სუპერლიგის 31-ე გათამაშება დაიწყო.ბოლო წლებია, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 11 გუნდი გამოდის და ტრადიცია არც წლეულს გარღვეულა. 11 გუნდი 2 წრედ, გასვლა-სახლის პრინციპით ითამაშებს და თითოეულ გუნდს რეგულარულ ჩემპიონატში 20 მატჩის ჩატარება მოუწევს, რის შემდეგაც 8 საუკეთესო პლეი ოფში გავა და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან დაიწყებს.
სუპერლიგის 2022-2023 წლების სეზონის პირველ მატჩში ერთმანეთს ვერა და კაკტუსი შეხვდნენ. მატჩი საკმაოდ დაძაბული და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე გამოვიდა. ლიდერი 15-ჯერ შეიცვალა, ხოლო თანაბარი ანგარიში 10-ჯერ დაფიქსირდა. უმეტესწილად ვერელები იგებდნენ, თუმც პერიოდულად კაკტუსიც გავიდოდა ხოლმე წინ.
ბოლო პერიოდის წინ ვერა 2 ქულით იგებდა, თუმცა ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა კაკტუსელებმა მოახერხეს და დასკვნით წუთებზე მეტოქეზე მეტი სიზუსტე გამოავლინეს. ვერელთა მწვრთნელი, დავით გასიტაშვილი ეცადა, წუთშესვენებები აიღო და მეტოქეს შესაბამისი ტაქტიკაც დაუპირისპირა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება კაკტუსს დარჩა – 73:69 (სტატისტიკა).
გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო გუნდის ახალი ამერიკელი ლეგიონერი რაიან ალენი, რომელმაც 28 ქულა, 6 პასი და 6 მოხსნა მიითვალა. 12 ქულა და 7 მოხსნა ჯეისონ კოპმანმა მოაგროვა, მაილს დენიელსის ანგარიშზე კი 12 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. ვერაში 14-14 ქულა ჯამირ კოულმენმა და მარტის კიმბრომ მიითვალეს. 13 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი ლუკა ზაქრაძის ანგარიშზეა.