გუშინ თბილისში დაწყებული სუპერლიგის მე-10 ტური დღეს თბილისში გრძელდება. მორიგ მატჩში, რომელიც ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა, ერთმანეთს 2 დებიუტანტი გუნდი – თბილისის რაში და ტყიბულის ორბი დაუპირისპირდნენ. დებიუტანტის სტატუსის გარდა ამ გუნდებს შორის მატჩის პრინციპულობა სატურნირო ვითარების გათვალისწინებითაც განისაზღვრებოდა. ორივე გუნდს 3 მოგება და 5 მარცხი ჰქონდა. შესაბამისად, ცხრილშიც გვერდი-გვერდ იყვნენ და გამარჯვებით მიღებული ხეირი საკმაოდ სოლიდური იქნებოდა.
მატჩიც დაძაბული გამოდგა. განსაკუთრებით, მისი პირველი ნახევარი, რომელიც სტუმრებმა 42:40 მოიგეს. დიდი შესვენების შემდეგ ტყიბულის გუნდის წევრები კიდევ უფრო მოტივირებულები, უფრო მეტად შემართულები დაბრუნდნენ მოედანზე. ირაკლი ტომარაძემ ტაქტიკა შეცვალა და ტყიბულელებმა პრესინგის ზღვარზე დაცვა დააყენეს. ძალიან მჭიდრო და გაუვალი. თავად ორბი კი კონტრშეტევებზე გადაერთო, შორი სროლის შანსი თუ მიეცემოდათ, არც სამქულიანებს ერიდებოდნენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ კომპონენტში რაშის კალათბურთელები უფრო ჩუბინობდნენ. საბოლოო ჯამში რაშმა ორბზე 4-ით მეტი სამქულიანი ჩააგდო.
ორბმა მესამე პერიოდი 25:20 მოიგო და გადამწყვეტ ათწუთეულს 7-ქულიანი ლიდერობით შეხვდა. ბოლო წუთებში, როცა შეხვედრის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო და თამაშის მაქსიმალური დაძაბვა იყო მოსალოდნელი, ორბის კალათბურთელებმა ისე ითამაშეს, რომ გამარჯვებამდე ზედმეტი გართულებების გარეშე მივიდნენ. რაიან ჰოლანდმა, სოსო გოგნაძემ და მიხეილ ჭოჭუამ ბოლო პერიოდის შუაწელში მოგროვებული ქულებით ორბი უპირატესობა 18 (87:69) გაზარდეს და მატჩის ბედიც გაარკვიეს. საბოლოოდ ორბმა 91:67 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და მიმდინარე სუპერლიგაში მე-4 გამარჯვება მოიპოვა
ტყიბულის გუნდს 23 ქულითა და 12 მოხსნით ჯონ ნეიგლიმ ულიდერა. 16 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა რაიან ჰოლანდმა, ხოლო კენი კუპერის ანგარიშზე 15 ქულა და 5 პასი დაგროვდა. სეზონის ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა სანდრო სანაძემ, რომელმაც 32 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა. 17 ქულა ჰქონდა ვახტანგ გაფრინდაშვილს.