ორკვირიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგა განახლდა. მორიგი ტურის მატჩები 6, 7 და 8 დეკემბერს თბილისში, ქუთიასსა და რუსთავში გაიმართება. დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 2 შეხვედრა ჩატარდა: “ცხუმ-აფხაზეთი” “დინამოს” დაუპირისპირდა, ხოლო “ვერა” – “ოლიმპს”.
დაძაბული არც ერთ მატჩს არ ეთქმოდა. მეტნაკლებად დაიძაბა ვითარება მეორე მატჩში, როცა თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ოლიმპელები ვერელებს 6 ქულით (64:70) მიუახლოვდნენ, თუმცა თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში სოლიდურად მოლიდერე “ვერამ” მალევე დაიბრუნა 10-ქულიანი ჰანდიკაპი და შეხვედრის ბედი სათავისოდ გადაწყვიტა.
საერთოდ, სათქმელია, რომ ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა “ვერამ” სეზონის 3 წაგებით დაწყების შემდეგ საკუთარი თამაში იპოვა და ბოლო 3 შეხვედრაა, დაუმარცხებელია. გუნდს კარგად შეეწყო 3 ახალი ლეგიონერი – ჯალენ ბრედლი, ბრაისონ სკოტი და ჯოშ ჰავლი. სწორედ ამ მოთამაშეების ლიდერობითა და გივი ბაქრაძის დირიჟორობით ვერელებმა სათავისო სცენარით წარმართეს “ოლიმპთან” მატჩი და საბოლოოდ დამსახურებულად გაიმარჯვეს – 77:65 (სტატისტიკა).
დღეს გამართული პირველი მატჩი კი დაძაბულობისაგან საერთოდ დაცლილი იყო. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა “ცხუმ-აფხაზეთმა” დინამოელებს ისე სძლია, საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ წუთითაც არ დაუყენებია. ტაილერ გრინის უიშვიათესი სროლის პროცენტულობით ცხუმელებს არაფერი გასჭირვებიათ. მართალია, გუნდურად და ინდივიდუალურადაც კარგად თამაშობდნენ, თუმცა გრინის 9-დან 7 სამქულიანი, 5-დან 5 საჯარიმო და 1-დან 1 ორიანი უდიდესი ბონუსი აღმოჩნდა ჩერქეზიშვილის გუნდისთვის, რომელმაც საბოლოოდ 34 ქულით – 117:83 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და ლიდერებში გაერია.
სუპერლიგის მორიგი 2 მატჩი 7 დეკემბერს გაიმართება: “ტიტები” – თსუ ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება, “ქუთაისი” კი “მგზავრებს” უმასპინძლებს.