სუპერლიგის ერთპიროვნულმა ლიდერმა თსუ-მ ერთ-ერთ აუტსაიდერ მარგვეთთან 95:109 (სტატისტიკა) წააგო და პირველობა დაკარგა. სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის მარცხით ისარგებლა ქუთაისმა, რომელმაც ამ ტურში კავკასიასთან გამარჯვება მიითვალა და ურთიერთშეხვედრების ხარჯზე თსუ-ს გადაასწრო. არის მესამე ლიდერიც – გურჯაანის დელტა, რომელიც ხვალ ამ ტურის მატჩში შინ გაუ-ს მასპინძლობს და თუ გაიმარჯვებს, კახური გუნდი გახდება ერთპიროვნული ლიდერი. არადა, ახლა ცხრილის სათავეში მყოფი ქუთაისი ლიდერად დარჩება.
როგორ მოხდა, რომ თსუ-მ აუტსაიდერთან წააგო? ამის 2 ძირითადი მიზეზი არსებობს, რომელთაგანაც რომელიმეს გამორჩევა ძნელია. პირველი გახლავთ უნივერსიტეტელთა დანაკლისი: ლექსო ლაფანაშვილის გუნდს ტრავმების გამო გიორგი ცინცაძე, ნიკოლა ვუიოვიჩი და ნიკა ჩეჩელაშვილი აკლია. მეორე მიზეზი ზესტაფონური გუნდის შემართებაა. მარგვეთს უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილი გუნდი სუპერლიგიდან დაქვეითების ერთ-ერთი რეალური კანდიდატია და თუ გამარჯვებები არ მოიპოვა, სუპერლიგას დატოვებს.
ზესტაფონელებმა განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს. მარგვეთს თამაში კარგად წაუვიდა – პერიმეტრის მოთამაშეებმა შორიდან ბლომად ბურთები ჩააგდეს, თუმცა არც თსუ იყო ნაკლები: ზესტაფონელთა 14 სამქულიანის საპირწონედ უნივერსიტეტელებმა 13 ჩააგდეს. ფარქვეშ თამაში – აი, რაში გადაწონა იმერულმა კლუბმა მეტოქეს. ფარქვეშ ზესტაფონელებს გოლიათი ტაიშონ კროუფორდი ჰყავდათ, რომელსაც ზურგს მედგრად უმაგრებდა მარტი ჯექსონი. თსუ ფაქტობრივად ცენტრის გარეშე თამაშობდა და სამწამიან ზონაში დაჩაგვრის გამო თამაშიც ფაქტობრივად უშანსოდ წააგო.
ფაქტობრივად შეუჩერებელი იყო კახა ჯინჭარაძე, მაგრამ გარღვევებით მან იმდენი ვერ შემატა თავის გუნდს, რაც ზესტაფონელებმა პერიმეტრს პლუს სამწამიანიდან. ჯინჭარაძე სამმაგ დუბლამდე მივიდა, მაგრამ ამ გამორჩეულ შედეგამდე თითო პასი და მოხსნა დააკლდა: 228 ქულა, 9 მოხსნა, 9 პასი. 14-14 ქულა მიითვალეს ალექსანდრე ფევაძემ და კამერონ კრენსტონმა. გამარჯვებულთაგან კი მარტი ჯექსონი გამოირჩა – 27 ქულა, 11 მოხსნა, 7 პასი. 6 სამიანი და 25 ქულა მიითვალა მაიკლ მეისმა, ლუკა ზაქრაძის ანგარიშზე 20 ქულა და 9 პასი დაგროვდა.
ზესტაფონელებმა ამ გამარჯვებით გადაასწრეს რუსთავს, რომელიც ბოლო ადგილზე დარჩა. შეგახსენებთ, რომ რეგულარული ჩემპიონატის ბოლოს ყველაზე ცუდი შედეგის მქონე გუნდი სუპერლიგა დატოვებს, ბოლოსწინა კი საკვალიფიკაციოში ეცდება მომავალი სეზონში უმაღლესში ასპარეზობის უფლების შენარჩუნებას.