სოხუმელებმა გმირული მოგებით სერია მეხუთე მატჩამდე მიიყვანეს

სოხუმელებმა გმირული მოგებით სერია მეხუთე მატჩამდე მიიყვანეს

 სტატისტიკა
 გალერეაბრძოლის, თავდადებისა და გუნდური თამაშის ხარჯზე ვაჟა
კვარაცხელიას გაწვრთნილმა „სოხუმმა“ „ქუთაისს“ 82:77 მოუგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
– 2:2. სოხუმელებს წაგების უფლება არ ჰქონდათ, რადგან ნახევარფინალურ სერიას ქუთაისელები
2:1 იგებდნენ და გამარჯვების შემთხვევაში ფინალში იმერული კლუბი გადიოდა.

ვაჟა კვარაცხელიამ გუშინდელი წაგების შემდეგ ოფიციალურ
კომენტარში განაცხადა, რომ ხვალ მოვიგებთ და დიდი იმედი მაქვს, სერიის გადამწყვეტი
მატჩის სათამაშოდ ქუთაისში წავალთო. ასეც მოხდა: დიდი ბრძოლის ხარჯზე კვარაცხელიას
გუნდმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა და დღევანდელი გამარჯვებით საქმე გადამწყვეტ შეხვედრამდე
მიიყვანა.

სოხუმელებმა სულ სხვა მობილიზებით დაიწყეს მატჩი. თითოეული
ბურთისთვის ბოლომდე და შეუპოვრად იბრძოდნენ, რის საფუძველზეც მეტოქეზე მეტი ჩაჭრა მიითვალეს
და ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოხსნეს. ვაჟა კვარაცხელიამ სასტარტო ხუთეულში 2 აფროამერიკელი
უკანახაზელი გაამწესა, რომლებსაც დაცვაში მოპოვებული ბურთები შეტევაში სწრაფად გადაჰქონდათ
და სწორედ ამის ხარჯზე სოხუმელებს დაცვაში უმცირესობაში დარჩენილი ქუთაისელების დაშამათება
უადვილდებოდათ. ხოლო როცა სოხუმელმა ანდრე სმიტმა სამქულიანიც ჩააგდო, მასპინძლები
18:10 დაწინაურდნენ და ქუთაისელთა მწვრთნელ კოტე ტუღუშს წუთშესვენების აღება მოუხდა.

მოედანზე სტუმართა სნაიპერი დავით ბარბაქაძე და გამრჯე
უკანახაზელი ივან მიკულიჩი გამოჩდნენ. ამ კალათბურთელებმა მონაცვლეობით ჩააგდეს ბურთები,
ჯამში 7 ქულა მიითვალეს და პირველი პერიოდის ბოლოს სოხუმელთა ლიდერობა, რომელიც ქუთაისელთა
წუთშესვენების შემდეგ 10 ქულამდეც ავიდა, 3-ამდე შეიკვეცა – 22:19.

მეორე პერიოდში სოხუმელებმა ტაქტიკა შეცვალეს და აქცენტი
შორ სროლებზე გადაიტანეს, რამაც გაამართლა. ანდრე სმიტმა პირველ პერიოდში ჩაგდებულ
2 სამიანს კიდევ 3 მოაყოლა, შორი სროლა ჩააგდო სამარქაფო დიმიტრი დვალიშვილმაც. ამას
დაემატა ფარქვეშ სერგო ათუაშვილისა და გიორგი ჯგერენაიას შედეგიანი გარჯა, ხოლო წინა
და უკანა ხაზს შორის შემადუღაბებელ ჯაჭვს ლევან ფაცაცია წარმოადგენდა. ეროვნული ნაკრების
წევრი სამაგალითოდ იბრძოდა და მიუხედავად იმისა, რომ მექულეობით ვერ გამოირჩა, რამდენიმე
საჭირო გარღვევა ჩააგდო. სოხუმელთა ხსენებული უპირატესობები რიცხვებში შემდეგნაირად
გამოიხატა: 29:17 და სოხუმელთა 15-ქულიანი ლიდერობა დიდი შესვენებისთვის.

მესამე პერიოდში ქუთაისელებმა მეტოქეს სიურპრიზი შესთავაზეს
და შედეგიანი შეტევებით ჩამორჩენის 5 ქულამდე შემცირება მოახერხეს, თუმცა დიმიტრი დვალიშვილის
და სერგო ათუაშვილის შედეგიანობამ სოხუმელებს გადამწყვეტი პერიოდის წინ 9-ქულიანი ლიდერობა
შეუნარჩუნა.

ბოლო პერიოდში დიდი ამბები დატრიალდა. ანდრე სმიტის
სამქულიანისა და სერგო ათუაშვილის ორიანების შემდეგ „სოხუმი“ თამაშის დასრულებამდე
6 წუთით ადრე 13 ქულით დაწინაურდა და თითქოს ყველაფერიც გაირკვა, მაგრამ დასრულებამდე
4 წუთით ადრე მოედნიდან პერსონალურების ლიმიტის გამო ათუაშვილი გავარდა, ქუთაისელებმა
კი ზეწოლა განაგრძეს და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. 10:0 გაქცევაში 6 ქულა გოგა
ცეკვავამ მიითვალა, 2 ბოისამ და 2 ბექა ბექაურმა, რის შემდეგაც, მატჩის დასრულებამდე
2 წუთით ადრე „ქუთაისი“ 72:75 მიუახლოვდა „სოხუმს“.

სოხუმელები დაბნეულები იყვნენ და დიდი ალბათობით, წააგებდნენ
კიდეც, ფილიპ მილერს დიდებული დაცვითი თამაშის წყალობით პირადად რომ არ გადაეწყვიტა
მატჩის ბედი. ამერიკელმა გამთამაშებელმა მოედნის ცენტრში დავით ბარბაქაძეს ჩაუჭრა და
სწრაფ შეტევაში ხომ ჩააგდო და თან მეურვე აიძულა, დაჯარიმებულიყო. ბონუს-ქულის მითვლის
შემდეგ სოხუმელები 78:72 დაწინაურდნენ, თუმცა ანატოლი ბოისამ სწრაფი სამქულიანი მიითვალა
და დასრულებამდე წუთნახევრით ადრე კოტე ტუღუშის გუნდი „სოხუმს“ ისევ 3 ქულით მიუახლოვდა
– 75:78.

მჭიდრო დაცვის ხარჯზე ქუთაისელებმა მეტოქეს შედეგიანი
შეტევა არ დაანებეს და საფინალო სირენამდე 1 წუთით ადრე სტუმრებმა შეტევა წამოიწყეს.
იმერული გუნდის წევრებმა – ცეკვავამ, ბექაურმა და ფაშაევმა მიყოლებით ააცილეს სროლები,
თუმცა მათდა საბედნიეროდ შეტევაში ბურთებს ხსნიდნენ და საბოლოოდ ბექა ბექაურზე სოხუმელები
დაჯარიმდნენ. ბექაურმა ორივე საჯარიმო ჩააგდო და ქუთაისელთა ჩამორჩენა მინიმუმამდე
შემცირდა – 77:78. მატჩის დასრულებამდე 35 წამით ადრე სმიტმა გარღვევა გააცუდა და ქუთაისელები
შედეგიანი შეტევის შემთხვევაში წინ გადიოდნენ. აი, აქ მიითვალა მილერმ ამისი რიგით
მე-5 და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩაჭრა. სხარტმა ამერიკელმა არანაკლებ სწრაფ აზერბაიჯანელს
ჩაუჭრა და ეს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ დასრულებამდე 11 წამით ადრე მილერმა ორქულიანით
ანგარიში 80:77 გახადა.

ქუთაისელებს სამქულიანი სჭირდებოდათ, თუმცა სწრაფი ორქულიანის
მითვლა მოინდომეს და ფარისკენ დაძრულ ცეკვავას ჯგერენაიამ დაუფარა. ბურთს სოხუმელი
გივი ბაქრაძე დაეუფლა და ყველაფერიც აქ დასრულდა. საბოლოოდ კვარაცხელიას გუნდმა
82:77 მოიგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

24 ქულით ბომბარდირი ანდრე სმიტი გახდა, რომელმაც
121 ცდიდან 8 სამიანი ჩააგდო. 18 ქულა და 7 მოხსნა სერგო ათუაშვილმა მიითვალა, ხოლო
ბოლო წუთების გმირმა მილერმა შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. ქუთაისელთაგან საკუთარი მონაგარი
ორნიშნა რიცხვით მხოლოდ გოგა ცეკვავამ გამოსახა, რომელმაც 22 ქულა მიითვალა. 

 

 მატჩისშემდგომი კომენტარები

ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): მე
თითქმის ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული რომ მე-5 თამაში გველოდებოდა წინ. კოტე ტუღუშს
შარშან გახსოვთ ჰყავდა „შსს-აკადემია“, მაშინაც 5 თამაში ვითამაშეთ და წელსაც ისტორია
განმეორდა. ქუთაისში თამაში ჩვენთვის სასიამოვნოა, რადგან იქ მუდამ ლამაზი სანახაობა
იმართება ისეთი გულშემატკივრები გვყავს ორივე გუნდს. მართლაც ძალია სასიამოვნოა იქ
თამაში და ნამდვილი გამარჯვება იქ იქნება. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

კოტე ტუღუში („ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი): როგორც
მოსალოდნელი იყო კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა იქნებოდა. სოხუმი მებრძოლი გუნდია, მე
გუშინ ვთქვი, რომ რამდენადაც ახლოსა ვართ ფინალთან, იმდენადვე შორს. ზუსტად გამართლდა
ჩემი სიტყვები. მე-5 თამაში იქნება გადამწყვეტი და კარგია რომ საკუთარ კედლებში გვიწევს
ეს ბრძოლა.  მოვემზადებით და აუცილებლად უნდა
გავიდეთ ფინალში.