სოხუმი შსს აკადემიასთან მეოთხედფინალურ სერიაში დაწინაურდა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სტატისტიკა 
გალერეაVIDEO სუპერლიგის პლეი
ოფი საინტერესოდ დაიწყო. პირველ მატჩში ერთმანეთს „შსს-აკადემია“ და „სოხუმი“ შეხვდნენ.
აკადემიელებმა რეგულარული ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულეს, სოხუმელებმა კი – მეშვიდეზე. აქედან
გამომდინარე, ფავორიტად „შსს-აკადემია“ ითვლებოდა, თუმცა კოტე ტუღუშის გუნდმა სტატუსი
ვერ გაამართლა.

შეხვედრა სოხუმელთა
გამარჯვებით – 81:78 დასრულდა. თამაში თანაბრად მიმდინარეობდა და ვერც ერთი გუნდი ვერ
ახერხებდა სოლიდურად დაწინაურებას. ბოლო მეოთხედში აკადემიელებმა მოახერხეს ხელჩასაჭიდი
უპირატესობის მოპოვება. შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ტუღუშის გუნდი 72:58 იგებდა
და თითქმის გარკვეული იყო გამარჯვებულის ვინაობა, მაგრამ ირაკლი ჩლაიძემ და კამერუნელმა
პელე პეილეიმ პატარა საოცრება მოახდინეს.

ირაკლი ჩლაიძემ
ზედიზედ ჩააგდო 3 სამქულიანი და 1 ორიანი, რასაც პელემ 2 სამქულიანიც მიაბა და საფინალო
სირენამდე 2:33 წუთით ადრე „სოხუმი“ დაწინაურდა – 73:72.  აკადემიელებმა მოახერხეს ლიდერობის დაბრუნება და
გიორგი შარაბიძის 2 ზუსტი საჯარიმოს შემდეგ 76:73 დაწინაურდნენ. აქ კი პეილეიმ ისევ
შორიდან ჩააგდო, რასაც სწრაფი გარღვევაც მოაყოლა და საბოლოოდ სოხუმელებმა 3 ქულით იმარჯვეს.

ჩლაიძემ და პეილეიმ
ბოლო მეოთხედში, რომელიც „სოხუმმა“ 25:15 მოიგო, 12-12 ქულა ჩააგდეს. მთლიანობაში კი
პეილეი 32 ქულით ბომბარდირი გახდა, ჩლაიძემ კი 22 მიითვალა. 8-8 ქულა დააგროვეს ბექა
ბექაურმა და გიორგი ჯგერენაიამ. ამ უკანასკნელმა პირად ანგარიშზე 16 მოხსნაც ჩაიწერა.
„შსს-აკადემიაში“ 16 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო შედეგი გიორგი შარაბიძემ დააფიქსირა.
15 ქულით დაასრულა შეხვედრა გიორგი ცინცაძემ.

ამ გუნდებს შორის
მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩი ხვალ, 5 მაისს, 16:00 საათზე გაიმართება. სერია
სამ მოგებამდე გაგრძელდება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):
პირველ რიგში, მივულოცავ ,,სოხუმს’’ დამსახურებულ გამარჯვებას. 40 წუთი იბრძოლეს და
სასურველ შედეგს მიაღწიეს. ბევრი მომენტი იყო, როცა ჩემმა ბიჭებმაც და გულშემატკივარმაც
ალბათ თამაში დამთავრებულად ჩათვალეს, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. ყოველთვის ვამბობ, რომ
პლეი ოფში იოლი მეტოქე არ არსებობს. ,,სოხუმისგან’’ დიდ ხიფათს ველოდებოდით და ასეც
მოხდა. სამწუხაროა, რომ პირველი თამაში წავაგეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით, 16 დაკარგვა
გვქონდა, ,,სოხუმი’’ კი არ არის გუნდი, რომელსაც ამდენი შეცდომით მოუგებ. უნდა დავისვენოთ
და ხვალნდელ თამაშში შეცდომები გამოვასწოროთ. შევეცდებით, სერია საჩვენოდ დავასრულოთ.

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): მადლობა
მოწინააღმდეგე გუნდს. ფავორიტად ,,შსს აკადემია’’ ითვლებოდა, თუმცა ჩვენ მაყურებელს
ლამაზ და კარგ თამაშს დავპირდით და ასეც მოხდა. ჩვენმა გუნდმა ბევრი გაჭირვება გამოიარა,
მაგრამ ჩემი ბიჭების მჯეროდა, მათ დაამტკიცეს, რომ ყველაფერი შეუძლიათ. მადლობა ჩემს
გუნდს თავდადებისთვის და ბრძოლისთვის, მადლობა გულშემატკივარს, განსაკუთრებით კი “სოხუმის” უნივერსიტეტის სტუდენტებს. ასევე ჩვენს კაპიტანს, ირაკლი
ჩლაიძეს, რომელმაც, ფაქტობრივად, პირადად მოიგო ეს შეხვედრა.

ირაკლი ჩლაიძე(,,სოხუმი’’): პირველ რიგში,
დიდი მადლობა ,,შსს აკადემიის’’ გუნდს ასეთი თამაშისთვის. აკადემია ერთ-ერთი ყველაზე
ძლიერი გუნდია და მთავარ ფავორიტებს შორისაა, თუმცა ეს არის პლეი ოფი, სადაც არ არსებობს
ძლიერი და სუსტი, ყველა თანაბარია. ბიჭები დიდხანს ვემზადებოდით ამ თამაშისთვის, ვიცოდით,
რომ რთული ბრძოლა გველოდა, ბოლო ძალები მოვიკრიბეთ და გავიმარჯვეთ. მადლობა ბიჭებს,
ეს თამაში არა მე, არამედ მთელმა გუნდმა, მწვრთნელებმა, მთლიანად ,,სოხუმის’’ კოლექტივმა
და გულშემატკივარმა მოიგო. იმედია, ხვალ კიდევ უფრო მეტი ხალხი მოვა საგულშემატკივროდ,
ჩვენ კი შევეცდებით ისინი კიდევ ერთხელ გავახაროთ.