2020 წლის ბოლო მატჩს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. სუპერლიგის აუტსაიდერმა “მგზავრებმა” “ვერას” 77:72 (სტატისტიკა) სძლია და ახალ წელს დადებითი განწყობით ხვდება. ანატოლი ბერიშვილის გაწვრთნილ მგზავრებს აქამდე მხოლოდ 1 მატჩი ჰქონდა მოგებული და მართალია, დღევანდელი გამარჯვების მიუხედავად ბოლო ადგილზე დარჩა, თუმცა კონკურენტებთან ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირა.
მგზავრები ამ გამარჯვებამდე კარგა ხანს მოდიოდა. ბოლო მატჩები ბერიშვილის გუნდმა ქუთაისთან (89:95), ცხუმ-აფხაზეთთან (83:85) და ოლიმპთან (79:81) დაძაბულ ბრძოლებში დათმო. თითქმის ყველა მატჩში გამარჯვება შეეძლო, თუმცა ბოლო წამებზე არ გაუმართლა. დაძაბული ბრძოლა გაჩაღდა ვერასთან მატჩშიც, რომელსაც მთელი შეხვედრის მანძილზე მგზავრები იგებდნენ, თუმცა ვერელებმა ბოლო წუთებზე მოახერხეს ვითარების დაძაბვა.
გივი ბაქრაძისა და ჯოშ ჰავლის სამქულიანების შემდეგ ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა ვერამ ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა – 72:75. თამაშის დასრულებამდე 1 წუთი რჩებოდა, თუმცა მგზავრების მოთამაშეებმა წინა შეხვედრების ბოლო წამებზე დაშვებული შეცდომები აღარ გაიმეორეს და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს.
გამარჯვებულებს 18 ქულით, 20 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით სოსო გოგნაძემ ულიდერა. 19 ქულითა და 7 მოხსნით ტეილორ ედვეი გამოირჩა, ხოლო ოთარ პერტაიამ თავი 9 ქულასა და 5 პასს მოუყარა. ვერაში 26 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო ბრაისონ სკოტი. 13 ქულა ჯალენ ბრედლიმ, ხოლო 12 ქულა და 10 მოხსნა ჯოშ ჰავლიმ მიითვალეს.