გურჯაანის დელტას მიმდინარე სუპერლიგაში ყველაზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული და ყველაზე მეტი მოგებაც მის ანგარიშზეა. კახეთის წარმომადგენელმა მორიგი, მე-9 ტური საშინაო მატჩით გახსნა და გაუსაჩივრებელი გამარჯვება მოიპოვა. ირაკლი ხოშტარიასა და საბა ზაქრაძის გაწვრთნილმა გურჯაანელებმა ზესტაფონის მარგვეთს უმასპინძლეს და წყვილ-წყვილი ანგარიშით – 99:66 (სტატისტიკა) იმარჯვეს.
მიმდინარე სუპერლიგაში გუნდების ძალთა თანაფარდობა იმდენად თანაბარია, 30-ქულიანი სხვაობით თამაშები იშვიათი გამონაკლისების გარდა ფაქტობრივად არ მთავრდება. დელტამ კი მარგვეთი 33 ქულით დაამარცხა, რითაც ისედაც პირველზე მყოფმა ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. უახლოეს მდევარ ქუთაისს გურჯაანელები 3 მოგებით უსწრებენ, თუმცა 2 თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული. სატურნირო ვითარებას ჩავუღრმავდით და აღვნიშნოთ, რომ დაკარგული ქულებით სუპერლიგის ლიდერი სულ სხვა გუნდი – თსუ-ა, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში ერთი წაგება აქვს.
რაც შეეხება გურჯაანში დღეს გამართულ მატჩს, პირველი ტაიმის შემდეგ ვერაფრით იტყოდით, რომ შეხვედრა ამხელა სხვაობით დასრულდებოდა. მართალია, დელტამ პირველი პერიოდი მოიგო, თუმცა მეორე ათწუთეულში ზესტაფონელებმა აღარ დათმეს და ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს – 46:43. დიდი შესვენების შემდეგ მოედანზე თითქოს სხვა გუნდები გამოვიდნენ. დელტას მოთამაშეებმა რაც დაგეგმეს, ყველაფერი შეასრულეს. ათწუთეული გურჯაანელებმა 27:8 მოიგეს, ბოლო მეოთხედის წინ 22 ქულით დაწინაურდნენ და მატჩის ბედი გადაწყვიტეს.
სპორტული ინტერესისგან დაცლილ ბოლო პერიოდში ადგილობრივი გულშემატკივრების ქომაგობით შეგულიანებულმა გურჯაანელებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და დამსახურებული გამარჯვება მიითვალეს. დელტაში სარგებლიანობით საუკეთესო ტერი კოლინსი იყო – 16 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი, 4 ჩაჭრა. 24 ქულით ბომბარდირი ოთარ ფხაკაძე გახდა, ხოლო ჯარვის რეიმ 14 ქულა მიითვალა. ზესტაფონის გუნდში 19 ქულითა და მისთვის მცირე 7 მოხსნით ტაიშონ კროუფორდი გამოირჩა. 14 ქულა და 7 მოხსნა მარტი ჯექსონმა მოაგროვა.
სუპერლიგის მე-9 ტურის 3 შეხვედრა შაბათს, 9 დეკემბერს თბილისში (კავკასია-რაში), ტყიბულსა (ორბი-ქუთაისი) და გორში (ივერიონი-რუსთავი) გაიმართება. ტურს კვირას ბათუმისა და გაუ-ს აჭარაში დაგეგმილი შეხვედრა დაასრულებს.
ფოტო: BC Delta Gurjaani