სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდისა და სუპერლიგის ერთ-ერთი
ლიდერის შეხვედრა ლოგიკური შედეგით დასრულდა. მოსალოდნელი იყო, რომ თასის გათამაშების
გამარჯვებული და მიმდინარე სუპერლიგის ლიდერთაგანი მორიგ გამარჯვებას მოიპოვებდა და
ასეც მოხდა.
თსუ-ს რაც შეეძლო, გაუძალიანდა ძლიერ მეტოქეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა.
თსუ-ში გიორგი ხანიაშვილი გამოირჩეოდა, რომლის სიზუსტის
წყალობით სტუდენტები შსს-ს გაქცევის საშუალებას არ აძლევდნენ. გიორგოს კეცელიდისის
გუნდი მთელი თამაში წინ იყო, თუმცა იმდენად სოლიდური სხვაობით არა, რომ საკუთარი თავისთვის
მოდუნების საშუალება მიეცა. აკადემიელთა ამერიკელი ლეგიონერები მაქსიმალური მობილიზებით
თამაშობდნენ, რომელთაგან აღსანიშნავია მათი ახალწვეულის, ბენჯამინ რეიმონდის კარგი
გარჯა. კუნთმაგარმა ამერიკელმა 16 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა, ის თავის გუნდში ერთ-ერთი
ყველაზე შედეგიანი იყო.
„შსს-აკადემიის“ მწვრთნელ გიორგოს კეცელიდიდსს სჩვევია
ახალგაზრდა მოთამაშეების ასაკობრივი გუნდებიდან დამატება და ამჯერად ბერძენმა სპეციალისტმა
შანსი შსს-ს 16-წლამდელთა გუნდის წევრ გიორგი ჩაჩხიანს მისცა, რომელიც მოედანზე მატჩის
ბოლო 5 წუთს გამოჩნდა და თითო მოხსნა-პასის მითვლა მოასწრო. რაც შეეხება შსს-ელთა ბომბარდირს, იგი გამთამაშებელი
დენოტა ვონი აღმოჩნდა, რომელიც სამმაგი დუბლის ზღვრამდე მივიდა. ამერიკელმა უკანახაზელმა
23 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი მიითვალა.
სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდში საუკეთესო ზემოთხსენებული
გიორგი ხანიაშვილი იყო, რომელმაც 24 ქულა მიითვალა. 14 ქულით დაასრულა შეხვედრა ვახტანგ
ჩქარეულმა, ხოლო გივი ბაქრაძემ თავი 10 ქულას მოუყარა.
მომდევნო, ტურის ბოლო მატჩში, ერთმანეთის პირისპირ თავდაცვის
სამინისტროსა და სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდებიან: „არმია“ თსსუ-ს
წინააღმდეგ.
მატჩის დასრულების შემდგომ გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი შსს კადემიის მთავრმა მწვრთნელმა გეორგის კეცელიდისმა და მოთამაშემ ბენჟამენ რეიმონდმა გააკეთეს. რაც შეეხება თსუ-ს გუნდს, რომელიც პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა, სუპერლიგის დებულების შესაბამისად, მე-10 თავის 22.11 მუხლის მიხედვით დაეკისრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით (http://superleague.ge/pdf/debuleba-superi%202012-2013.pdf)
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
გეორგის კეცელიდისი
(შსს აკადემია): სასიხარულოა, რომ მოვიგეთ შეხვედრა, თუმცა ძალიან ცუდად ვითამაშეთ. დაცვაში ასპარეზობით არ ვარ კმაყოფილი. ჩემთვის ძალიან
მნიშვნელოვანია დაცვაში კარგი თამაში. მითუმეტეს რომ მორიგი შეხვედრა რუსთავის წინააღმდეგ
გვაქვს და ასეთი დაცვით ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ წავაგებთ. ეს შეხვედრა გამოგვადგება
ჩვენი მინუსების გასაანალიზებლად რათა მოვემზადოთ მორიგი მატჩისთვის.
ბენჟამენ რაიმონდი
(შსს აკადემია): დაცვით მეც უკმაყოფილო ვარ, რადგან ამ კუთხით ჩვენი გუნდის ბევრად უკეთესი
თამაშებიც გახსოვთ .რაც შემეხება მე, ძალიან ცოტა მოთამაშეა, ვინც
გუნდის ლიდერი თავიდანვე ხდება. მე ვეცდები ჩემი შესაძლებლობები გამოვიყენო, ნელ-ნელა
შევთამაშდე გუნდთან და კარგი იქნება, თუ ჩემს გუნდს მაქსიმალურად გამოვადგები.
თსუ – შსს აკადემია 76:102
სტუ – ქუთაისი 41:96