სპორტის სასახლემ მე-8 ტურის გადადებულ მატჩს უმასპინძლა.
ერთმანეთის წინააღმდეგ სტუდენტური გუნდები წარსდგენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
გუნდმა საკმაოდ იოლად, ანგარიშით 84:53 დაამარცხა „სამედიცინო“ და ჩემპიონატში მე-3
გამარჯვება მოიპოვა.
თანაბარი ბრძოლა მხოლოდ მატჩის პირველ მეოთხედში ვიხილეთ.
სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი 12:6 იგებდა, რის შემდეგაც თსუ-მ თამაშზე სრული კონტროლი
დააწესა და ათწუთეული 17:13 მოიგო.
მეორე მეოხედიდან იუბილარი გიორგი ჩხეიძის გუნდმა სრული
უპირატესობა მოიპოვა და სოლიდური ანგარიშით დაწინაურდა. თსუ შესანიშნავად თამაშობდა
როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და დიდი შესვენებისთვის უკვე 22 ქულით იგებდა. სახელმწიფო
უნივერსიტეტის გუნდში გამოსარჩევი იყო ვასილ ბერუაშვილი, რომელიც შორიდანაც ზუსტად
ესროდა და სწრაფ გარღვევებსაც ახორციელებდა.
საბოლოოდ თსუ-მ 31 ქულის სხვაობით გაიმარჯვა და სუპერლიგის
ცხრილში მე-6 საფეხურზე განთავსდა. „ბათუმის“ მსგავსად თსუ-საც 3 მოგება და 5 მარცხი
აქვს, თუმცა სტუდენტები ზღვისპირელებს პირადი გამარჯვებით ჯობნიან.
თსუ-ში 16 ქულით ბომბარდირი ბერუაშვილი გახდა, გიორგი
ხანიაშვილმა 13 დააგროვა, ხოლო კოტდივუარელმა სერჟ ასელაინმა პირად ანგარიშზე 12 ქულა
ჩაიწერა. დამარცხებულთაგან 11 ქულა მიითვალა გიორგი გაფრინდაშვილმა, ზურა მაისურაძემ
კი თავი 10 ქულას მოუყარა.
მომდევნო, მე-9 ტური 14 და 15 დეკემბერს გაიმართება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
გიორგი ჩხეიძე (თსუ): ამ მატჩისთვის მთელი კვირა ვემზადებოდით. მოხარული ვარ რომ დაცვაში კარგი თამაშითა და შედეგიანი თავდასხმით მიზანს მივაღწიეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ. დიდი მადლობა ჩვენს გუნდს და გულშემატკივრებს.
კახა შენგელია (თსსუ): მივულოცავ თსუ-ს გუნდს დამსახურებულ გამარჯვებას. რაც შეგვეხება ჩვენ, ვერცერთ კომპონენტში გამოვიჩინეთ თავი და ეს შედეგზეც აისახა. თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა მთავარი მწვრთნელის პოსტი დავტოვო. ძალიან მიჭირს ჩემი გუნდის ასეთ ცუდ მდგომარეობაში ხილვა.
დავით ხიზანიშვილი (თსუ): ბევრი ხარვეზი გამოვასწორეთ, განსაკუთრებით კი დაცვაში. მადლობა ბიჭებს ასეთი კარგი თამაშისთვის.
,