დასასრულს უახლოვდება სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი. უკვე ვიცით, რომელი 8 გუნდი გააგრძელებს საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას, თუმცა ვინ რომელ ადგილზე გავა და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, თუ ვინ დატოვებს სუპერლიგას, ჯერაც გაურკვეველია. ამ კითხვებზე პასუხს 13 აპრილს, 22-ე ტურის დარჩენილი 2 მატჩის დასრულების შემდეგ გაეცემა.
თუმცა იმ 4 გუნდის ვინაობა ვიცით, რომლებმაც სუპერლიგის ცხრილში კონკრეტული ადგილები დაიკავეს. შესაბამისად, ვიცით 2 საპლეიოფო წყვილი. ესენი არიან თსუ-რაში და ივერიონი-მარგვეთი. ამ გუნდებმა დღეს ითამაშეს ბოლო ტურის მატჩები და ცნობილი გახდა, რომ თსუ მე-3, ხოლო რაში მე-6 ადგილზე დაასრულებს სუპერლიგას და შესაბამისად, მეოთხედფინალურ სერიაში ერთმანეთს შეხვდებიან. ასევეა ივერიონისა და მარგვეთის ამბავიც. გორის გუნდი მე-4-ზე გავიდა, ხოლო ზესტაფონის – მე-5-ზე.
თსუ-ს მე-3 ადგილს ივერიონი ეცილებოდა, თუმცა სანამ გორის გუნდი რაშს უმასპინძლებდა, თსუ-მ თავისი თამაში უკვე მოიგო და ამან ყველაფერი გადაწყვიტა. უნივერსიტეტელები ქუთაისს ხვდებოდნენ და თუკი იმარჯვებდნენ, მე-3 ადგილს იკავებდნენ, რადგან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო გორს გამარჯვების შემთხვევაშიც სჯობდნენ.
თავის მხრივ, თსუ-ს ქუთაისის დამარცხებით მე-3 ადგილზე გასვლის გარანტია წინა მატჩში, ზესტაფონის მარგვეთის დამარცხებით მიეცა. 22-ე ტური პირველ მატჩში ვსა-მ დიღმის არენაზე ზესტაფონის გუნდს უმასპინძლა და 97:83 (სტატისტიკა) დაამარცხა. ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდს მოგება, ანაც წაგება არაფერს უწყვეტდა – ორივე შემთხვევაში ვსა რეგულარულს მე-2 ადგილზე ასრულებდა. ზესტაფონელებს კი გამარჯვების შემთხვევაში მე-3 ადგილზე გასვლის კარგი შანსი ჰქონდათ. მარგვეთი უგებდა კიდეც მეტოქეს, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა და მიუხედავად სხვა თამაშების შედეგებისა, მე-5 ადგილზე დაჯდა.
შესაბამისად, ივერიონი მე-3 ადგილს იმ შემთხვევაში დაიკავებდა, თუკი თსუ ქუთაისთან წააგებდა და თავად გორში რაშს დაამარცხებდა. არც ერთი არ გამართლდა: თსუ-მ 86:76 (სტატისტიკა) დაამარცხა უმოტივაციო ქუთაისი და მე-3 ადგილზე გავიდა. ქუთაისელებს პირველობა ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში გარანტირებული ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ მოქმედმა ჩემპიონმა დაასვენა 3 ლიდერი: გიორგი კორსანტია, აკაკი დვალიშვილი და ელაია ჯოინერი, ხოლო თსუ-ს ტრავმების გამო 2 წამყვანი მოთამაშე აკლდა – გიორგი ცინცაძე და ალექსანდრე ფევაძე.
ზეოთ ნახსენები შედეგების შემდეგ ივერიონს მოტივაცია დაეკარგა, რადგან რაშთან მოიგებდა თუ დამარცხდებოდა, რეგულარულს მაინც მე-4 ადგილზე ასრულებდა. რაშისთვის კი მოგება მე-6 ადგილზე გასვლას ნიშნავდა. ძალიან დაძაბული მატჩი ბოლო წამზე გიორგი ვახანიას ორქულიანით რაშმა მოიგო – 86:84 (სტატისტიკა) და მეოთხედფინალში თსუ-ს შეუწყვილდა.
დარჩენილ 2 მატჩში გაირკვევა ის გუნდი, რომელიც სუპერლიგიდან “ა” ლიგაში დაქვეითება და ისიც, რომელიც გადათამაშებაში დაიცავს უმაღლესი ლიგის საგზურს. ბათუმი ორბს ზესტაფონში მასპინძლობს, რადგან შინაური დარბაზი ტექნიკურად გაუმართავია, ხოლო თბილისში ამრა კსუ-ს ხვდება. ორბმა თუ მოიგო. აქ ბევ რი ვარიანტია, თუმცა ყველაზე რთულ სიტუაციაში რომ ამრაა, ცხრილიდანაც ჩანს. გაგრის გუნდი საკუთარ თავზე არაა დამოკიდებული, რადგან ორბმა თუ მოიგო, სუპერლიგიდან ვარდება. სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე, ორივე ეს მატჩი ერთდროულად – 14:30 საათზე დაიწყება.