სუპერლიგის მე-12 ტური რეგიონებში, სტუმართა გამარჯვებებით დასრულდა

სუპერლიგის მე-12 ტური რეგიონებში, სტუმართა გამარჯვებებით დასრულდა

სუპერლიგის მე-12, იგივე მეორე წრის პირველი ტური დასრულდა. ბოლო 2 შეხვედრას რეგიონებმა – ზესტაფონმა და ტყიბულმა უმასპინძლეს. ორივე ქალაქში უაღრესად პრინციპული მატჩები გაიმართა. ორივეგან ერთმანეთს ცხრილში მეზობლები ხვდებოდნენ და გამარჯვება თითოეული მათგანისთვის გვარიანი ბონუსი იქნებოდა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლდათ ტყიბულში გამართული შეხვედრა. ბოლო ადგილზე და შესაბამისად სუპერლიგიდან გავარდნის საფრთხის წინაშე მდგარი “ორბი” ცხრილში მის წინ მყოფ გაგრის “ამრას” ხვდებოდა და გამარჯვების შემთხვევაში უთანაბრდებოდა. ტყიბულელებს პირველ წრეში გამართული 10 მატჩიდან მხოლოდ 2 მოგება ჰქონდათ და მორიგი გამარჯვების მოსაპოვებლად უკეთეს შანსს ვერც მიიღებდნენ – შინ ეთამაშებოდნენ ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე მყოფ გუნდს, თუმცა…

“ამრამ” პირველი პერიოდის წაგების შემდეგ საკუთარი თამაში იპოვა და მეორეში მოპოვებული უპირატესობა დიდი შესვენებისთვის ლიდერობად აქცია – 46:45. მესამე პერიოდში გაგრელებმა გააგრძელეს მწყობრად თამაში – ლუკა მაზიაშვილი პერიმეტრიდან, ხოლო რომან ჭინჭარაული ფარქვეშიდან ბევრ პრობლემა უქმნიდა მასპინძლებს. ბოლო პერიოდის წინ ამრამ 3 ქულამდე გაზარდა ლიდერობა და ბოლო პერიოდშიც აღარ დაუთმო ტყიბულელებს. 

საბოლოოდ ამრამ 91:85 (სტატისტიკა) მოიგო და ბოლო ადგილზე დარჩენილ ორბს 2 ქულით დაშორდა. გამარჯვებულებს 16 ქულითა და 14 მოხსნით რომან ჭინჭარაულმა ულიდერა. 21 ქულითა და 8 პასით ლუკა მაზიაშვილი გამოირჩა. 17 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი ემანუელ ანსას ანგარიშზეა. ორბში საუკეთესო ლუკა ლიკლიკაძე იყო, რომელმაც 15 ქულა და 7 პასი დააგროვა. 17 ქულა რიკი კლემონსმა მიითვალა. 

ზესტაფონში გამართული მატჩიც საკმაოდ პრინციპული იყო. “მარგვეთი” “ბათუმს” ცხრილში ქულით უსწრებდა და ორივესთვის გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მარგვეთს მოგება მეორე ადგილზე მყოფ “ქუთაისთან” გაათანაბრებდა, ბათუმს კი – თავად მარგვეთთან. 

მასპინძლები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ. თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე მარგვეთი 8 ქულით – 84:76 იგებდა, თუმცა დავით ლომიძემ და ლუკა კალატოზიშვილმა დიდი ბრძოლისუნარიანობა და სიზუსტე გამოიჩინეს. მათი ქულებით ანგარიში 84:84 გათანაბრდა, დარჩენილ 40 წამში კი ბათუმელებმა კიდევ 4 ქულა ჩააგდეს და შეხვედრა 88:84 (სტატისტიკა) მოიგეს. აჭარულმა გუნდმა მატჩის ბოლო 3 წუთი 12:0 მოუგო ზესტაფონელებს.

ბათუმელთაგან 31 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო ლუკა კალატოზიშვილი. 17 ქულა, 8 პასი და 5 ქულა ლუკა ბულიავამ მოაგროვა. 20 ქულა ბათუმელთა ახალწვეულის, კეილენ უილიამსის ანგარიშზე დაგროვდა. ზესტაფონელთაგან 23 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო იყო აკოლ მავეინი, ახალწვეული დემეტრიუს ლეიკის ანგარიშზე 24 ქულა დაგროვდა. 

სუპერლიგის მე-13 ტური 8 და 9 თებერვალს თბილისში, გორში, გურჯაანსა და ბათუმში გაიმართება.