შსს–მ თსსუ–ს მესამედ მოუგო

შსს–მ თსსუ–ს მესამედ მოუგო

მე–12 ტურის ცენტრალური მატჩი შსს–სა და თსსუ–ს შორის არათანაბარი
გამოვიდა. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა შსს–ელებმა 20 ქულის სხვაობით – 74:54
დაამარცხეს მედიკოსები და ცხრილში პოზიციები გაიმყარეს.

მატჩი ერთხელ, მეორე მეოთხედის ახალდაწყებულზე დაიძაბა, როცა
სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი 1 ქულით – 25:26 მიუახლოვდა შსს–ს. ისე კი
უსტიაშვილის გაწვრთნილი გუნდი სულ წინ იყო, ხან მცირედით, ხანაც მისი უპირატესობა
10–15 ქულას სცდებოდა. საბოლოოდ კი შსს–ს უპირატესობა 20 ქულით გამოიხატა.

შსს და თსსუ ბოლო 17 დღეში მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს. ჯერ მიხეილ
ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალზე, შემდეგ თასის გათამაშებაზე, დღეს კი
სუპერლიგის მორიგ ტურში. სამივე მატჩი დავით უსტიაშვილის გუნდის სასარგებლოდ
დასრულდა. თანაც ისე, რომ თამაშის სცენარი თითქმის ერთნაირი იყო. შსს დამაჯერებლად
ლიდერობდა, თსსუ კი ცდილობდა ანგარიშის შემცირებას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.

დავით ბარბაქაძე შსს–ს ბომბარდირი გახდა

მედიკოსთა ამერიკელი გამთამაშებელი ჯეფრი როჯერსი მეორე მეოთხედში
დაშავდა და მოედანზე აღარ დაბრუნებულა. მან მხოლოდ 11 წუთს ითამაშა და მოედანი
უქულოდ დატოვა.  დაშავდა შსს–ს ამერიკელიც
– ტროი კოტონი, მაგრამ მას ბოლო მეოთხედში მოუწია მოედნიდან გასვლა, თანაც, შსს
გაცილებით გუნდურად თამაშობდა და ხუთეულის წევრის მოსაკლისება გუნდს არც
დასტყობია. სანამ მოედნიდან იძულებით გავიდოდა, კოტონმა 14  ქულის მოგროვება მოასწრო, შსს–ელთა ბომბარდირი
კი 15 ქულით დავით ბარბაქაძე გახდა. 
ბარბაქაძე იყო ამ მატჩში ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ორმაგი დუბლის
მოგროვება შესძლო. მან 15 ქულას 10 მოხსნაც მოაყოლა.

მედიკოსთაგან 18 ქულითა და 9 მოხსნით აკაკი დვალიშვილი გამოირჩა, ხოლო
თორნიკე ნინიაშვილმა 16 ქულას მოუყარა თავი.
მატჩის სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?gameid=334