შსს-აკადემიამ სოხუმს სერიის გადამწყვეტი მატჩი მოუგო (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სტატისტიკა 
გალერეაVIDEO კოტე ტუღუშის
გაწვრთნილი „შსს-აკადემია“ მეოთხე ნახევარფინალისტია. აკადემიელებმა მეოთხედფინალური
სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში „სოხუმს“ დაძაბულ ბრძოლაში – 74:71 სძლიეს და ეს მებრძოლი
გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას ჩამოაშორეს.

ვაჟა კვარაცხელიას
გაწვრთნილი გუნდი მოგებასთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო წუთებზე ვეღარ მოახერხა იმ უპირატესობის
შენარჩუნება, რომელიც მეორე პერიოდში მოიპოვა და დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა.
საკვანძო გამოდგა ბოლო მეოთხედის მე-2 წუთი, როცა ირაკლი ჩლაიძის გარღვევას „სოხუმის“
10-ქულიანი უპირატესობა შეიძლება მოჰყოლოდა, თუმცა ფართან პირისპირ დარჩენილ ჩლაიძეს
უკნიდან რეზო როგავამ დაუფარა. სოხუმელმა ტრავმა მიიღო და მოედნიდან რამდენიმე წუთით
გავიდა, ხოლო მის არყოფნაში აკადემიელებმა 2 სამქულიანი ჩააგდეს, ახლო მანძილიდანაც
იყოჩაღეს და ანგარიში გაათანაბრეს – 62:62 დასრულებამდე 4 წუთით ადრე.

დარჩენილ დროში
თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა, აკადემიელებმა გუნდური თამაშის კარგი მაგალითი აჩვენეს და
ბოლო წამებზე 3-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. გადამწყვეტ მომენტში საკუთარ თავზე აიღო
თამაში ეროვნული ნაკრების ძირითადმა გამთამაშებელმა, გიორგი ცინცაძემ, რომელსაც თანაგუნდელებმაც
წააშველეს ხელი და „სოხუმი“ წასაგებად გაიწირა. კვარაცხელიას გუნდს შეეძლო გათანაბრება,
თუმცა საფინალო სირენამდე 24 წამით ადრე გიორგი ჯგერენაიამ სამქულიანი ააცილა.

„შსს-აკადემიას“
23 ქულით გიორგი ცინცაძემ ულიდერა. 17 ქულა და 15 მოხსნით გიორგი შარაბიძემ ორმაგი
დუბლი გაიფორმა, ხოლო აკაკი ლომოურის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა. „სოხუმში“ 19 ქულით
და 13 მოხსნით საუკეთესო იყო პელე პეილეი, ბექა ბექაურმა 15 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა,
გიორგი ჯგერენაიამ შეხვედრა 15 ქულით დაასრულა.

„შსს-აკადემია“
ნახევარფინალში „ბათუმს“ შეხვდება, ხოლო „სოხუმი“ ბრძოლას 5-8 ადგილებისთვის განაგრძობს.
სოხუმელთა პირველი მეტოქე მეოთხედფინალიდან გავარდნილი „ქუთაისი“ იქნება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი
მწვრთნელი):  მე
მინდა მადლობა ვუთხრა მთელ ჩემს გუნდს, თითოეულ მოთამაშეს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს.
რთული, ნერვიული და დაძაბული თამაში იყო, ველოდებოდით ,,სოხუმის’’ მხრიდან დიდ წინააღმდეგობას
და ასეც მოხდა. ბევრი სირთულე შეგვხვდა თამაშის დროს და მადლობა ჩემს ბიჭებს, რომლებმაც
შეინარჩუნეს მობილიზება, მონდომება და გამარჯვების სურვილი. დიდი მადლობა ,,სოხუმის’’
გუნდს თავდადებისთვის და ბრძოლისთვის ყველა თამაშში. მათ წინ სერიოზული თამაშები ელით
და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ კი დასვენება და ნახევარფინალისთის მომზადება გვჭირდება,
დრო ძალიან ცოტაა, ზეგ უკვე ნახევარფინალის შეხვედრა გვაქვს. ზოგიერთებს კი მოკლედ
ვეტყვი: ვერ მოგართვით.

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი
მწვრთნელი): მივულოცავ კოტეს და ,,შსს აკადემიას’’, ბრწყინვალე
გუნდია. კალათბურთი ხელოვნება და მონდომებაა, ყველაზე მთავარი, ალბათ, მონდომებაა და
ჩვენმა ბიჭებმა ძალიან მოინდომეს. რომ არა მსაჯების პატარა შეცდომები, შეიძლებოდა მოგვეგო
კიდეც, ფსიქოლოგიური უპირატესობა გვქონდა, თუმცა ალბათ იღბალიც დაგვაკლდა.  დიდი მადლობა ჩემს გუნდს, არაჩვეულებრივად ითამაშეს
და ღირსი იყვნენ, რომ მოეგოთ. რაც არ უნდა მოხდეს შემდეგ თამაშებში, ჩვენმა ბიჭებმა
დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ ნამდვილი კალათბურთის თამაში.

ბექა წივწივაძე(,,შსს აკადემია’’):
რთული და ფსიქოლოგიურად მძიმე თამაშები იყო. არ შემიძლია არ აღვნიშნო ,,სოხუმის’’ თითოეული
მოთამაშის მონდომება, დიდი ბრძოლა იყო, რაც დასაფასებელია, მინდა ჩემს გუნდს, მწვრთნელებს
და მოთამაშეებს ყველას მადლობა ვუთხრა ასეთი თავდადებისთვის, ერთ მუშტად ვიყავით შეკრულები
და ბოლოს გამოცდილების ხარჯზე გავიმარჯვეთ. მთავარი ბრძოლა წინაა და შევეცდებით, წარმატებულად
ვიასპარეზოთ, ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა.

ირაკლი ჩლაიძე(,,სოხუმი’’):
პირველ რიგში, ვულოცავ ,,შსს აკადემიას’’ გამარჯვებას, ძალიან კარგი გუნდია და მინდა,
ჩემპიონები გახდნენ, რადგან შემდეგ ვთქვათ, რომ ,,სოხუმი’’ ჩემპიონთან დამარცხდა პლეი
ოფში. რაც შეგვეხება ჩვენ, დიდი მადლობა მთელ გუნდს, მე მეამაყება, რომ ამ გუნდის კაპიტანი
ვარ. ჩვენს გუნდს ბევრი პრობლემები ჰქონდა გასულ წელს, ამ სეზონშიც გვქონდა ხარვეზები
და ამის მიუხედავად პლეი ოფში ყველაფერი ჩავდეთ, ბოლომდე ვიბრძოლეთ ერთ-ერთ საჩემპიონო
გუნდთან. შეიძლება დღევანდელი მარცხი ფორტუნასაც დავაბრალოთ, რაღაც მონაკვეთებში ვიგებდით
და 1-წუთიან მონაკვეთში ყველაფერი შეიცვალა, თუმცა კალათბურთში ასე ხდება, ხან შენ
ჩააგდებ, ხან შენი მოწინააღმდეგე.  კიდევ ერთხელ
დიდი მადლობა ჩემს გუნდს და გულშემატკივარს, რომელიც არც ერთი წუთით არ გვტოვებდა მარტო.
ბრძოლას გავაგრძელებთ და ვეცდებით ღირსეული მე-5 ადგილი დავიკავოთ. ,,შსს აკადემიას’’
კი წარმატებებს ვუსურვებ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში.