სოხუმი არმიას გაუძალიანდა(მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სოხუმი არმიას გაუძალიანდა(მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სუპერლიგის მიმდინარე ტურის დარჩენილი 3 მატჩი დღეს სპორტის სასახლეში იმართება. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს „არმია“ და „სოხუმი“ დაუპირისპირდნენ.

 მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდები ცხრილში საკმაოდ დაცილებულნი არიან, მაყურებელმა საინტერესო დაპირისპირება იხილა.სოხუმელებმა დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და მოქმედ ჩემპიონს ღირსეულად ეთამაშნენ. პირველი მეოთხედის 7 ქულით წაგების შემდეგ ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა მობილიზება შეძლო და მეორე პერიოდში დაწინაურდა. თუკი აქამდე ირაკლი ჩლაიძის სახით გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდათ, სოხუმელები ახლა გაცილებით გუნდურად თამაშობდნენ და ეს შედეგზეც აისახა. ფარქვეშ სერგო ათუაშვილი და ვახტანგ ქადარია იბრძოდნენ, ხოლო პერიმეტრზე სარგებლიანად სერბი ლეგიონერი ბოსკო სტოიაკოვიჩი და ირაკლი ჩლაიძე ირჯებოდნენ.
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე სოხუმელებმა 1 ქულით დაწინაურება მოახერხეს, თუმცა ანატოლი ბოისას სამქულიანის შემდეგ დიდ შესვენებაზე ლიდერად „არმია“ გავიდა – 50:48. კვარაცხელიას გუნდი მეორე ტაიმის დასაწყისშიც ღირსეულად იბრძოდა და მე-5 წუთზე წინ კიდევ ერთხელ გავიდა – 58:57, თუმცა არმიელებმა გაქცევა მოაწყვეს და ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს. ლაშა ფარღალავას, ზვიად ბაბიაშვილისა და ლაშა გამყრელიძის შედეგიანობით თავდაცვის სამინისტროს გუნდი მესამე პერიოდის ბოლოს 71:64 დაწინაურდა.
ბოლო პერიოდში არმიელებმა საბოლოოდ მოახერხეს თამაშზე კონტროლის დაწესება. საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე კოტე ტუღუშის გუნდის ლიდერობამ 11 ქულას მიაღწია (77:66), რაც გამარჯვებაზე სერიოზული განაცხადი იყო. დარჩენილ დროში სოხუმელებმა ისევ გაიბრძოლეს, მაგრამ არმიელებთან 5 ქულაზე ახლოს მისვლა (79:84) ვერ მოახერხეს. თავდაცვის სამინისტროს გუნდმა საბოლოოდ დაგეგმილი, თუმცა რთული გამარჯვება მოიპოვა – 91:84.
გამარჯვებულთაგან 24 ქულით ბომბარდირი ლაშა ფარღალავა გახდა, ხოლო ვეტერანმა ზვიად ბაბიაშვილმა შეხვედრა 19 ქულით დაასრულა.  სოხუმელთაგან ბომბარდირი ირაკლი ჩლაიძე იყო 21 ქულით, ხოლო სერგო ათუაშვილმა 18 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

კოტე ტუღუში(არმია): ძალიან რთული თამაში გამოვიდა,  ეს მოსალოდენლიც იყო, რადგან სოხუმი მე2 წრის დასაწყისიდან საკმაოდ გაძლიერდა და კარგი გუნდია. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მოუმატებს. ჩვენთვის მთავარია, რომ გავიმარჯვეთ. ამასთან ერთად, ორი არც თუ ისე ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა წინა ტურებში. შეცდომა ძალიან ბევრი იყო, თუმცა ჩვენი ძირითადი მიზანი გამარჯვებაა, რაც მოვახერხეთ კიდეც. საგანგაშოა 18 მოხსნა ჩვენს ფარზე და ეს უნდა გამოვასწოროთ, რადგან წინ საკმაოდ სერიოზული ბრძოლა გველის შსს-ს წინააღმდეგ.
ვაჯა კვარაცხელია(სოხუმი): ვულოცავ არმიას გამარჯვებას, ეს არ იყო მოულოდნელი, არმიას უნდა მოეგო. მათ გამოცდილების ხარჯზეც გვაჯობეს, საუკეთესო ქართველი კალათბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. დავიმატეთ სტოიაკოვიჩი და ათუაშვილი, რომლებმაც სოხუმი უფრო გააძლიერეს. ათუაშვილი ავადმყოფობის გამო არ ვარჯიშობდა და დღეს როგორც საჭიროა, ისე ვერ ითამაშა. ჩვენი მიზანია პლეო-ოფში  გავიდეთ და უკეთესი თამაში ვაჩვენოთ.
გიორგი ჯგერენაია(არმია): თამაში საკმაოდ რთული გამოდგა. სიმართლე რომ ვთქვათ, არ მოველოდით ასეთ დაძაბულ შეხვედრას. 2-მა ახალმა მოთამაშემ გუნდი საგრძნობლად გააძლიერა. სოხუმმა ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწია,თუმცა ჩვენი მოვიგეთ და მთავარი ესაა.
ირაკლი ჩლაიძე(სოხუმი): მივულოცავ არმიას. ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, მოედანზე მოსაგებად გავედით, ძალიან გვინდოდა გამარჯვება და ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. ბევრი შეცდომა გვქონდა დაცვაში და ხშირ შემთხვევაში არაშეთანხმებულად ვთამაშობდით. თუმცა პლეი ოფისთვის ვემზადებით და დარწმუნებული ვარ კარგ შედეგს ვაჩვენებთ. მეორე წრიდან ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვართ. 
არმია – სოხუმი 91:84