სტატისტიკის ფაქტორი

სტატისტიკის ფაქტორი

სანამ ამ წერილის კითხვას დაიწყებდეთ, ერთ რამეზე შევთანხმდეთ… უფრო სწორად, თუ არ თვლით, რომ კალათბურთი სტატისტიკის გარეშე არაფერია, ჯობს კითხვას თავი დაანებოთ და ამავე საიტის სხვა, უფრო სახალისო
განყოფილებაში გადახვიდეთ. ხოლო ვისაც კალათბურთი მხოლოდ საყურებლად არ გიზიდავთ და მისი შედეგებიც გაინტერესებთ, ინტერესით ჩაიკითხავთ ამ წერილს.ის, რომ სტატისტიკა კალათბურთის განუყოფელი ნაწილია, ამაზე ამ თამაშის საზღვარგარეთელი მოყვარულები კარგა ხანია, შეთანხმდნენ. რატომ საზღვარგარეთელი? იმიტომ, რომ თუკი ჩვენში სრული სტატისტიკის ათვლა ბოლო წლებში დაიწყეს, ამას დასავლეთში კარგა ხანია, აკეთებენ. ეს ასეც უნდა იყოს, რადგან მოთამაშემ ზუსტად უნდა იცოდეს იმის შედეგი,რისთვისაც მთელი სეზონი ღვრის ოფლს. სტატისტიკა მწვრთნელებისთვის საუკეთესო საშუალებაა, განსაზღვროს, თუ რაშია ესა თუ ის მოთამაშე ძლიერი და რაზე მართებს მუშაობა.განვითარებულ საკალათბურთო ქვეყნებში სულაც სტატისტიკა განსაზღვრავს მოთამაშის ღირებულებას. მაგალითად, თუკი ნბა–ში მოთამაშე კალათბურთელი მატჩში საშუალოდ 10 ქულას და ამდენივე მოხსნას აგროვებს, წელიწადში მინიმუმ 6–8 მილიონიანი კონტრაქტი გარანტირებული აქვს. რაც უფრო მეტია სტატისტიკური მონაცემები, ფასიც, შესაბამისად მატულობს და ასევეა პირიქით.ერთი სიტყვით, სტატისტიკაზეა დამოკიდებული თითქმის ყველაფერი, რაც მოედნის გარეთ ხდება. უფრო სწორად, როცა მთავრდება თამაში, მერე იწყება სტატისტიკის განხილვა, რასაც ყველა თავისებურად იყენებს: მწვრთნელი თავისი გუნდის სუსტ და ძლიერ წერტილებს საზღვრავს, მოთამაშე ცხოველ ინტერესს იკმაყოფილებს, ჟურნალისტს რეპორტაჟის დასაწერად ჩინებული „შპარგალკა“ აქვს ხელთ, მენეჯერი თუ აგენტი სასურველი კალათბურთელის ავკარგიანობას ამოწმებს და ასე შემდეგ…ამ სიამოვნებას წლების მანძილზე მოკლებული იყო ქართული საკალათბურთო სამყარო. საქართველოს ჩემპიონატების უმეტესობა ისე ჩატარდა, რომ სრული სტატისტიკა არ ითვლებოდა. სეზონი ისე ჩაივლიდა, რომ მოთამაშეს შეიძლება ვერც კი გაეგო, თუ რამდენ ქულას აგროვებდა არათუ საშუალოდ, არამედ ამა თუ იმ მატჩში. სტატისტიკას ითვლიდნენ ხელით და რიგითი კალათბურთელისა თუ ქომაგისთვის გაურკვეველი მექანიზმით. ანუ იმ ქაღალდებში რომ ჩაგეხედა და ვთქვათ რომელიმე მოთამაშის ქულათა მონაგარი გაგეგო, ან თავგზა აგებნეოდა, ანაც ეს პროცესი იმდენ ხანს წაიღებდა, შედეგის გაგების ინტერესი დაგეკარგებოდა.ისე გამოდიოდა, რომ ბევრს მწვრთბელსა თუ მოთამაშეზე მეტად მატჩის სტატისტიკა ჟურნალისტებს აინტერესებდათ, რომლებიც, ცხადია, ყველა მაჩვენებელს ვერ გამოეკიდებოდნენ და ქულებით კმაყოფილდებოდნენ. რამდენჯერ ყოფილა, რომ ჩემი ხელით ამომიკრეფია თითოეული მოთამაშის თითოეული ნასროლი და ქულები დამიჯამებია, მაგრამ ამ საქმეში საიმედო დამხმარეც მყავდა და ხან თხოვნით, ხან კი ალალი პატივისცემით ყველასთვის ცნობილი საკალათბურთო მდივანი „წოწია“ ლიზა ყოველი მატჩის ოქმს (ცხადია, მხოლოდ ქულებს) მიდგენდა. პასი, მოხსნა, დაკარგვა, ცხადია, მიუწვდომელი რჩებოდა, ხოლო სროლათა პროცენტულობის დადგენა ხომ საერთოდ ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენდა. აი, მოთამაშის მოედანზე გატარებულ დროს კი ძალიანაც რომ გდომოდა, ვერ დაითვლიდი – იმიტომ, რომ ელემენტარულად მონაცემები არ არსებობდა.და წარმოიდგინეთ, რა რევოლუციური მომენტი იყო, როცა 3 წლის წინ ვერის ბაღში კომპიუტერი გამოჩნდა. დამთავრდებოდა თუ არა თამაში, მზად იყო მატჩის სრული სტატისტიკა. წუთი გინდა, ქულა, მოხსნა, პასი… ერთი სიტყვით, ქართულ ჩემპიონატში ცივილიზაციამ შემოანათა, დაიწყო მატჩების კომპიუტერული მომსახურება და სტატისტიკის პროგრამული აღრიცხვა. მახსოვს, როგორი რიგი იდგა ხოლმე საფინალო სასტვენის შემდეგ მდივან–ოპერატორების მაგიდასთან. ჟურნალისტებს მოთამაშეები ასწრებდნენ, ძალიან ბევრს აინტერესებდა თავისი შრომის შედეგი და ინტერესსაც ოქმში ერთი ჩახედვით სრულად იკმაყოფილებდნენ. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ დღის წესრიგში მალევე დადგა სეზონის სრული სტატისტიკის აღრიცხვა. მოთამაშეს ხელთ კი ჰქონდა ყველა მატჩის ოქმი, მაგრამ არანაკლებ საინტერესო იყო იმის გაგება, თუ როგორი იყო მისი საშუალო შედეგიანობა. ცალკეული თამაშების ოქმებით სეზონის სრული სტატისტიკა ვერ დაითვლება, თუკი შესაბამისი პროგრამული მხარდაჭერა არ გაქვს. არადა, არაერთხელ იყო მცდელობა, რომ ყველა მატჩის ოქმი ხელით დათვლილიყო და საშუალო მაჩვენებლები გამოთვლილიყო, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ერთი მცირე უზუსტობა და ყველაფერი თავდაყირა დგებოდა. მერე იმ შეცდომის გამოსწორება იგივე იყო, თივის ზვინში ნემსის ძებნა რომ დაგეწყო. ქართული კალათბურთის მესვეურებმა კარგად იცოდნენ სტატისტიკის ფასი და ამიტომაც იყო, რომ ისეთი პროგრამის ძიებას შეუდგნენ, რომელიც ამ პრობლემას გადაჭრიდა. ესეთი პროგრამები უცხოეთში მრავლად არსებობენ, მაგრამ ლიცენზირებულნი არიან და ხელი მასზე იოლად არავის მიუწვდება. ჰოდა, გადაწყდა, რომ შესაბამისი პროგრამა სპეციალურად სუპერლიგისთვის შექმნილიყო და მისი შედეგები ცალკე ვებ–გვერდზე ასახულიყო. ამ საქმეს ჩინებულად გაართვა თავი „Modart Image”–ის პროგრამისტმა მიშა მკრტჩიანმა, ვისი დახმარებითაც ქართულ სინამდვილეში შეიქმნა პირველი სტატისტიკის გამართულად მთვლელი პროგრამა. ამიერიდან ჩვენი ვებ–გვერდის საშუალებით ყველაზე ოპერატიულად და რაც მთავარია, ზუსტად იქნება დაჯამებული ყველა ის სამქულიანი, საჯარიმო, მოხსნა, პასი თუ ნებისმიერი სათამაშო მაჩვენებელი, რასაც სუპერლიგის მატჩებში აჩვენებენ ჩვენი კალათბურთელები. ვერ ვიტყვით, რომ www.superleague.ge-ს შექმნის მიზანი მხოლოდ სრული სტატისტიკის აღრიცხვა იყო, თუმცა ეს რომ ჩვენი ვებ–გვერდის უმთავრესი და წამყვანი განყოფილებაა, ამაზე მარჩიელობა ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ალბათ უადგილოა.მაშ ასე, ჩვენი საიტის დახმარებით თქვენ უკვე იცით ყველა მატჩის ცალკეული და ჯამური სტატისტიკა, იცით თითოეული სათამაშო კომპონენტის ლიდერები და სხვა ნაირგვარი გუნდური მაჩვენებლები. წინ მეორე წრე და პლეი ოფია, ქართული კალათბურთის გულშემატკივრებსაც ბევრი საინტერესო და სახალისო ამბავი ელოდება სუპერლიგის ამ ახლადშექმნილ ვებ–გვერდზე…