სტატისტიკა
გალერეა
სუპერლიგის მე-3 ტური დღეს რეგიონებში დაიწყო. პირველ
მატჩს რუსთავმა უმასპინძლა, სადაც ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი “სოხუმი”
ჩავიდა და ადგილობრივი გუნდი ზედმეტი გართულების გარეშე – 78:45 დაამარცხა.
სოხუმელთა მწვრთნელმა, ვაჟა კვარაცხელიამ თავს უფლება
მისცა, თამაში ოპტიმალური შემადგენლობით არ დაეწყო. მოედანზე თავიდანვე ვერ ვიხილეთ
ამერიკელი გამთამაშებელი ჯოშუა ჯექსონი, ვახტანგ ქადარია და ნიკა მეტრეველი. შესაბამისად,
მასპინძლებმა პირველ მეოთხედში მეტოქეს ტოლი არ დაუდეს და საწყისი ათწუთეული 11:9 მოიგეს.
პირველი პერიოდის ბოლო წუთებზე მოედანზე სოხუმელთა ძირითადი
ხუთეულის წევრები გამოჩდნენ – ჯოშუა ჯექსონმა სტუმრებს სისწრაფე შემატა, ხოლო მეტრეველმა
ფარქვეშ იყოჩაღა და როცა შეცვლაზე შემოსულმა რატი ბააკაშვილმაც გაისწორა მიზანი, სოხუმელებმა
გაქცევა მოაწყვეს. მეორე ათწუთეული კვარაცხელიას გაწვრთნილმა გუნდმა 29:14 მოიგო და
დიდ შესვენებაზე 14-ქულიანი ლიდერობით გავიდა. სტუმართა წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვოდა
ირაკლი ჩლაიძეს, რომელიც საბოლოოდ მატჩის ბომბარდირი გახდა.
მესამე პერიოდში სოხუმელებმა საბოლოოდ გაიფორმეს გამარჯვება,
როცა ათწუთეული 20:14 მოიგეს და ბოლო მეოთხედის წინ 19 ქულით დაწინაურდნენ. დარჩენილ
დროში რუსთაველებმა სათადარიგო, ახალგაზრდა კალათბურთელები გამოიყვანეს და საბოლოოდ
შეხვედრაც სოხუმელთა 33-ქულიანი სხვაობით დასრულდა.
გამარჯვებულთაგან 18 ქულით საუკეთესო ირაკლი ჩლაიძე
გახლდათ, ხოლო ნიკა მეტრეველმა 14 მიითვალა. ორმაგი დუბლით დაასრულა ჯერემი საიმონსმა,
რომელმაც 10 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა. რუსთაველთაგან 12-12 ქულა ჰქონდათ ლევან ხმელიძესა
და რევაზ ჩაჩანიძეს.
დღეს კიდევ ერთი მატჩი ქუთაისში გაიმართება, სადაც ადგილობრივ
გუნდს “მაკაბი” დაუპირისპირდება. შეხვედრა 18 საათზე დაიწყება.
მატჩისშემდგომი
კომენტარები:
ოთარ ხმელიძე,
“რუსთავის” მთავარი მწვრთნელი:
“სოხუმი” ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია
და შედეგიც ლოგიკურია. სადამდეც შეგვეძლო, მეტოქეს გავუძალიანდით, პირველ მეოთხედში
განსაკუთრებით კარგად ვითამაშეთ, თუმცა შემდეგ სოხუმელებმა თამაში გამოასწორეს და დამსახურებულად
გაიმარჯვეს. ჩვენ არ გვყავს ისეთი მოთამაშეები, რომ მეტოქისთვის სათანადო წინააღმდეგობა
გაგვეწია.
ვაჟა კვარაცხელია,
“სოხუმის” მთავარი მწვრთნელი:
შეხვედრა ექსპერიმენტალური შემადგენლობით დავიწყეთ,
რადგან მეტოქე არ გვყავდა ისეთი, რომ საფრთხე დაგვმუქრებოდა. პირველი ხუთეულით ვითამაშებდით
თუ მეორეთი, უნდა მოგვეგო და საბოლოოდ ასეც მოხდა. მთავარია, სხვა, უფრო ძლიერ გუნდებთან
გავიმარჯვოთ, დღევანდელი მოგება კი ლოგიკური იყო.