სტატისტიკაგალერეაგუშინ დაწყებული სუპერლიგის მე-10 ტური დღეს 2 მატჩით
დასრულდება. პირველი შეხვედრა თბილისის ახალ სპორტის სასახლეში უკვე გაიმართა. ჩემპიონატის
ერთ-ერთმა ლიდერმა „სოხუმმა“ ბოლო ადგილზე მყოფი „აკადემია“ ზედმეტი გართულებების გარეშე
– 95:69 დაამარცხა.
არადა, აკადემიელებმა მძლავრად დაიწყეს და საწყისი
5 წუთის შემდეგ 9:5 დაწინაურდნენ. სანამ თამაშს დაალაგებდნენ, სოხუმელებს მცირე დრო
დასჭირდათ. ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა პირველი მეოთხედის ბოლოსკენ ინიციატივა მოიპოვა
და პირველ შესვენებას ლიდერის ამპლუაში შეხვდა – 23:21.
„სოხუმი“ გუნდურად თამაშობდა, თუმცა ბომბარდირის ფუნქცია
ამერიკელმა ფილიპ მილერმა ითავა, რომელმაც საბოლოოდ 21 ქულა მიითვალა. სტაბილურად ირჯებოდნენ
სოხუმელთა დანარჩენი მოთამაშეები, რომელთაგან ეროვნული ნაკრების წევრის – ლევან ფაცაციას
გარჯაა გამოსარჩევი. ფაცაციამ 11 მოხსნა, 11 პასი და 8 ქულა მიითვალა და სეზონის პირველ
ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა.
მეორე მეოთხედი გარდამტეხი გამოდგა, რომელიც კვარაცხელიას
გუნდმა 29:14 მოიგო და დიდი შესვენებისთვის ხელჩასაჭიდი სხვაობით დაწინაურდა –
52:35. დიდი შესვენების შემდეგ „აკადემია“ გამოერკვა და მეტოქესთან ჩამორჩენა 6 ქულამდე
შეამცირა, თუმცა სოხუმელებმა მალევე მიიღეს შესაბამისი ზომები და სწორი ტაქტიკითა და
საშემსრულებლო ოსტატობით ლიდერობა გაიმყარეს.
მატჩი საბოლოოდ სოხუმელთა 26-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა.
სოხუმელთა ლიდერებზე მოგახსენეთ, ხოლო „აკადემიაში“ 18 ქულით მორის ბრიგსი გამოირჩა.
11-11 ქულა სამმა კალათბურთელმა – კახა ტომარაძემ, ვლადიმერ კრისევიჩმა და აკაკი ლომოურმა
მოაგროვეს.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ვაჟა კვარაცხელია, ,,სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი:
„წინა ტურში, „ოლიმპთან“ დასანანი მარცხი ვიწვნიეთ
1 ქულით და ამის გამო შეხვედრის დათმობის უფლება აღარ გვქონდა. ვინც არ უნდა ყოფილიყო მეტოქე,
ჩვენი გუნდი ისეთ ფსიქოლოგიურ განწყობაზე იყო, რომ ნებისმიერ მეტოქეს დაამარცხებდა.
ფინანსურ პრობლემებს განვიცდით და ველოდებით ახალი წლის დადგომას, რათა ვითარება ახალი
ბიუჯეტიდან შემოსული ფინანსებით გამოსწორდეს“.
გელა წულაძე, „აკადემიას“ მთავარი მწვრთნელი:
„ჩვენმა გუნდმა მომზადება შედარებით გვიან დაიწყო და
ამის გამო მოთამაშეები ფიზიკურად სასურველ ფორმაში არ არიან. ამიტომაც სწრაფ გუნდებთან
გვიჭირს, ფეხს ვერ ვუბამთ და ასე იყო „სოხუმთანაც“. მეტოქემ ძირითადად სწრაფ თამაშში
გვაჯობა“.