არენა 76-მა დაამარცხა ოლიმპი, თუმცა სუპერლიგის საგზური ვერ მოიპოვა. საკვალიფიკაციო სერიებში გამარჯვება 2 მატჩის ჯამში ითვლებოდა და 8 ქულით წაგებული პირველი შეხვედრის შემდეგ არენელებს დღეს ოლიმპთან წარმატების მისაღწევად 9-ქულიანი გამარჯვება ესაჭიროებოდათ.
არენა-76 1 ქულით – 82:81 იმარჯვა და 2 მატჩის ჯამში 7 ქულით დამარცხდა. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილი არენელები თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 14 ქულით იგებდნენ და ის, რომ შეხვედრა სასურველი, 9-ქულიანი გამარჯვეით დაესრულებინათ, სავსებით რეალური იყო. დარჩენილ დროში ოლიმპელებმა დენის ნოსკოვისა და მარკო დუიკოვიჩის შედეგიანობით მოახერხეს ჩამორჩენის გაბათილება და დაწინაურებაც კი.
შეხვედრის დასრულებამდე 0.5 წამით ადრე დავით ლომიძემ სამქულიანი ჩააგდო და არენას გამარჯვება მოუტანა. მინიმალური სხვაობით გამარჯვება პრესტიჟის საქმე იყო, თორემ 2 მატჩის ჯამში გამარჯვება ოლიმპს დარჩა, რომელმაც სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ნოსკოვი ოლიმპელებს 27 ქულით შეეწია, მარკო დუიკოვიჩმა კი შეხვედრა 20 ქულით და 26 მოხსნით დაასრულა. მატჩის ბომბარდირი ჯერემი ბაინამი გახდა, რომელსაც 28 ქულა დაუგროვდა.
მეორე საკვალიფიკაციო სერიაში ყველაფერი იოლად გადაწყდა. მართალია, წყალტუბოელებმა დიდი შეუპოვრობა გამოავლინეს და ბოლო მეოთხედამდე შანსს ინარჩუნებდნენ, თუმცა სოხუმელების ძლევა ვერც მეორე შეხვედრაში მოახერხეს. წყალტუბოში 28 მაისს გამართული პირველი მატჩი სოხუმელთა 3-ქულიანი გამარჯვებით – 77:74 დასრულდა. საპასუხო შეხვედრაში იმერულ კლუბს 4 ქულით გამარჯვება ესაჭიროებოდა, თუმცა 66:77 წააგო და სუპერლიგაში ვერ გადავიდა.
ასე და ამგვარად, სუპერლიგაში სტატუს-კვო შენარჩუნდა. ბოლო 2 ადგილზე გასულმა სოხუმმა და ოლიმპმა სუპერლიგაში ასპარეზობის უფლება მინიმუმ კიდევ ერთი სეზონით გაიხანდრძლივეს. მომავალი სეზონიდან ფორმატი შეიცვლება და სუპერლიგის ბოლოადგილოსანი ლიგას პირდაპირ დატოვებს, რომელსაც „ა“ ლიგის გამარჯვებული ჩაანაცვლებს. მეორე წყვილში კი წლევანდელის მსგავსად, საკვალიფიკაციო სერია გაიმართება.
სოხუმი – წყალტუბო 77:66
ოლიმპი – არენა 81:82
სტული სტატისტიკის სანახავად დაკლიკეთ ანგარიშზე