სტუ–დენტური დერბი

სტუ–დენტური დერბი

დღეს სპორტის სასახლეში გამართული 4 მატჩიდან ცენტრალური სტუდენტური
დერბი იყო, რომელშიც ერთმანეთს სახელმწიფო და სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდები
შეხვდნენ.მიუხედავად დიდი მცდელობისა,  თსუ–ს შთამბეჭდავი სხვლა მედიკოსებმაც ვერ
შეაჩერეს
 

მატჩის საწყისი სამი მეოთხედი თანაბარი იყო. მართალია, ძირითადად თსუ
ლიდერობდა, მაგრამ მედიკოსებიც მოინდომებდნენ ხოლმე და იყო რამდენიმე ეპიზოდი
მეორე და მესამე მეოთხედში, როცა ნუგზარ კანდელაკის გაწვრთნილმა მედიკოსებმა
მცირეხნიანი ლიდერობა მოიპოვეს.

სამედიცინო უნივერსიტეტში ისევ ვერ ითამაშა ჯეფრი როჯერსმა. ამერიკელ
ლედიონერს ფეხის ტრავმა აქვს და ზედიზედ მესამე მატჩს ტოვებს. მის გარეშე
დარჩენილმა მედიკოსებმა ძალიან კი მოიწადინეს, მაგრამ საბოლოოდ ვერას გახდნენ.

ილია ლონდარიძისა და რიჩარდ მათიაშვილის ტანდემმა ფარქვეშ ყველაფერში
დაჩაგრა მედიკოსი ოპონენტები და როცა უკანახაზელებმაც იპოვეს საკუთარი თამაში,
თსუ–მ ბოლო მეოთხედში დიდი უპირატესობა, საბოლოოდ კი გამარჯვება მოიპოვა.

ძალიან საინტერესო გამოდგა გათამაშების ლიდერ „არმიასა“ და სტუ–ს
შორის. მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩში საბოლოოდ 28–ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა,
იგი დღევანდელ მატჩებში ალბათ ყველაზე საინტერესო იყო. ახალგაზრდა კალათბურთელებით
დაკომპლექტებული ზურაბ ტომარაძის გაწვრთნილი სტუ საწყისი 3 მეოთხედის მანძილზე
ტოლ–სწორად ებრძოლა ერთ–ერთ ყველაზე ამბიციურ „არმიას“, რომელმაც მიმდინარე
ჩემპიონატის პირველ მატჩში წაგების შემდეგ ზედიზედ 12 შეხვედრა მოიგო.

დაცვაზე ორიენტირებული ტექნიკოსები არმიელებს დიდ პრობლემებს
უქმნიდნენ. მართალია, ლევან მოსეშვილის გუნდი მუდმივად წინ იყო, თუმცა სტუ არ
რჩებოდა და გამუდმებით კუდზე აჯდა. მესამე მეოთხედის ბოლოს ვასილ ბერუაშვილის
სამქულინის შემდეგ ტექნიკოსებმა ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს, თუმცა… ბოლო
მეოთხედში არმიელებმა ერთიანად აიწყვიტეს და ყველა კომპონენტში დამაჯერებელი
ლიდერობა მოიპოვეს. გადამწყვეტი ათწუთეულის 35:12 მოგებით ლევან მოსეშვილის გუნდმა
საბოლოოდ დიდი სხვაობით იმარჯვა.

შსს–სა და „ბათუმის“ მატჩში ყველაფერი თითქმის პირველი მეოთხედის
შემდეგ გადაწყდა. დავით უსტიაშილის გაწვრთნილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს
გუნდმა საწყისი ათწუთეული 28:6 მოიგო და გამარჯვებულის ვინაობა ყველასთვის ნათელი
გახადა.

აგრარული უნივერსიტეტისა და „დინამოს“ მატჩი აგრარელთა უპირატესობით
დაიწყო. გია კაზანჯიანის გაწვრთნილი სსაუ თავიდან დამაჯერებლად უგებდა დავით
თორთლაძის გუნდს, თუმცა ბოლო მეოთხედში ვითარება დაიძაბა. ანგარიშში სხვაობა 5
ქულამდე შემცირდა, მაგრამ აგრარელებმა მობილიზება მოახერხეს და საბოლოოდ მრგვალი
ანგარიშით – 90:80 იმარჯვეს.

 მატჩების სრული სტატისტიკა: http://superleague.ge/calendar.php?round=2&tour=3