დღეს სამ სხვადასხვა ადგილას სუპერლიგის მე-6 ტურის 3 მატჩი ჩატარდა. 2 მატჩი დედაქალაქში გაიმართა, ერთიც – ზესტაფონში. დავიწყოთ თანმიმდევრობით და გაგრის “ამრასა” და გორის “ივერიონის” მატჩზე ვთქვათ. ეს გახლდათ მატჩი 12 ტექნიკური ჯარიმით, რაც მიმდინარე სეზონში სარეკორდოა.
სატურნირო თვალსაზრისით ფავორიტად ივერიონი ითვლებოდა, რომელსაც 5 ტურის შემდეგ 3 მოგება ჰქონდა, ხოლო ამრას ერთადერთი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული. სწორედ უხეირო სტარტის გამო გაგრის გუნდში მთავარი მწვრთნელი შეიცვალა და ივერიონთან დებიუტი ჰქონდა სერბ სპეციალისტს, დეიან პროკიჩს.
პროკიჩის დებიუტი წარმატებული გამოდგა და ამრამ 97:82 (სტატისტიკა) დაამარცხა ივერიონი. პირველი ნახევარი მთლიანად გორელების უპირატესობით წარიმართა. რევაზ როგავას გაწვრთნილი გუნდი ხან მცირედით, ხანაც ხელჩასაჭიდად უგებდა ამრას, რომელმაც ანგარიში ზედ დიდი შესვენების წინ გაათანაბრა – 48:48.
მესამე პერიოდი გამოდგა გარდამტეხი. გორელებს ტექნიკური და უბრალო ჯარიმების გამო მოედნიდან რამდენიმე მოთამაშე გაუვარდათ. ასევე მოედანი დატოვა დისკვალიფიცირებულმა გორელთა ასისტენტმა მწვრთნელმა, გიორგი ლაშქარაძემ. მესამე პერიოდი ამრამ 20 ქულით – 37:17 მოიგო და მატჩის ბედი გადაწყვიტა. სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა რომან ჭინჭარაულმა, რომელმაც სამწამიან ზონაში ყველა ოპონენტი დაჩაგრა და გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. საბოლოოდ მან 20 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
მეორე მატჩში იმერული გუნდები შეხვდნენ. ზესტაფონში “მარგვეთმა” “ქუთაისი 2010”-ს უმასპინძლა და სეზონში მე-3 გამარჯვება მოიპოვა. ქუთაისელთა მარცხი უბრალო ამბავი არაა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი იმერული კლუბი ამ სეზონში ფიბა ევროპის თასზე გამოდიოდა, სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონია და ახლაც, ცხადია, პირველობას უმიზნებს. ზესტაფონმა კი მერამდენედ დაამტკიცა, რომ ნებისმიერ მეტოქესთან მოგება შეუძლია, მით უფრო, საკუთარ დარბაზში.
ქუთაისი თავიდან იგებდა, მაგრამ შემდეგ თამაში გათანაბრდა და ბოლო პერიოდამდე გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ბოლო პერიოდში, დასრულებამდე 6 წუთით ადრე ანგარიში თანაბარი იყო – 78:78, როცა მალიკ მარტინმა მასპინძელთა მომდევნო 10 ქულიდან 8 ჩააგდო და ზესტაფონელები 10 ქულით – 88:78 დააწინაურა. ამის შემდეგ ირაკლი ძიძიგურისა და ვატო თევზაძის გაწვრთნილმა გუნდმა თამაში ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. ზესტაფონმა 95:88 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და მიმდინარე სუპერლიგაში 3 მოგებითა და ამდენივე მარცხით ივერიონს გაუთანაბრდა
დაბოლოს, სუპერლიგის დებიუტანტ ვსა-ს მორიგი წარმატებული მატჩი. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდიდან წასული მთავარი მწვრთნელის, ბორის პეტეს ადგილი მისმა ასისტენტმა, დავით ნოზაძემ დაიკავა, რომელსაც მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა. ვსა-მ გურჯაანის “დელტას” უმასპინძლა და დამაჯერებლად – 91:73 (სტატისტიკა) დაამარცხა. ეს ვსა-ს მე-3 გამარჯვება გახლდათ მე-5 მატჩში და სუპერლიგის დებიუტანტი გუნდი ლიდერთა შორისაა.
სუპერლიგის მე-6 ტურის ბოლო შეხვედრა 1 დეკემბერს, ბათუმში გაიმართება, სადაც სათამაშოდ ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი თსუ ჩავა.