“სოხუმის” გამარჯვება და თსუ–ს რეკორდი

“სოხუმის” გამარჯვება და თსუ–ს რეკორდი

ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს „დინამო“ და „სოხუმი“  შეხვდნენ. შეხვედრას დინამოელები იგებდნენ,
თუმცა მეორე ნახევარში სოხუმელებმა მოინდომეს და მოპოვებული
გამარჯვებით მე–6 ადგილზე გადაინაცვლეს.

მატჩი საკმაოდ უხვქულიანი და გახსნილი გამოდგა. ორივე გუნდი შეტევას
უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა, ვიდრე დაცვას. დუდა სანაძისა და ილია ლონდარიძის
წინამძღოლობით დინამოელებმა პირველი მეოთხედი 27:14 მოიგეს და მეორე ათწუთეულში
უპირატესობა 15 ქულამდეც გაზარდეს – 39:24. თუმცა სოხუმელები არ გატყდნენ და ზუსტი
სროლებით, მწყობრი დაცვითა და სწრაფი შეტევებით ჩამორჩენა ჯერ გააბათილეს, ხოლო
მესამე მეოთხედში წინაც გაიჭრნენ. მესამე ათწუთეული სოხუმელებმა 33:13 მოიგეს,
რითაც დინამოელებს ყველანაირი იმედი გადაუწურეს.

გამოსარჩევია ირაკლი სორდიასა და თემურ კანკიას შედეგიანობა –
პირველმა 31 ქულას მოუყარა თავი, ხოლო მეორემ 25 მიითვალა.

მეორე მატჩში ბათუმელებმა „სამედიცინო–აკადემიას“  105:76 მოუგეს. ამ მატჩის ბედი თავიდანვე
გადაწყვეტილი იყო – ზღვისპირელებმა პირველი მეოთხედი 13 ქულით მოიგეს, ხოლო დიდი
შესვენების შემდეგ 19–ით ლიდერობდნენ. გამარჯვებულთაგან თავი დავით იმნაძემ (22
ქულა, 16 მოხსნა) და ლაშა კეშელავამ (23 ქულა) გამოიჩინეს. 

ტურის ბოლო მატჩში კი რეკორდები დაფიქსირდა. მიმდინარე სეზონში იმდენი
ქულა და იმხელა სხვაობით გამარჯვება არავის მოუპოვებია, რამდენიც თსუ–მ
ჭიათურასთან მოიპოვა. ნუგზარ ჭეიშვილის გუნდმა 158:69 დაამარცხა „ჭიათურა“.

 გამარჯვებულთაგან 41 ქულით ბომბარდირი
გახდა ვახტანგ მინაშვილი, ხოლო მიხეილ ფანჩულიძემ 35 ქულას მოუყარა თავი.
წაგებულებში კი 10–ქულიან ზღვარს მხოლოდ ფარნაოზ გურული ასცდა, რომელმაც 7
სამქულიანი, მთლიანობაში კი 27 ქულა მიითვალა.