სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. დარჩნილია 3 მატჩი და მხოლოდ ისაა გასარკვევი – II და III ადგილებს ვინ დაიკავებს. დანარჩენი ადგილების მფლობელები გარკვეულია:
- ქუთაისი
- კაკტუსი (ან დინამო)
- დინამო (ან კაკტუსი)
- რუსთავი
- ბათუმი
- ოლიმპი
- მგზავრები
- მარნეული
- სოხუმი
იხილეთ: სატურნირო ვითარება
“კაკტუსი” ბოლო ტურში “მგზავრებს” ხვდება და თუ მოიგებს, მეორე ადგილზე გავა, მესამე ადგილი კი “დინამოს” დარჩება. დინამოელებმა დღეს ოლიმპიურ სასახლეში რეგულარულის ბოლო მატჩი გამართეს და უმოტივაციო “ბათუმს” იოლად – 89:49 მოუგეს. ბათუმელებისთვისაც რეგულარულის ბოლო მატჩი იყო ეს და მიუხედავად იმისა, რომ ქულით ჩამორჩენილ “ოლიმპს” რუსთავში აქვს სათამაშო, რომც მოიგოს, აჭარელულ გუნდს ვერ გაუსწრებს. თანაბარი ქულების შემთხვევაში, “ოლიმპსა” და “ბათუმს” შორის ქიშპი, ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით, ზღვისპირელების სასარგებლოდ გადაწყდება.
რაც შეეხება მეორე-მესამე ადგილების განაწილებას. “კაკტუსმა” რომ ბოლო ტურში იმარჯვოს, “დინამოს” ქულით გაუსწრებს და მეორეზე დაჯდება. თუკი წააგებს, მესამეზე გავა (რუსთავმა რომც იმარჯვოს, მაინც). “კაკტუსი” “დინამოსთან” ურთიერთშეხვედრებში აგებს, ხოლო თუკი 3 გუნდი (დინამო, კაკტუსი, რუსთავი) თანაბარ ქულებს დააგროვებენ, “დინამო” მოწინავე, ანუ მეორეადგილოსანი გახდება, მესამეზე “კაკტუსი” განთავსდება, “რუსთავს” კი ყველა ვარიანტში მე-4 ადგილი ელის (მნიშვნელობა არ აქვს, დაამარცხებს თუ არა “ოლიმპს”).
ყოველივე ზემოთთქმულიდან, გარკვეულია მეოთხედფინალის 2 წყვილი: ქუთაისი – მარნეული და რუსთავი – ბათუმი. ბოლო ტურში “კაკტუსმა” “მგზავრებს” რომ მოუგოს, მეოთხედფინალში მასვე შეხვდება, ხოლო წაგების შემთხვევაში, კაკტუსელებს “ოლიმპი” ელით. შესაბამისად, “დინამოს” მეოთხედფინალში ის გუნდი შეხვდება, რომელიც “კაკტუსს” აცდება.
დინამო – ბათუმი
სტატისტიკა: 89:49