სუპერლიგა დაიწყო: სახელცვლილმა გაუ-მ დებიუტანტი ორბი ოვერტაიმში დაამარცხა

სუპერლიგა დაიწყო: სახელცვლილმა გაუ-მ დებიუტანტი ორბი ოვერტაიმში დაამარცხა

საქართველოს 32-ე ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. სუპერლიგაში წლეულს 11 გუნდი იასპარეზებს, საიდანაც 7 რეგიონისაა, 3 გუნდი კი დედაქალაქს წარმოადგენს. მრავალწლიანი შესვენების შემდეგ სუპერლიგა ტურებად ჩატარდება. თითო ტურში 5 მატჩი გაიმართება, შესაბამისად, 1 გუნდი დაისვენებს ხოლმე.

20 ტურის შემდეგ 8 საუკეთესო პლეი ოფში გადაინაცვლებს. მე-9 ადგილზე გასული გუნდი სეზონს დაასრულებს, მე-10 გუნდი სუპერლიგაში დასარჩენად ქვედალიგელ მეორეადგილოსანთან საკვალიფიკაციო რაუნდში დაიცავს სუპერლიგაში ადგილს, ხოლო ბოლო, მე-11 ადგილზე გასული გუნდი “ა” ლიგაში დაქვეითდება.

პირველი ტურის მატჩები 14, 15 და 16 ოქტომბერს ჩატარდება. 14 ოქტომბერს 2 მატჩია დაგეგმილი, რომელთაგანაც 1 უკვე ჩატარდა. თბილისი არენაზე, გაუ-მ ტყიბულის ორბს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, ოვერტაიმში გადასულ შეხვედრაში 108:102 (სტატისტიკა) იმარჯვა. გაუ გახლავთ კლუბ “ოლიმპის” ახალი სახელწოდება. ნუგზარ აბულაძის (პრეზიდენტი) გუნდი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტ გაუ-სთან კოლაბორაციაში შევიდა და მომავალ სეზონში აღნიშნული უნივერსიტეტის სახელით იასპარეზებს.

პირველივე მატჩში სახელცვლილმა გუნდმა დიდი ბრძოლა გადაიტანა. სუპერლიგაში “ა” ლიგიდან” ამოსულმა ტყიბულის “ორბმა” გაუ-ს თანაბარი ბრძლა გაუმართა. მეორე მეოთხედში 12-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წუთით ადრე 7 ქულითაც დაწინაურდა, თუმცა გიორგი ლაშქარაძის გაწვრთნილმა გაუ-მ (მთავარი მწვრთნელი, რევაზ როგავა ამერიკაში, სამწვრთნელო სემინარზე იმყოფება) ბოლო წუთებზე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და თამაში ოვერტაიმში გადაიზარდა.

დამატებით ხუთწუთეულში ლეგიონერების ხარჯზე გაუ-მ მოახერხა გამარჯვების მოპოვება. გუნდს 31 ქულითა და 10 მოხსნით ენდრიუ ლუისმა ულიდერა. 26 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა აიზია სმოლმა, ლუკa ლიკლიკაძემ 18 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა მიითვალა. ორბში 32 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო კენი კუპერი. დონტრელ მაკ-ქუარტერმა 25 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.

დღეს, მორიგი შეხვედრა რუსთავში 17:30 საათზე გაიმართება, სადაც სათამაშოდ ქუთაისი ჩავა.