სტატისტიკაგალერეასუპერლიგის 4 მოლიდერე გუნდიდან ორმა – „ქუთაისმა“ და
„ბათუმმა“ მე-5 ტურში გამარჯვებები მოიპოვეს, ხოლო კიდევ 2 ლიდერი – „დინამო“ და „სოხუმი“
ბოლო მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ. შესაბამისად, ლიდერთა ოთხეული ერთი გუნდით უნდა შემცირებულიყო
და ესეც მოხდა – ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილმა სოხუმელებმა ირაკლი ხოშტარიას „დინამოს“
66:62 სძლიეს და „ქუთაის“-„ბათუმთან“ ერთად ცხრილის სათავეში დარჩნენ.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა – განსაკუთრებით,
მისი დასკვნითი ნაწილი. სოხუმელები მატჩის უმეტეს ნაწილს იგებდნენ, ერთხანს 15 ქულითაც
გავიდნენ წინ. ამერიკელი უკანახაზელი ფილიპ მილერი კვარაცხელიას გუნდისთვის კარგი შენაძენი
გამოდგა, ხოლო ლევან ფაცაციას დამატებით სოხუმელებს დიდი ძალა შეემატათ.
ეროვნული ნაკრების წევრმა – ლევან ფაცაციამ, რომელიც
ტრავმირებული იყო, სოხუმელთა შემადგენლობაში ამ სეზონში პირველად ითამაშა და დებიუტი
ორმაგი დუბლით აღნიშნა. უნივერსალმა ფორვარდმა 15 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, თუმცა
მან გონივრული თამაშით არანაკლები სამსახური გაუწია „სოხუმს“.
მიუხედავად სოხუმელთა ხანგრძლივი ლიდერობისა, დინამოელები
არ ტყდებოდნენ და მესამე მეოთხედის ბოლოს ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირეს – 46:47. ბოლო
პერიოდში მილერის და ფაცაციას შედეგიანობის ხარჯზე „სოხუმი“ ისევ გაექცა მეტოქეს –
63:53 დასრულებამდე 3,30 წუთით ადრე. „დინამო“ მაინც არ დანებდა და მიხეილ ბერიშვილისა
და გიორგი შარაბიძის მექულეობით ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. შარაბიძეს მეორე სროლაც
რომ ჩაეგდო, ანგარიში მინიმუმამდე მცირდებოდა, მაგრამ დინამოელთა ცენტრმა ააცილა, სოხუმელებმა
კი სიზუსტე გამოიჩინეს და მატჩის ბედი საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე გადაწყდა.
გამარჯვებულთა ბომბარდირმა ფილიპ მილერმა 25 ქულა მიითვალა,
ხოლო ფაცაციას ორმაგ დუბლზე ზემოთ მოგახსენეთ. „დინამოში“ ორმაგი დუბლით – 15 ქულა,
10 მოხსნა – მიხეილ ბერიშვილი გამოირჩა, გიორგი შარაბიძის ანგარიშზე კი 16 ქულა დაგროვდა.
სუპერლიგის მე-5 ტური დასრულდა. ცხრილის სათავეში 3
მოგებისა და 1 წაგების მქონე 3 გუნდია – „სოხუმი“, ქუთაისი“ და „ბათუმი“. მორიგი ტურის
მატჩები 20 და 21 ნოემბერს – ბათუმსა და თბილისში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ხოშტარია (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი): მიუხედავად მარცხისა, გუნდის თამაშით უკმაყოფილო არ ვარ, რადგან ვიბრძოლეთ და ყველაფერი გავაკეთეთ. თუმცა გუნდში რომ პრობლემები გვაქვს, ეს ფაქტია.
ვაჟა კვარაცხელია(“სოხუმის” მთავარი მწვრთნელი): “დინამო” საკმაოდ ძლიერი გუნდია და ვიცოდით რომ დაძაბული ბრძოლა იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ძირითადი ცენტრი სერგო ათუაშვილი თამაშის მსვლელობისას დაგვიშავდა, გამარჯვება მაინც მოვიპოვეთ. მადლობა ბიჭებს ასეთი თამაშისთვის.