სტატისტიკა
გალერეა სუპერლიგაში მოგების არმქონე ერთადერთი გუნდი დარჩა.
ამ ტურამდე მოუგებელმა „სოხუმმა“ დღეს „ოლიმპს“ დაძაბულ ბრძოლაში – 89:81 სძლია და
სეზონის პირველი გამარჯვება იზეიმა. ერთადერთი გუნდი, რომელსაც ჯერ გამარჯვება არ უზეიმია,
„მგზავრებია“.
არადა, სოხუმელებმა დღევანდელი მატჩი უხეიროდ დაიწყეს
და საწყისი პერიოდის 16:23 წაგების შემდეგ, მატჩის 25 წუთისთვის 13 ქულით – 18:31 ჩამორჩნენ.
ამის შემდეგ სოხუმელებმა თამაში გამოაკეთეს და ზონური დაცვისა და სწრაფი შეტევების
ხარჯზე ჩამორჩენა ხომ შეამცირეს, დიდი შესვენებისთვის კი წინაც გავიდნენ – 40:37.
მეორე ტაიმში დაიწყო ოლიმპელთა ბრძოლა თამაშის გამოსასწორებლად,
რაც საბოლოოდ უშედეგოდ დასრულდა. ლეონიდ ივატინის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა ლევან მასხულიასა
და ტრე ბურნეთის შედეგიანობით ანგარიში რამდენჯერმე გაათანაბრეს, მაგრამ სოხუმელთა
პასუხი ყოველთვის ადექვატური და შედეგიანი იყო.
გადამწყვეტ მომენტში მნიშვნელოვანი ბურთები ჩააგდეს
ოთარ ბულიავამ, ფილიპ მილერმა, დუეინ ლათანმა და დავით ბარბაქაძემ. საბოლოოდ ნუგზარ
ჭეიშვილისა და ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილმა „სოხუმმა“ 89:81 იმარჯვა და მიმდინარე
სეზონის ცხრილში პირველი გამარჯვება ჩაიწერა.
გამარჯვებულებს 28 ქულით ამერიკელმა დუეინ ლათანმა ულიდერა.
19 ქულა მოაგროვა ოთო ბულიავამ, ხოლო ფილიპ მილერის ანგარიშზე 17 ქულა და 10 პასი დაგროვდა.
„ოლიმპში“ 19 ქულით ბომბარდირი გახდა ლევან მასხულია, ტრე ბურნეთის ანგარიშზე კი
14 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა.
მე-5 ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს „კაკტუსი“ და „დინამო“
დაუპირისპირდებიან.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ნუგზარ ჭეიშვილი (“სოხუმის” მთავარი მწვრთნელი): ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. ტრავმის გამო
გვაკლდა მერაბ ბოქოლიშვილი და შეიძლება ითქვას, რომ გაგვიმართლა. საკმაოდ ძლიერ გუნდს
დაძაბულ ორთაბრძოლაში ვაჯობეთ. გაამართლა ჩვენმა სათამაშო ტაქტიკამ, რაც ზონური პრესინგის
დამსახურებაა. სეზონის პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ, რაც დიდი სტიმულია და ვფიქრობ,
გუნდის განწყობაზე სამომავლოდ კარგად იმოქმედებს.
ლეონიდ ივატინი
(“ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): თავიდან თამაში ორგანიზებულად დავიწყეთ,
თუმცა შემდეგ დაცვაში დაშვებული შეცდომების გამო, მეტოქე გუნდს შანსი მიეცა სხვაობაში
ჩამორჩენა აღმოეფხვრა. დაცვაში სათანადოდ ვერ ვიასპარეზეთ, რამაც საბოლოოდ ჩვენი დამარცხება
განაპირობა.