სოხუმი ქუთაისს ბოლომდე ებრძოლა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

სოხუმი ქუთაისს ბოლომდე ებრძოლა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

სტატისტიკა  
 გალერეასუპერლიგის მე-9 ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს „სოხუმი“
და „ქუთაისი“ დაუპირისპირდნენ.

კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა მოქმედმა ჩემპიონმა დაგეგმილი
გამარჯვება მოიპოვა, თუმცა საკმაო ჯაფაც დაადგა. გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთებამდე
გაურკვეველი იყო.

„ქუთაისმა“ თავიდანვე რომ მოიპოვა ლიდერობა, მთელი შეხვედრა
წინ იყო, თუმცა როგორც ნამატჩევს მათმა მწვრთნელმა, კოტე ტუღუშმა განაცხადა, ქუთაისელებმა
ნაადრევად ჩათვალეს, რომ შეხვედრა მოგებული იყო და კინაღამ დაისაჯნენ. მართლაც, მატჩის
დასრულებამდე 8 წუთით ადრე იმერული კლუბი 10 ქულით იგებდა, თუმცა სოხუმელებს მონდომება
დაუფასდათ და საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს –
79:80.

სოხუმელებს ვეიდ ლათანი ლიდერობდა, რომელმაც საბოლოოდ
35 ქულა მიითვალა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მას ქუთაისელებმა აჯობეს. ბოლო 2 წუთში
ტუღუშის გუნდმა ხელახალი მობილიზაცია გამოაცხადა და დაცვაში კარგი თამაშის სწალობით
სოხუმელებს შეტევის საშუალება არ მისცა, შეტევაში კი გიორგი ცინცაძისა და აკაკი ლომოურის
ქულებით გამარჯვებისთვის საჭირო ქულები მიითვალა. აღსანიშნავია ანატოლი ბოისას კარგი
დაცვითი თამაში, როცა ამ უკანასკნელმა სოხუმელთა ბომბარდირ ლათანს ბოლო წუთზე ბურთი
წაართვა.

გამარჯვებულებს გიორგი ცინცაძემ ულიდერა. ეროვნული ნაკრების
გამთამაშებელმა იმერულ კლუბს 28 ქულა მიუთვალა, გოგა ცეკვავას ანგარიშზე კი 14 ქულა
დაგროვდა. 35-ქულიანი ლათანის კვალზე სოხუმელთაგან
11 ქულა მოაგროვა ოლექსანდრ რიხლიუკმა.
მატჩისშემდგომი კომენტარები

კოტე ტუღუში
(ქუთაისის მთავარი მწვრთნელი):

„ჩვენმა მოთამაშეებმა ნაადრევად ჩათვალეს, რომ მოგება
მოპოვებული გვქონდა და მოეშვნენ. მეტოქემ ამით ისარგებლა, მით უმეტეს, რომ ბოლომდე
მებრძოლ „სოხუმს“ ვეთამაშებოდით და ბოლო წუთებზე თამაში გათანაბრდა. საბოლოოდ ყველაფერი
ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა, თუმცა კარგი გაკვეთილი მივიღეთ“.

ნუგზარ ჭეიშვილი
(სოხუმის მთავარი მწვრთნელი):

„რისი რესურსიც გვაქვს, იმის კვალობაზე კარგად ვითამაშეთ.
ბოლო წუთებზე გამარჯვების რეალური შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში
ვერ ვითამაშეთ შედეგიანად. ვაპირებთ დავიმატოთ უკრაინელი ლეგიონერი, რომელსაც მომავალ
მატჩებში ვათამაშებთ და იმედი მაქვს, გუნდის შედეგები გაუმჯობესდება“.