“სოხუმმა” სსაუ–ს ვერ დაუფარა

“სოხუმმა” სსაუ–ს ვერ დაუფარა

სუპერლიგის დღევანდელ ტურში დაძაბულობის დეფიციტი იყო და ყველაზე
საინტერესოდ მაინც „სოხუმისა“ და სსაუ–ს მატჩმა ჩაიარა. აუტსაიდერმა დიდი ბრძოლა
გაუმართა ერთ–ერთ ფავორიტს, მაგრამ ბოლომდე ძალა არ ეყო.

სოხუმელებმა მძლავრად დაიწყეს და სანამ აგრარელები გონს მოეგებოდნენ,
სამქულიანებით გვარიანი უპირატესობა დაიბევეს 12:4. სოხუმელთაგან კანკია,
ბერიშვილი და სორდია გამოირჩეოდნენ. ვაჟა კვარაცხელიას  გუნდმა საწყისი მეოთხედი 30:23 მოიგო და მეორე
მეოთხედშიც არ თმობდა პოზიციებს, რომ არა სსაუ–ს გამთამაშებელ ბექა წივწივაძის
შედეგიანობა. აგრარელთა კაპიტანმა ქულებიც აგროვა და პასებიც არიგა, სსაუ კი დიდი
შესვენებისთვის 49:43 დაწინაურდა.

სოხუმელებმა მესამე მეოთხედშიც არაფერი დაუთმეს ცხრილში მათზე
გაცილებით მაღლა მყოფ აგრარელებს და ერთ ეპიზოდში წამოეწივნენ კიდეც, მაგრამ საბოლოოდ
ძალამ მაინც თავისი გაიტანა. ბოლო მეოთხედის წინ სსაუ–მ 9–ქულიანი უპირტესობა
მოიპოვა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.

„სამედიცინო–აკადემიისა“ და „ჭიათურის“ დაპირისპირებას ის ინტრიგა
ახლდა, რომ სწოდედ ამ გუნდებს შორის უნდა გათამაშდეს პლეი ოფის ბოლო საგზური.
როგორც იცით, რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პლეი ოფში ბრძოლას 8
საუკეთესო გუნდი განაგრძობს – ანუ ერთი გუნდი განზე უნდა დარჩეს და როგორც
დღევანდელმა შედეგმა ცხადყო, ეს გუნდი ალბათ „ჭიათურა“ იქნება.

თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ მედიკოს–აკადემიელებმა უპირატესობა
მოიპოვეს და შეხვედრაც აუღელვებლად მიიყვანეს გამარჯვებამდე. ეს გელა წულაძის
გუნდისთვის მეორე გამარჯვება გახლდათ. „სამედიცინო–აკადემიამ“ პირველ წრეშიც
დაამარცხა „ჭიათურა“.

ტურის ცენტრალურ მატჩში თსუ–მ „დინამოს“ 113:87 მოუგო. თავი ისახელა
სტუდენტების გამოცდილმა უკანახაზელმა შიო ხეცურიანმა, რომელმაც კარგა ხნიანი
შესვენების შემდეგ კვლავ გამოავლინა ბომბარდირული თვისებები და თავისიანებს 27
ქულა მოუნაგრა.

მატჩის ბომბარდირი დუდა სანაძე გახდა, რომელმაც 29 ქულა მოაგროვა. 11
ტურის შემდეგ გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს დაუმარცხებელი „ენერჯი–ინვესტი“.
თსუ–ს და სსაუ–ს კი 2–2 წაგება აქვთ და 2–3 ადგილებს ინაწილებენ.