სუპერლიგა ბათუმმა დატოვა

სუპერლიგა ბათუმმა დატოვა

 შედეგები  გალერეადღეს გაირკვა ის გუნდი, რომლის ადგილსაც სუპერლიგის
2017-18 წლების სეზონში მარნეულის „დელტა“ დაიკავებს. „ა“ ლიგის გამარჯვებულმა ქვემოქართლურმა
გუნდმა 3 კვირის წინ მოიპოვა სუპერლიგის საგზური, თუმცა უმაღლესი ლიგაში დასარჩენად
ბრძოლა აქამდე გრძელდებოდა და დღეს, „მგზავრებისა“ და „ბათუმის“ მატჩის შემდეგ გაირკვა,
რომ აჭარული გუნდი სუპერლიგას დატოვებს.

დავით უსტიაშვილის გუნდმა სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის
პირველი წრე მე-4 ადგილზე დაასრულა, თუმცა შემდეგ ბათუმელებს საქმეები აერიათ, შედეგიანობას
უკლეს და რეგულარულის დასრულების შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპში სუპერლიგაში ადგილის
შესანარჩუნებლად მოუწიათ ბრძოლა. „სოხუმმა“, „ოლიმპმა“ და „მგზავრებმა“ უმაღლეს ლიგაში
დასარჩენად საკმარისი ქულები მოიპოვეს, ბათუმელებს კი არ გაუმართლათ – რეგულარულში
წარუმატებლობა საკვალიფიკაციოშიც გაუგრძელდათ და საბოლოოდ ყველაფერი დღეს დასრულდა
– „ბათუმმა“ „მგზავრებთან“ ბოლო ტურის მატჩი 69:101  დათმო და სუპერლიგა დატოვა.

დღესვე გაიმართა საკვალიფიკაციო ეტაპის ერთი მატჩი,
თუმცა „სოხუმისა“ და „ოლიმპის“ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა დაკარგული
ჰქონდა. ორივე მათგანს სუპერლიგაში ადგილი შენარჩუნებული აქვთ. შეხვედრა სოხუმელებმა
111:94 მოიგეს. საკვალიფიკაციოში დარჩენილია 1 მატჩი: 26 მაისს „ოლიმპი“ და „მგზავრები“
ერთმანეთს შეხვდებიან და სეზონსაც დაასრულებენ. 
მგზავრები – ბათუმი  101:69 

სოხუმი – ოლიმპი  111:94