სუპერლიგის სეზონი შსს-სა და ბათუმის მატჩით გაიხსნა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

საქართველოს 22-ე ეროვნული ჩემპიონატი დღეს თბილისის
სპორტის სასახლეში დაიწყო. სუპერლიგის ახალი, 2012-13 წლების სეზონის პირველ მატჩში 

ერთმანეთს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და ბათუმის გუნდები დაუპირისპირდნენ.

გამარჯვება აკადემიელებს დარჩათ, რომლებიც 3 ლეგიონერით არიან გაძლიერებულები და შესაბამისად,
ამბიციაც შესაბამისი გააჩნიათ.

ბათუმელებმა თავდაპირველად გარკვეული წინააღმდეგობა
გაუწიეს აკადემიელებს და პირველი მეოთხედი 12:19 დათმეს, თუმცა მეორე ათწუთეულში შსს-ელები
გააქტიურდნენ და ეს შედეგზეც აისახა. თბილისური გუნდის უპირატესობამ 20 ქულას მიაღწია,
ამას ზღვისპირელთა ცენტრის, გიორგი ყველაშვილის 5 პერსონალურიც დაერთო და სტუმრები
კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩდნენ. პირველი ტაიმი „შსს-აკადემიამ“ 47:24 მოიგო და მატჩის
ბედიც, ფაქტობრივად, აქ გაირკვა.

მესამე მეოთხედში ბათუმელებმა მეორე კალათბურთელიც მოისაკლისეს.
მე-5 პერსონალური მიიღო და სათადარიგოებში გადაინაცვლა ავთანდილ ელიაშვილმა. შსს-ს
უპირატესობა კი იზრდებოდა და მესამე მეოთხედის ბოლოს სხვაობამ 33 ქულას მიაღწია –
69:36. დარჩენილ ათწუთეულში აკადემიელთა მწვრთნელმა გიორგოს კეცელიდისმა მოედანზე ძირითადად
სათადარიგოები, შსს-ს ასაკობრივი გუნდების წევრები (მირზიაშვილი, ისიანი, როგავა მანამდეც
თამაშობდა) შეუშვა და მშვიდად მივიდა გამარჯვებამდე. აღსანიშნავია ბათუმელთა 19 წლის
ნიკა რამიშვილის შედეგიანობა, რომელმაც ბოლო მეოთხედში 15 ქულა 5 ზუსტი სამქულიანით
მოაგროვა, მთლიანობაში კი 18 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა.

„შსს-აკადემიაში“ 10-ქულიან ზღვარს ხუთმა კალათბურთელმა
მიაღწია, რომელთაგან 15 ქულით საუკეთესო იყო ზვიად ანთაძე. ამერიკელმა კირკ არჩიბალდმა
აკადემიელებს 14 ქულა შესძინა, მისმა თანამემამულე ჩად პრევიტმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა
– 13 ქულა, 10 მოხსნა.

მომდევნო მატჩში, რომელიც 14 საათზე დაიწყო, ერთმანეთს
„ოლიმპი“ და „სოხუმი“ ხვდებიან.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
გეორგის კეცელიდისი (შსს აკადემია): უპირველეს ყოვლისა ყველას გილოცავთ ახალი სეზონის დაწყებას. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ვფიქრობ ბიჭები ცოტა გადაღლილები არიან, რადგან შეკრება 24 აგვისტოს დავიწყეთ და ხშირად დღეში 3 ვარჯიშს ვატარებდით.  დღევანდელი მატჩით და ახალი ლეგიონერებით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ,  ჩვენ ისეთი უცხოელი კალათბურთელები დავიმატეთ, რომელბიც დიდ დახმარებას გაგვიწევენ და ძალიან გამოგვადგებიან. მათი წყალობით წინა სეზონისგან განსხვავებით, წელს გუნდში სიტუაცია მეტად დალაგებულია, რასაც რმოგეხსენებათ დიდი მნიშვნელობა აქვს.  მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა მოთამაშეს დღევანდელი მატჩისთვის და განსაკუთრებით ახლაგაზრდა მოთამაშეებს, რომელბმაც მთელი ზაფხულის მანძილზე  უდიდესი შრომა  გაწიეს.  დიდი მადლობა ახალგაზრდა კალათბურთელებს ვილი ისიანსა და მერაბ მირზიაშვილს, რომლებმაც დღეს პირველად იასპარეზეს უმაღლეს ლიგაში.  
მიხეილ კობეშავიძე (ბათუმი):  მივულოცავ შსს კადემიას  დღევანდელ გამარჯვებას. სასიხარულოა რომ სუპერლიგაში ასეთი ძლიერი გუნდები ასპაროზობენ. ასევე მისასალმებელია უცხოელი ლეგიონერების სიმრავლე. ჩვენს გუნდს რაც შეეხება, ვეცდებით ბოლომდე ვიბრძოლოთ, თუმცა რა გამოვა ვერაფერს გეტტვით. სამწუხაროდ შემადგენლობის გაძლიერების საშუალებას ამ ეტაპზე ფინანსური მდგომარეობა ვერ გვაძლევს. ამავე  პრობლემის გამო ვერ მივიღეთ დუდუ დადიაი მემორიალში მონაწლეობა. აქედან გამომდინარე  გუნდებზე ჯერ ვერ გეტყვით,  ვნახე მხოლოდ შსს აკადემიის თამაში და ვთვლი რომ წლევანდელ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და პლეიოფშიც იაპარეზებს.
 ჩად პრევიტი: დღითიდღე უფრო და უფრო ძლიერი გუნდი ვხდებით, რაც ყოველდღიური ვარჯიშების დამსახურებაა. ახალგაზრდა მოთამაშეები ძალიან მონდომებულნი არიან და  სწრაფად ვითარდებიან. 
 გიორგი ნანიტაშვილი:  ბიჭები ჯერ  არ ვართ შეთამაშებულნი, თუმცა ვფიქრობ ეს  პრობლემა მალე გამოსწორდება და უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ.