დღეს
, 13:00 საათზე, სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში სუპერლიგის 2012-13 წლების სეზონის დაწყებასთან
დაკავშირებით გიამართა პრესკონფერენცია,
რომელსაც სუპერლიგის აღმასრულებელი დირექტორი
გიორგი ზაბახიძე და ჩემპიონატში მონაწილე გუნდების მწვრთნელები დაესწრნენ.
2012-13 წლების ეროვნული ჩემპიონატი (სუპერლიგა) ხვალ
20 ოქტომბერს დაიწყება, სადაც მონაწილებას 11 გუნდი მიიღებს : არმია, ქუთაისი, ოლიმპი, შსს
აკადემია, სოხუმი, დინამო თსუ, თსსუ, სტუ, რუსთავი, ბათუმი-რსუ.
მატჩები თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში გაიმართება.
სუპერლიგის
მატჩები თბილისის სპორტის სასახლეში შაბათობით შედგება, ხოლო რეგიონებში ტრადიციულად
პარასკევობით. გამონაკლისია პირველი წრის პირველი ტურის შეხვედრა ქუთაისსა და სამედიცინოს
შორის, რომელიც 21 ოქტომბერს ქუთაისში
18:00 საათზე დაიწყება.
პრესკონფერენცია გახსნა სუპერლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა
გიორგი ზაბახიძემ, რომელმაც საკალათბურთო სეზონის დაწყებასა და მის მზადების პროცესთან
დაკავშირებით ისაუბრა:
გიორგი ზაბახიძე: 2012-2013 წლების სუპერლიგის სეზონი დუდუ დადიანის
მემორიალით გაიხსნა. სუპერლიგის პირველი წრის პირველი ტური სტარტს ხვალ 20 ოქტომბერს
თბილისის სპორტის სასახლეში აიღებს. სუპერლიგის ვებ-გვერდი კიდევ უფრო გაუმჯობესდება
და სუპერლიგის მატჩების ნახვა (ტექსტური live) მომხმარებელს ონლაინ რეჟიმში შეეძლება.
ამას გარდა ვებ-გვერდზე დაიდება და გაშუქდება ყველა ინფორმაცია, მათ შორის დებულება,
რომელიც კლუბებთან შეთანხმებით გაკეთდა. იმ
შემთხვევაში თუ კლუბები თანახმანი იქნებიან, შესაძლოა კალენდარში განხორციელდეს ცვლილება
და თამაშები 11:45 საათის ნაცვლად 14:00 საათიდან
დაიწყოს.
გორგი ზაბახიძის მიმართვის შემდეგ კომენტარი გააკეთეს
სუპერლიგაში მოასპარეზე გუნდების მწვრთნელებმაც:
კოტე ტუღუში (არმია): ვულოცავ კალათბურთის
ყველა გულშემატკივარს ახალი სეზონის დაწყებას. წლევანდელი ჩემპიონატი ვფიქრობ შარშანდელთან
შედარებით გაცილებით საინტერესო და სანახაობრივი
იქნება, რადგან სამწუხაროდ ჩვენი კლუბი ლეგიონერების ხარჯზე არც ისე ძლიერად გამოიყურება.
სამაგიეროდ დავიმატეთ მაღალი კლასის ქართველი კალათბურთელები, რომლებიც ჩვენს გუნდს
დიდ დახმარებას გაუწევენ, როგორც ეროვნულ ჩემპიონატში, აგრეთვე ,,ევროჩელენჯზე“. დუდუ
დადიანის მემორიალიდან გამომდინარე გაძლიერდნენ სხვა კლუბებიც. კარგად გამოიყურებიან
შსს აკადემიისა და ოლიმპის კლუბები. სასიხარულოა, აგრეთვე რუსთავის განახლებული შემადგენლობით
ასპარეზობა წლევანდელ სეზონში. აქედან გამომდინარე ველოდები ძალიან დაძაბულ და საინტერესო
ჩემპიონატს.
რაც შეეხება
მთავრობაში განხორცილებულ ცვლილებებს, იმედია ეს ფაქტი უარყოფითად არ აისახება სპორტზე
და კონკრეტულად კალათბურთზე. მე როგორც მწვრთნელი
იმ მიზნისკენ მივიწევ, რომელსაც ხელმძღვანელობა მისახავს, კლუბის ბიუჯეტთან
დაკავშირებით კი ,,არმიას“ პრეზიდენტს, თემურ ხევსურიანს უნდა მიმართოთ.
გეორგის კეცელიდისი (შსს აკადემია): ახალ სეზონს გაძლიერებული შემადგენლობით
ვხვდებით. დავიმატეთ რამდენიმე ლეგიონერი და ვფიქრობთ ყველა გუნდისთვის გუნდი ძლიერი კონკურენტი ვიქნებით. რაც შეეხება საქართველოს
მთავრობის ცვილილებას, ვფიქრობ რომ სპორტის ყველა სახეობა და კონკრეტულად კალათბურთი
უპირობოდ გამიჯნული უნდა იყოს პოლიტიკისგან
და თავის საქმეს უნდა ემსახურებოდეს.
ირაკლი ხოშტარია
(დინამო): ჩვენი კლუბი წელს იგივე სიძლიერის იქნება როგორც გასულ სეზონში. რა თქმა
უნდა, ჩემპიონატის განმავლობაში დავიმატებთ
მოთამაშეებს, მაგრამ ძირითადად დავრჩებით ისეთივე გუნდი, როგორც შარშან.
გია კაზანჯიანი
(ოლიმპი): ვფიქრობ, წელს გუნდები კიდევ უფრო გაძლიერდებიან და შესაბამისად სუპერლიგის დონეც უფრო ამაღლდება. რაც
შეეხება ,,ოლიმპს“, 4 ლეგიონერი გვყავს და ვიმედოვნებთ ახალ სეზონში გაცილებით უკეთესად ვიაპარეზებთ
და უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ.
გია ტეტელაშვილი (სტუ): ტექნიკური
უნივერსიტეტის გუნდი მოკრძალებული შემადგენლობით იასპარეზებს, სამწუხაროდ ჩვენი ბიუჯეტი
საკმარისი არ არის იმისთვის რომ ჩემპიონატში საკმაოდ მაღალი შედეგი ვაჩვენოთ.
მიხეილ ბერუაშვილი (რუსთავი): მნიშვნელოვანია,
რომ რუსთავი ყოველთვის გამოირჩეოდა საკალათბურთო
სკოლით, რომლის ხარჯზეც რუსთავმა შეძლო საკმაოდ რთულ მომენტებში ასპარეზობა ეროვნულ
ჩემპიონატში. მოხარულნი ვართ, რომ წლევანდელ სეზონში გაცილებით ძლიერი შემადგენლობით
ვიასპარეზებთ, ორი ლეგიონერი დავიმატეთ და იმედი გვაქვს პლეიოფშიც ვითამაშებთ.