სტუ–ს მოგებები გრძელდება

სტუ–ს მოგებები გრძელდება

ზურაბ სტომარაძის გაწვრთნილი 
ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი პროგრესირებს. სტუ–მ სეზონი 7 მარცხით
დაიწყო, თუმცა შემდეგ ისე მოუმატა, რომ ბოლო 5 შეხვედრიდან 4 მოიგო და ცხრილში
მე–7 ადგილამდე აღზევდა.

ტექნიკოსებმა რუსთავის „ენერჯი–ინვესტი“ დიდი სხვაობით
დაამარცხეს. ძველი დრო რომ ყოფილიყო, ეს ასე არ იქნებოდა, თუმცა პირველი წრის
შემდეგ ქვემოქართლური გუნდი წამყვანმა მოთამაშეებმა დატოვეს, მათ ნაცვლად კი
ახალგაზრდები მოვიდნენ და მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა ლიდერებიდან აუტსაიდერებში
გადაინაცვლა. რუსთაველები ჯერჯერობით ინარჩუნებენ ცხრილის შუაში ადგილს, თუმც თუკი
ასე გააგრძელეს, დაღმასვლა არ ასცდებათ.

სტუ–მ ისე აქტიურად დაიწყო თამაში, რომ თავიდანვე სოლიდურ
უპირატესობას დაეუფლა. ტომარაძის გუნდის ლიდერობამ მესამე მეოთხედში 30 ქულას
გადააბიჯა და რუსთაველებმაც წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტეს. გამარჯვებულებს ბექა
ჩიკვილაძემ ულიდერა, რომელიც იმ დღეს 20 წლის გახდა და ქულათა მონაგარიც 20 დააგროვა.
18 ქულა ჰქონდა აკაკი ლომოურს, ხოლო ვასილ ბერუაშვილმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 10
ქულა, 11 მოხსნა.

რუსთაველთაგან თავი ლუკა ხმელიძემ გამოიჩინა, რომელმაც 15 ქულა და 12
მოხსნა მიითვალა.