შსს ოლიმპზე ოლიმპმა არ აუშვა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

სუპერლიგაში დაუმარცხებელი გუნდი აღარ არის. აქამდე
წაუგებლად მოსულმა „შსს-აკადემიამ“ დღეს „ოლიმპთან“ წააგო და ჩემპიონატს დაკარგული
ქულების მიხედვით სამი ლიდერი ჰყავს – თითო წაგების მქონე „ოლიმპი“, „რუსთავი“ და შსს.

ტურის ცენტრალური შეხვედრა ძალიან საინტერესო, დაძაბული
და ლამაზი გამოვიდა. თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა,
მცირე უპირატესობით ხან ერთი გუნდი გავიდოდა წინ, ხან – მეორე, პირველი ტაიმი კი ლოგიკური
ფრით – ანგარიშით 37:37 დასრულდა.

მესამე ათწუთეულში აკადემიელებმა დენოთა ვონის შედეგიანი
გარჯის წყალობით 16:12 იმარჯვეს, ხოლო ბოლო ათწუთეულში 7 ქულითაც დაწინაურდნენ და თითქოს
გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ… „შსს-აკადემიამ“ კარგად ვერ გამოიყენა ის
2 ტექნიკური ჯარიმა, რომელიც ოლიმპელებმა ბოლო პერიოდში მიიღეს. ჯერ იყო და მსაჯმა
ტექნიკურით ოლიმპელთა მთავარი მწვრთნელი გია კაზანჯიანი დააჯარიმა, შემდეგ კი ფორვარდ
მიხეილ ბერიშვილსაც იგივე სასჯელი გამოუტანა. სწორედ ეს მომენტი გამოდგა გარდამტეხი,
ოღონდ, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, არა შსს-სთვის, არამედ ოლიმპისთვის.

ბერიშვილმა რომ ტექნიკური მიიღო, შსს 5 ქულით იგებდა,
მატჩის დასრულებამდე კი 7 წუთზე ოდნავ ნაკლები რჩებოდა. შსს-ს ამერიკელმა უკანახაზელმა
ორივე საჯარიმო ააცილა, ხოლო აკადემიელებმა ტექნიკურით ნაბოძები ბურთიც დაკარგეს და
„ოლიმპის“ სპურტიც აქ დაიწყო. კაზანჯიანის გუნდმა, რომ იტყვიან, გაუვალი დაცვა დააყენა,
რომლის გარღვევაც გიორგის კეცელიდისის გუნდმა მთელი 6 წუთის განმავლობაში ვერ მოახერხა.

აღნიშნული 6-წუთეული ოლიმპელებმა 15:0 (!) მოიგეს და
შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს ჩემპიონატში პირველი მარცხი აგემეს. მანამდეც შესანიშნავად
თამაშობდა და მეურვე კირკ არჩიბეკს ჯაბნიდა, თუმცა ზემოთნახსენებ 6-წუთეულში დიდებულად
გაისარჯა ოლიმპელთა სერბი ლეგიონერი სტევან მილოშევიჩი, რომელმაც ფარქვეშ არავინ გაახარა.
სერბი გოლიათი აფარებდა, ხსნიდა, აგდებდა და ერთი სიტყვით, ყველა იმ სამუშაოს ფრიადზე
ასრულებდა, რაც ცენტრალურ თავდამსხმელს მოეთხოვება. თუმცა მარტო მილოშევიჩი ვერას გახდებოდა,
რომ არა მიხეილ ბერიშვილის, ლევან ფაცაციას, ირაკლი მიქელაძის, სტენ სოკის, ნიკოლა
ტუტუსისა და სხვა ოლიმპელთა მოწადინება.

18 ქულა და 18 მოხსნა – ასეთი შედეგით დაასრულა შეხვედრა
მატჩის გმირმა მილოშევიჩმა. 12 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა მიხეილ ბერიშვილმა, სტენ
სოკის ანგარიშზე კი 9 დაგროვდა. შსს-ს ამერიკელმა ლეგიონერებმა ულიდერეს. 18 ქულით
ბომბარდირი დენოთა ვონი გახდა, ხოლო ჩად პრიუიტმა 11 დააგროვა.

ტურის მომდევნო მატჩში ერთამნეთს „დინამო“ და „სოხუმი“
ხვდებიან.

მატჩის შემდგომი პრეკონფერენცია:

გია კაზანჯიანი
(ოლიმპი): ვულოცავ ბიჭებს და გულშემატკივარს გამარჯვებას. ეს
არ იყო მხოლოდ გამარჯვება იყო წარმატებული თამაში, რადგან დაცვაში ჩვენი თამაში იყო
საუკეთესო აქამდე ჩატარებულ შეხვედებთან შედარებით. ვემზადებოდით შსს აკადემიასთან
დაპირისპირებისთვის, თუმცა მეტოქე გუნდიც არანაკლებ მომზადებული ჩანდა. ჩვენმა კალათბურთელებმა,
როგორც აღვნიშნე, დაცვაში კარგად ითამაშეს, თუმცა უკმაყოფილო ვარ თავდასხმით.

გეორგის კეცელიდისი
(შსს აკადემია): ოლიმპმა საკმაოდ კარგად ითამაშა, ჩვენი გარჯით არ ვარ
კმაყოფილი, რაც შედეგზეც აისახა.

მიხეილ ბერიშვილი
(ოლიმპი): ვფიქრობ, დაცვის ხარჯზე მოვიგეთ,მითუმეტეს, რომ შორეული
ტყორცნები არ წაგვივიდა.  კარგი შეხვედრა ჩაატარეს
ჩვენი გუნდის მაღალმა მოთამაშეებმა.

დავით იმნაძე
(შსს აკადემია):  მივულოცავ
ოლიმპს გამარჯვებას, ჩვენ ცუდად ვითამაშეთ დაცვაში და შეიძლება იმიტომაც დავმარცხდით,
რომ არმიასთან გამარჯვების შემდეგ  ჩვენს ძალებში
ზედმეტად დარწმუნებულები ვიყავით.