ცენტრალური მატჩში ერთმანეთს ბოლო 11 მატჩში დაუმარცხებელი „არმია“ და
„სოხუმი“ ხვდებოდნენ. აინარს ბაგატცკისის გუნდს ერთ–ერთი ლიდერი ლაშა ფარღალავა
აკლდა, რაც სოხუმელთა ისედაც მცირე შანსებს კიდევ უფრო დაბლა სცემდა.
საბოლოოდ ასეც მოხდა: ისედაც ფავორიტად მიჩნეულმა „არმიამ“ „სოხუმი“ 11
ქულის სხვაობით დაამარცხა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბაგაცკისის გუნდმა
ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია არმიელებს.
ფარღალავას არყოფნაში ბურთს ამერიკელი იუჯინ ჰარისი ათამაშებდა, რაც
მას ჩინებულად გამოსდიოდა. ლევან მოსეშვილის გუნდის უპირატესობა სიმაღლეში იყო.
223–სანტიმეტრიან სერგო ათუაშვილს ფარქვეშ ზურგს 210–სანტიმეტრიანი გიორგი შარაბიძე უმაგრებდა. ეს ტანდემი თითქმის
ყველა ბურთს ხსნიდა და არმიელების უპირატესობა ანგარიშშიც აისახა: პირველი
მეოთხედი მოსეშვილის დამოძღვრილმა გუნდმა 21:14 მოიგო.
მეორე ათწუთეულში სოხუმელებმა თამაში დაალაგეს. ფარქვეშ გააქტიურდა
რიჩარდ დამუსი, რომელსაც კარგად ეშველებოდა ზვიად ანთაძე. მათი გააქტიურება
ნაწილობრივ იმით იყო გამოწვეული, რომ მოედნიდან ტანმაღალი ათუაშვილი გავიდა. მეორე
მეოთხედი სოხუმელებმა 2 ქულით მოიგეს და დიდ შესვენებაზე მხოლოდ 5 ქულას აგებდნენ.
მეტიც, ბაგაცკისის გუნდმა მესამე მეოთხედის ახალდაწყებულზე ჩამორჩენა მინიმუმამდე
შეამცირა – 40:41.
არმიელებისთვის ეს გამოდგა განგაშის ზარი, რადგან ამის შემდეგ
მოსეშვილის შეგირდებმა სისწრაფეს და სიზუსტეს უმატეს, მოედანზე ათუაშვილი
დაბრუნდა, გუნდის ლიდერი კოტე ტუღუში ჩვეულად ათამაშდა და „არმიამაც“ მესამე
მეოთხედი 23:14 მოიგო – შესაბამისად 14 ქულით დაწინაურდა.
თუკი სოხუმელებს ამ მატჩში რამის პრეტენზია ჰქონდათ, წინ გადამწყვეტი
მეოთხედი ჰქონდათ, მაგრამ მაქსიმუმი, რაც მათ მოახერხეს, ანგარიშიც შემცირება იყო.
„არმიამ“ საბოლოოდ საჭირო გამარჯვება მოიპოვა და დროებით თსუ–სთვის დათმობილი
ლიდერობა დაიბრუნა.