჰყვა
და მატჩის ბედიც საფინალო სირენამდე რამდენიმე წუთით ადრე აკადემიელთა სასარგებლოდ
გადაწყდა.
გამარჯვებულებს 18 ქულით და 8-8 მოხსნა-ჩაჭრით წივწივაძემ
ულიდერა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა. 15 ქულა დააგროვა ჩიკვილაძემ,
ხოლო პერსონალურების ლიმიტის გამო 21 წუთით ნათამაშებმა გიორგი შარაბიძემ პირად ანგარიშზე
13 ქულა ჩაიწერა. დამარცხებულთაგან 27 ქულით საუკეთესო ირაკლი ჩლაიძე იყო, 17 ქულა
გიორგი ჯგერენაიამ მოაგროვა, ხოლო ლაშა ფარღალავას ანგარიშზე 16 ქულა იყო.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):
როგორც წინასწარ ვთქვით, დაძაბული თამაში იყო, თუმცა ხარისხით ვერც ერთი გუნდი ვერ
დაიკვეხნის. ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ ჩვენთვის მოგება მნიშვნელოვანია და კარგია,
რომ გავიმარჯვეთ. ველოდებოდით ,,სოხუმისგან’’ წინააღმდეგობას და ამას შევხვდით კიდეც.
დარწმუნებული ვარ, მომავალში უფრო შეთამაშდებიან, გაძლიერდებიან და ყველა გუნდისთვის
ანგარიშგასაწევი ძალა იქნებიან. ჩვენ თამაშიდან თამაშამდე უნდა მოვუმატოთ, უკეთ ვითამაშოთ,
რადგან დიდი ამბიციები გვაქვს ამ სეზონში. ასეთი თამაშით კი მიზნების მიღწევა ნამდვილად
გაგვიჭირდება. ბევრი შრომა მოგვიწევს, რომ ხარისხი გამოვასწოროთ.
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი):
ვულოცავ მეტოქეს ღირსეულ გამარვებას, ნაკრების მოთამაშეები ჰყავთ და, ლოგიკურად, უნდა
მოეგოთ. ჩვენ კიდევ მინიმუმ 1 თვე გვინდა, რომ შედეგი ვაჩვენოთ და მეტნაკლებად მაინც
შევთამაშდეთ.
ბექა ჩიკვილაძე(,,შსს აკადემია’’): სხვა გუნდებთან
შედარებით გვიან შევიკრიბეთ. ამის მიუხედავად, ნამდვილად გვყავს ისეთი მწვრთნელი და
მოთამაშეები, რომ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ, მათ შორის, ჩემპიონობისთვის. დღეს
ვერ ვითამაშეთ კარგად, რაც ჩვენი ბრალია, თუმცა ხდება ხოლმე, ჩავარდნები ყველა გუნდს
აქვს. ვეცდებით გამოვასწოროთ ხარვეზები, ვარჯიშებზე ბოლომდე დავიხარჯოთ და შემდეგში
უფრო სანახაობრივი და ლამაზი თამაში ვაჩვენოთ.