სუპერლიგის მე-11 ტური მარგვეთის გორში გამარჯვებით დასრულდა

სუპერლიგის მე-11 ტური მარგვეთის გორში გამარჯვებით დასრულდა

მე-11 ტურის ბოლო შეხვედრა დასრულდა, თუმცა პირველი წრე 28 დეკემბერს დასრულდება. დარჩენილია ერთადერთი – პირველი ტურის მატჩი, რომელიც გორის ივერიონსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს შორის ოქტომბერში უნდა გამართულიყო, თუმცა თსუ-ს ევროთასზე ასპარეზობის გამო გადაიდო.

მე-11 ტურის ბოლო მატჩში სწორედ ივერიონი მონაწილეობდა, რომელმაც გორში სუპერლიგის აუტსაიდერ ზესტაფონის მარგვეთს უმასპინძლა და 69:80 (სტატისტიკა) დამარცხდა. ორივე გუნდს ძალიან სჭირდებოდა გამარჯვება, თუმცა განსაკუთრებით მოტივირებული ზესტაფონელები იყვნენ, რომლებსაც მიმდინარე სუპერლიგაში ყველაზე ცოტა – 2 გამარჯვება ჰქონდათ მოპოვებული.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა მარგვეთმა ამ გამარჯვებით ხასიათი გამოიკეთა და ოპტიმისტურად განაწყო. მეორე წრიდან დაგეგმილია, რომ მარგვეთი საშინაო მატჩებს ზესტაფონში უმასპინძლებს და ჩერქეზიშვილის გაწვრთნილ გუნდს, ცხადია, მხურვალე ქომაგობაც არ მოაკლდება, რაც დამატებითი სტიმული და მოტივაცია იქნება.

რაც შეეხება გორში დღეს გამართულ მატჩს, იგი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი პერიოდის შემდეგ დარბაზში მისული ქომაგებიც ოპტიმისტურად განეწყვნენ. 25:15 დაწინაურებული ივერიონი ხელსაყრელ სიტუაციაში იმყოფებოდა, მაგრამ სწორედ შერჩეული ტაქტიკით, ცალკე საკალათბურთო ფორტუნის წყალობით, მარგვეთმა მეორე ათწუთეულში თამაშზე სრული კონტროლი დაამყარა. ზესტაფონელებს მთავარ მექულედ მაიკლ მეისი ჰყავდათ, რომელიც შორი სროლებითაა განთქმული, თუმცა ამჯერად მხოლოდ 2 სამქულიანი ჩააგდო. მისი ქულების უმეტესობა საჯარიმო ხაზზე მოდის, საიდანაც მაიკლმა 10-დან ყველა სროლა ჩააგდო. 

მარგვეთმა მეორე პერიოდი 25:6 მოიგო და 10-ქულიანი ჩამორჩენა 9 ქულიან ლიდერობად აქცია. ამის შემდეგ გორელებმა არაერთ გზას მიმართეს, რათა ვითარება გამოესწორებინათ, მაგრამ გამართულად მოთამაშე ზესტაფონელებს ეფექტური ვერაფერი დაუპირისპირეს. თამაში ისე დასრულდა, მარგვეთს ლიდერობას საფრთხე არაერთხელ დაემუქრა, თუმცა ჩერქეზიშვილის შეგირდებმა მასპინძელთა ყველა მიძალება მოიგერიეს და სუპერლიგაში რიგით მე-3 გამარჯვება მოიპოვეს. 

მოგების მთავარი შემოქმედი მაიკლ მეისი გახლდათ, რომელმაც თავი 28 ქულას მოუყარა. 15 ქულა და 12 მოხსნა ტაიშონ კროუფორდმა დააგროვა, 16 ქულითა და 9 მოხსნით გამოირჩა მარტი ჯექსონი. გორის გუნდში 30 ქულით, 6 მოხსნითა და 5 პასით საუკეთესო იყო კვენტინ ჰარდრიქი. 15 ქულა და 12 მოხსნა გეგო ბაქრაძის ანგარიშზეა.

სუპერლიგის ბოლო წლევანდელი მატჩი 28 დეკემბერს გაიმართება, რომელშიც თსუ გორის ივერიონს უმასპინძლებს.