დასრულდა საკალათბურთო სუპერლიგის პირველი წრე – მხოლოდ 1 მატჩი ნაკლულობით, რომელიც 27 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო და გორის ივერიონის მენეჯერის ტრაგიკული გარდაცვალების გამო გადაიდო. შესაბამისად, ივერიონსა და მის მეტოქე რაშს სხვებთან შედარებით ერთით ნაკლები, 9 მატჩი აქვთ ჩატარებული და გამოტოვებულ მატჩს სავარაუდოდ იანვარში ჩაატარებენ.
პირველი წრის ბოლო შეხვედრა მეტად პრინციპული იყო. ერთამენეთს ცხრილში თანაბრად მყოფი მარგვეთი და ვსა ხვდებოდნენ. მასპინძელი მარგვეთი იყო, თამაში ზესტაფონში გაიმართა და ამის გათვალისწინებით მცირე უპირატესობა მასპინძლებს ჰქონდათ, თუმცა პროგნოზები არ გამართლდა. ვსა-მ დალაგებულად და შესაბამისად, შედეგიანად ითამაშა. შეიძლება ითქვას, რომ პირველი წრის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და დამსახურებული გამარჯვებით ახალ წელს მე-2 ადგილზე ხვდება.
7 მოგებითა და 3 მარცხით დავით ნოზაძის გაწვრთნილი ვსა მეორე ადგილზეა. მის წინ მხოლოდ თსუ-ა, რომელიც 8 მატჩი წაუგებლად მიდიოდა და ბოლო 2 შეხვედრა დათმო. მე-3, მე-4 და მე-5 ადგილებზე შესაბამისად მარგვეთი, ქუთაისი და გურჯაანი მოდიან, რომლებსაც 6 მოგება და 4 მარცხი აქვთ.
რაც შეეხება ზესტაფონში გამართულ მატჩს, მისი ბედი მეორე ნახევარში გაირკვა, მანამდე კი თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. ვსა-მ, რომელსაც ტრავმების გამო ძმები რევაზიშვილები და ეროვნული ნაკრების წევრი, დავით კაკუშაძე აკლდა, ფაქტობრივად 6 კალათბურთელით ითამაშა, რაც ამ გუნდის მოგებას დამატებით ელფერს მატებს. აქვე უნდა აღინიშნოს ზესტაფონელთა სოლიდური დაკანლისიც: გუნდს ამ თამაშში დაუშავდა სუპერლიგის ნოემბრის MVP მელიკ მარტინი, რომელმაც მხოლოდ 9 წუთი ითამაშა, ხოლო კაპიტანი სანდრო სანაძე ეროვნული ნაკრების ვარჯიშებზე მიღებული ტრავმის შემდეგ ჯერაც ვერ მომჯობინდა.
შეუჩერებელი იყო ანზორ ნადირაძე, რომელსაც სამწამიანში ზურგს შაქუან ჯულსი და ქსავიერ ჰილ-მეისი უმაგრებდნენ. სამივემ ორმაგი დუბლი გაიფორმა, რაც გახდა კიდეც გადამწყვეტი. ვსა-მ 52 ბურთი მოხსნა, მარგვეთმა – 34. ამით ყველაფერი ნათელად ჩანს, თუ რატომ იმარჯვა თბილისურმა გუნდმა ზესტაფონში – 94:78 (სტატისტიკა).
სუპერლიგაში პაუზა გამოცხადდა და თამაშები თებერვლის დასაწყისიდან განახლდება. მანამდე გუნდები ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალს და საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალებს მოილევენ.