სტატისტიკა გალერეაVIDEO
სუპერლიგის მეორე წრის გუშინ დაწყებული მე-4 ტური დღეს
სპორტის სასახლეში გრძელდება. დაგეგმილი 2 მატჩიდან 1 უკვე გაიმართა: “შსს-აკადემიამ”
შესუსტებული შემადგენლობის მიუხედავად “ოლიმპის” დამარცხება მოახერხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდს სერბი
ცენტრი, მილე ილიჩი აკლდა, რომელმაც ფეხის თითი იტკინა და დღევანდელ მატჩს სათადაგოთა
სკამიდან, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა უყურა. ოლიმპელთა ლიდერ რიჩარდ მათიაშვილის
წინააღმდეგ თამაში აკადემიელ ილია ლონდარიძეს მოუწია, რომელმაც დაკისრებულ ამოცანას
კარგად გაართვა თავი და მთავარი საფრთხე, რომელიც “ოლიმპის” ცენტრისგან მოდიოდა,
გაანეიტრალა.
მატჩის პირველი მეოთხედი მეტ-ნაკლებად თანაბარი იყო,
თუმცა აკადემიელებმა საკუთარი უპირატესობა მაინც გამოხატეს – 16:11. მეორე პერიოდში
“შსს-აკადემიამ” სისწრაფეს უმატა, რაც პერიშ ბრაუნის, რევაზ როგავას, მერაბ
ბოქოლიშვილის და გუნდის დანარჩენი უკანახაზელების დამსახურება იყო. დიდი შესვენებისთვის
არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი შსს-ელები 12 ქულით იგებდნენ, რაც არ იყო დიდი ლიდერობა,
მაგრამ “ოლიმპისთვის” მისი გაბათილება მიუღწეველი ამოცანა აღმოჩნდა.
მესამე მეოთხედში ანგარიშში სხვაობა 9 ქულამდე შემცირდა,
მაგრამ ეს იყო მაქსიმუმი, რაც “ოლიმპის” მოთამაშეებმა შეძლეს. საბოლოოდ
“შსს-აკადემიამ” 81:59 მოიგო და ცხრილში “სოხუმს” გაუთანაბრდა
– ორივე გუნდს 5-5 მოგება-წაგება აქვს. აკადემიელებს 20 ქულით ამერიკელმა პერიშ ბრაუნმა
ულიდერა. 19 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა ილია ლონდარიძემ, ხოლო მერაბ ბოქოლიშვილის
ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა. “ოლიმპის” შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი
მათიაშვილს ჰქონდა 15 ქულა-12 მოხსნით, რეზო ათანელიშვილმა და ირაკლი გულისაბედაშვილმა
კი 10-10 ქულა მოაგროვეს.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი
მწვრთნელი): კიდევ ერთხელ დავმარცხდით და გუნდში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით
საკმაოდ მძიმე სიტუაციაა. რწმენა დაკარგული გვაქვს, თუმცა მე მაინც მჯერა ჩემი მოთამაშეების.
ვეცდებით, ნელ-ნელა გამოვასწოროთ და პლეიოფებამდე უშუალო კონკურენტებთან მაინც გავიმარჯვოთ.
დღეს ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ ,,შსს აკადემია’’ ჩვენზე
ძლიერი გუნდია და დავმარცხდით.
არჩილ ჟღენტი(,,შსს აკადემიის’’ მთავარი
მწვრთნელი): შედეგით კმაყოფილი ვარ, რასაც თამაშის ხარისხზე ნამდვილად
ვერ ვიტყვი. იყო ეპიზოდები, როცა ძალიან კარგად ვთამაშობდით და იყო მომენტები, როცა
ბევრი შეცდომა დავუშვით. თანაც გუნდს მილე ილიჩი აკლდა. მოვემზადებით მომავალი შეხვედრისთვის,
რომელსაც ქუთაისში ჩავატარებთ.
ირაკლი გულისაბედაშვილი(,,ოლიმპი’’):
თავიდან კარგად დავიწყეთ, თუმცა დაცვაში უამრავი შეცდომა დავუშვით. ელემენტარულ შეცდომები
გვქონდა და ამის გამოსწორება ისეთ გუნდთან, როგორიც ,,შსს აკადემიაა’’, საკმაოდ რთულია.
შსს ახალგაზრდული, მებრძოლი გუნდია და მათი კარგი თამაში დღესაც გამოჩნდა.
მერაბ მირზიაშვილი(,,შსს აკადემია’’):
მობილიზებულად ვითამაშეთ და შედეგი სახეზეა. კარგი დაცვის ხარჯზე მოვიგეთ და მივულოცავ
ჩემს გუნდს დღევანდელ გამარჯვებას.